ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ასეთი აურზაური ქართულ ოპოზიციაში არასოდეს ყოფილა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრჭყალები უკვე გამოაჩინა და როგორც ადრე ვწერდით, პირველი ვიოლინოს როლი ბოლომდე შეითავსა. ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია დანარჩენ ოპოზიციას ულტიმატუმებით ესაუბრება – ან მოგვყვებით ჩვენ და ჩვენს გეგმას, ან არადა ცალკე ხართ. აი, ცალკე ვერცერთი ფინანსურად თუ ადამიანური რესურსით რომ ვერ გაქაჩავს, კარგად იციან და ამიტომ, ნაციონალების გეგმის გარშემო, უხმო მორჩილებით პარტიები ნელ-ნელა ერთიანდებიან. ერთადერთი „ლელოა“, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს რაღაცას, მაგრამ მამუკა ხაზარაძის პარტიის რიგებიც არაერთმა ადამიანმა დატოვა, რადგან ბატონმა მამუკამ ყველაზე კარგად ფინანსები იცის და რაღა თქმა უნდა, რეგიონულ ორგანიზაციებს არაფრის კეთებაში არაფერს უხდის, მუქთად კიდევ საქართველოში დიდი ხანია, არავინ მუშაობს.
ნაციონალური მოძრაობის სამომავლო სქემასა თუ გეგმაზე, „ევროპული საქართველოც“ უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი გიგა ბოკერია წავიდა. როგორც გვეუბნებიან, ბოკერია კი არადა, თამარ ჩერგოლეიშვილს ლამის დაუნგრევია იქაურობა, ისევ მიშას ხელის ბიჭებად უნდა იქცეთ, ისევ მისი მითითებები უნდა შეასრულოთ, ამას არ დავუშვებო. ჰოდა, პარტიის ლიდერებმა ნელ-ნელა გაცლა ამჯობინეს და თან როგორმა ლიდერებმა? ოთარ კახიძემ კარგა ხანია გაინაპირა (ამბობენ, სწორედ ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირების გამოო), წავიდა ელენე ხოშტარია, ახლა კი ბაქრაძე, ჭიაბერაშვილი და უგულავა მიჰყვნენ. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ლიდერთა წასვლამდე, გიგა ბოკერიამ მკაფიოდ განაცხადა – არ მაქვს ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებდესო. ეს არამარტო მინიშნება, არამედ დამოკიდებულებაც იყო ამ ადამიანების მიმართ. მართალია, შემდეგ ბოკერიამ განცხადება შეარბილა, აქაოდა, ეს წასვლას კი არა, გაქცევას უფრო ჰგავსო, მაგრამ სათქმელი უკვე ითქვა და „ევროპულ საქართველოში“ ერთხელისუფლებიანობა და მატრიარქატი ერთდროულად დამყარდა. რას იზამენ გუნდიდან წასულები, ძნელი გამოსაცნობი არაა. ისინი იტყვიან, არ ვასოცირდებით არცერთ პარტიასთანო, მაგრამ აუცილებლად მივლენ ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციებზე და ნელ-ნელა დედა-პარტიას დაუბრუნდებიან. პრინციპში, ბაქრაძესთვის დედა-პარტია ნინო ბურჯანაძის გუნდია, მაგრამ საეჭვოა, მან თავი საბოლოოდ დაისამაროს და ბურჯანაძესთან წავიდეს. იგივეს იზამს გიგი უგულავაც და დედაქალაქის ყოფილმა მერმა აკი აღიარა კიდეც, სააკაშვილს შევხვდიო. ახლა, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე უგულავამ მხოლოდ უკრაინის პრობლემებზე ისაუბრა, გულუბრყვილოა. ჭიაბერაშვილი კი… გაიხსენეთ მისი საათის ისტორია, გაიხსენეთ სახე, როგორიც ჭიაბერაშვილს ჰქონდა, როცა სააკაშვილმა საკუთარი საათი უსახსოვრა და მიხვდებით, რომ ის არსად წასულა. იმასაც ამბობენ, „ევროპული საქართველოდან“ წამოსულებმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნანო, მაგრამ ეს ცალკე შეცდომა იქნება, რადგან ახალ პარტიას, ახალი ფინანსები და რაც მთავარია, ადამიანური რესურსი სჭირდება, რომელიც ცალ-ცალკე აღებული, არცერთს არ აქვს.
ამ ყველაფრიდან მოგებული კი, რაღა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩა. გარედან არ ჩანს, თუმცა თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის შემდეგ, ნაცმოს შიდა სამზარეულოში უმკაცრესი კონტროლი დაწესდა არამარტო დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე, არამედ ინფორმაციის გატანაზეც. მელია დამოუკიდებლად ცდილობს ბევრი რამის კეთებას…
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები