14 წლის ნინისთან სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი მუშაობდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოცმუშაკია. ის ნინის ბოლოს 4 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, 10 თებერვალს კი 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.
„ბათუმელები“ ესაუბრა სოციალურ მუშაკს, რომელიც 14 წლის ნინისთან მუშაობდა. ნინის დაღუპვის შემდეგ ეს სოცმუშაკის პირველი ინტერვიუა.
- ქალბატონო თამარ, რა ახალი გარემოებაა თქვენთვის ცნობილი ნინის საქმესთან დაკავშირებით? მედიაში გაჟღერდა, თუმცა ეს არ დაუდასტურებია შსს-ს, რომ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნები. საუბარია ექსპერტიზაზე, რომელსაც 14 წლის მოზარდი ელოდა და 2 თვის განმავლობაში ვერ დადგინდა სიმართლე.
პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვხატო ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. ბოლო დღეებში ბევრი ცილისმწამებლური და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა, რასაც ვგმობ და ყველას მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისკენ. ასევე მინდა მივმართო მშობლებს, რომ შეცდომები ჯერ საკუთარ თავში ვეძიოთ და მერე სხვასთან.
თქვეს ისიც, რომ თითქოს ჩემი ნათესავია ბრალდებულის ოჯახი და ინტერესი მქონდა. ვიტყვი, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან ვარ და აქ ახლო ნათესავები საერთოდ არ მყავს.
რაც შეეხება საქმეს, ჩემთვის ადრე და ახლაც არ არის ცნობილი გამოძიების დეტალები. ჩემს სამსახურში არც იურისტია ქობულეთში. ვიცოდი, რომ გამოძიება იყო დაწყებული 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.
მე ვესწრებოდი ნინის გამოკითხვებს, როგორც საპროცესო წარმომადგენელი. ნინი ჩემთან ერთად აძლევდა ჩვენებას გამომძიებელს. გამოკითხვას სხვა არავინ არ დასწრებია.
მე ჩავერთე ამ საქმეში 10 დეკემბრიდან, როცა შსს-მ ოფიციალურად მოგვმართა საპროცესო წარმომადგენლობის თხოვნით. ნინის პოლიციის განყოფილებაში შევხვდი 10 დეკემბერს, თუმცა მანამდეც ვიცნობდი, რადგან ჩვენ მასზე მზრუნველობა გვქონდა დანიშნული. მას მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედა კი საქართველოში არ იმყოფებოდა ბოლო 11 წელია.
- რა უთხრა ნინიმ გამომძიებელს, რის თქმა შეგიძლიათ?
ნინი ამბობდა, რომ 2020 წლის ივნისში გაიცნო ბიჭი, რომელსაც ნოემბერში შეხვდა… პერსონალური მონაცემების გამო არ შემიძლია სრულად აღვწერო, თუმცა გეტყვით, რომ ნინი მშვიდად ჰყვებოდა ამ ბიჭთან მიმოწერის დეტალებს, რას ჰპირდებოდა ის, შემდეგ როგორ ვეღარ ახერხებდა კონტაქტს და როგორ იგრძნო თავი მოტყუებულად. ნინი ამბობდა, რომ ამ ბიჭთან ერთად ოჯახის შექმნა სურდა, ეს დაპირება მიიღო და შემდეგ მოატყუეს. ნინის პოზიცია იყო ბიჭის დასჯა. მისივე თქმით, მას 4 დეკემბრის შემდეგ არავითარი კავშირი ბრალდებულთან აღარ ჰქონია.
ნინის ამ აღწერის დროს არ უხსენებია ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა. გარეგნულად მას არ ეტყობოდა არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი. მე ვაკვირდებოდი მის საუბარს. ნინის არ ეტყობოდა შფოთვა, ტირილის მცდელობა, ღელვა, ქაოსური საუბარი, ან სხვა რაიმე ისეთი ფაქტორი, რასაც საგანგაშოდ მივიჩნევდი. ჩვენების მიცემის შემდეგ მე ცალკე ვესაუბრე ნინის და კონკრეტული სერვისები შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა.
- კონკრეტულად რა შესთავაზეთ ნინის?
შევთავაზე ფსიქოლოგთან შეხვედრა, ასევე სხვა ოჯახში მინდობით გადაყვანა, თუკი ოჯახში კარგად არ გრძნობდა თავს, მაგრამ ნინის არ სურდა სხვაგან წასვლა, ფსიქოლოგზეც უარი მითხრა.
- არ გამორკვეულა ნინიზე რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა? იმუშავეთ ამის დადგენაზე?
მე ნინის არაერთხელ დავუსვი შეკითხვა ოჯახის წევრებზე, რას ეუბნებოდნენ ისინი, ვესაუბრე ოჯახის სხვა წევრებს და მის მზრუნველსაც [მზრუნველობა სამართლებრივად არასრულწლოვანზე მის დას ჰქონდა]. არ დამინახავს რაიმე რისკი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ნინი იყო ან გახდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი… იყო თუ არა რაიმე სახის ძალადობა, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივა იყო.
- 10 დეკემბრიდან 10 თებერვლამდე რამდენჯერ შეხვდით ნინის და სად?
ამ პერიოდში მე ოთხჯერ ვიყავი ნინისთან ოჯახში, ხოლო ორჯერ პოლიციის განყოფილებაში შევხვდი.
4 თებერვალს ის ისევ გამოკითხეს დამატებით, რადგან გამოძიებას ჰქონდა კითხვა ფეხის არეში სისხლჩაქცევაზე. ნინიმ გამომძიებელს უთხრა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი.
იყო სხვა დეტალებიც, რაზეც პერსონალური მონაცემების გამო ვერ ვისაუბრებ.
- ესაუბრებოდით თუ არა ბაბუას, რომელმაც ნინის გარდაცვალების შემდეგ თქვა თავისი დანაშაული გამოისყიდაო. ამ დამოკიდებულებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ნინიზე იძალადებდნენ ოჯახშიც.
ბაბუას ჩემთან ვიზიტის დროს არ დაუფიქსირებია მსგავსი მოსაზრება, არ ჰქონია ისეთი ქცევა, რაც მაფიქრებინებდა ძალადობაზე. ის წუხდა ამ მდგომარეობის გამო და ამას გამოხატავდა.
ჩვენ მას [ბაბუას] ვუთხარით, რომ ნინის მოკიდებოდა სიფრთხილით და არ უნდა შეეხსენებინა მისთვის ტრავმა. ვთხოვეთ, რომ არ ესაუბრათ ამაზე. ბაბუას და ოჯახის წევრებს ასევე ვთხოვეთ, რომ ნინის მიმართ განსაკუთრებული თანადგომა გამოეხატათ. ჩავთვალე, რომ ბაბუამ ადეკვატურად აღიქვა ჩვენი მოთხოვნები.
როცა ბავშვია ძალადობის მსხვერპლი, მსგავს შემთხვევებში, შესაძლოა მოზარდი სრულად ან პირდაპირ არ მოგიყვეს ძალადობის შესახებ, მაგრამ რაღაც მინიშნება უნდა არსებობდეს მცირედი ვინმესგან მაინც. არც სკოლას შეუტყობინებია ჩვენთვის, რომ ნინიზე ძალადობდნენ.
- რაც შეეხება ნინის დედას – მან ჟურნალისტებს მიაწოდა მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ ის სოციალურ მუშაკს სთხოვს დახმარებას. ნინის დედის მტკიცებით, თქვენი სამსახური პრობლემას ყურადღებას არ აქცევდა.
არ ვიცი, ვისთან იყო ეს მიმოწერა, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, შესაძლოა, ყველაფერი არ გახსოვდეს, რასაც მესინჯერში გწერენ. გამოძიება დაადგენს ამასაც, რა დროს შედგა ეს მიმოწერა და ვისსა და ვის შორის… მე ის ვიცი, რომ არათუ ეს ბოლო ორი თვე, ორი წლის განმავლობაში დედას ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. მე არ ვიცოდი, რა ფორმით დავკავშირებოდი დედას.
ნინის უნდოდა დედასთან თურქეთში წასვლა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო დედის საქართველოში ჩამოსვლა. ნინიმ მითხრა, რომ ამის შესახებ დედას მესინჯერში მისწერა, თუმცა მე ის არ დამკავშირებია.
ნინი უკავშირდებოდა დედას. როგორც ვიცი, დედას არ უცდია შვილთან კომუნიკაცია.
- ნინის დედის მტკიცებით, მას უზღუდავდნენ შვილებთან კომუნიკაციას და ჩამორთმეული ჰქონდა დედობის უფლება. რა იცით ამაზე?
დედობის უფლება მას ჩამორთმეული არ ჰქონდა, ეს არასწორი ინფორმაციაა. მას შეზღუდული ჰქონდა მხოლოდ წარმომადგენლობა, რომლის აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, თუკი ის საქართველოში დაბრუნდებოდა. არავის ჰქონდა უფლება, მისთვის შვილების ნახვის უფლება შეეზღუდა, მაგრამ 11 წელი ის ფიზიკურად საქართველოში არ ჩამოსულა.
ამ დროს მე არ ვმუშაობდი სოცმუშაკად, ეს სასამართლო პროცესი [მშობლის უფლების შეზღუდვა წარმომადგენლობით ნაწილში] 2011 წელს გაიმართა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლო ორი თვე ელოდა დედის პასუხს, რაც არ დაფიქსირებულა. სოციალური სამსახურისთვის დედას ასევე არ მოუმართავს იმაზე, რომ ვინმე უზღუდავდა შვილებთან ურთიერთობას.
იმისთვის, რომ ნინი წასულიყო თურქეთში, პროცედურულად საჭირო იყო დედის აქ ჩამოსვლა. რატომ ვერ ახერხებდა ამას ნინის დედა, არ ვიცი.
- არ ფიქრობთ, რომ ეს არის თქვენი რგოლის ჩართულობის სისუსტე, რადგან ორის თვის განმავლობაში ვერ მოახერხეთ უშუალოდ დედასთან დაკავშირება და მისი კონკრეტული პოზიციის გაგება?
ყველა ქეისზე თანაბრად ვერ გადაანაწილებ ყურადღებას, რადგან რესურსი მცირეა, მსგავსი ქეისი კი, დაახლოებით 200-ია.
ძირითადად ყურადღება გადასულია იმ ქეისებზე, როცა მოზარდი მინდობით აღზრდაშია გადაყვანილი, ასე მასშტაბურად მუშაობას ყველა ქეისზე სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ. მინდობით აღზრდის საქმე ამჟამად ქობულეთში არის 80.
- ეს ალბათ აჩვენებს ამ სისტემის გაძლიერების ნაცვლად დასუსტებასაც – სამი სოცმუშაკი იყო ქობულეთში, ახლა კი მარტო მუშაობთ.
სისტემაში რომ საჭიროა მეტი სოცმუშაკი, ამას ყველა ადასტურებს და აღიარებს.
- რამდენად გქონდათ გადაადგილების პრობლემა, მით უფრო პანდემიის პირობებში, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობდა, ხოლო სოცმუშაკებს აჭარის რეგიონში მხოლოდ ერთი ავტომანქანა გემსახურებათ?
ძირითადად, როცა 112-ზე შედის მსგავსი შეტყობინებები, ჩვენ საპატრულო პოლიციას მივყვებით. სხვა შემთხვევაში კი, თუ გადაუდებელი საქმეა, ვიძახებ ავტომანქანას ბათუმიდან…
ფაქტია, რომ მიწევს დიდი ინტერვალებით ოჯახებში მისვლა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რამე გამოგეპაროს, გამოგრჩეს. ძირითადად, ვცდილობ, რომ ვიყო ყველასთან ღია და ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას ვტოვებ ოჯახებში, სადაც ვიზიტი მაქვს.
- განიხილეთ პროფესიულად ნინის შემთხვევა? ანუ რა სჭირდებოდა მოზარდს რეალურად, ეს რომ დადგენილიყო.
მე პერიოდულად ვხდებოდი ნინის და ვაფასებდი მდგომარეობას, ასევე შევაფასე ოჯახი, გადასული ვიყავი დასკვნით ნაწილზე, რომლის შეფასებაც უნდა მომხდარიყო რეგიონულ საბჭოზე, სადაც განისაზღვრებოდა ინდივიდუალური გეგმა. საბჭო იყო დაგეგმილი თებერვალში, სადაც უნდა შემდგარიყო მსჯელობა, მაგრამ ამასობაში ბავშვი გამომეცალა ხელიდან…
- ანუ დაგვიანდა რეაგირება?
ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. შესაძლოა, ფსიქოლოგი ჩართულიყო, სერვისებიც მიგვეწოდებინა, მაგრამ მაინც იგივე ტრაგიკული შედეგი დამდგარიყო, მაგრამ, ბუნებრივია, დროულად უნდა მოხდეს პრევენციისთვის ყველაფრის გაკეთება…
გარკვეულწილად პანდემიის გამო არსებული შეზღუდვებიც აისახა ჩვენს სამუშაო გარემოზე.
- ქობულეთში რომ გყოლოდათ ფსიქოლოგი და მინიმუმ მასთან ერთად გემუშავათ, ეს უფრო ხომ არ გამოაჩენდა რისკებს?
ბუნებრივია, რაც უფრო მეტი სერვისია ადგილზე, უკეთესია. ჩვენს სამსახურში აჭარის რეგიონში მხოლოდ ორი ფსიქოლოგი მუშაობს. ისინი ბათუმში არიან.
- ნინის საქმის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდაო. რა სერვისი უნდა ყოფილიყო ნინის შემთხვევაში?
ამ შემთხვევაში ნამდვილად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება. ზოგადად, არსებული სერვისები უნდა გაძლიერდეს, ყველა აღიარებს ამას.
_____________
ფოტოზე: თამარ ღუნაშვილი, სოციალური მუშაკი. ფოტო: კადრი გადაცემიდან „ათვლის კუთხე“
“ალია” გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, გამომძიებელმა იცოდა ნინის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე, რატომ ამბობს სოციალური აგენტი, რომ მისთვის არ იყო დაზიანებები ცნობილი 4 თებერვლამდე, უცნობია, ისევე როგორც, გაუგებარია, 4 თებერვლიდან მაინც, როცა ადასტურებს რომ გაიგო დაზიანებებზე, რატომ არ ჩართეს ფსიქოლოგი, რატომ არ ჩააყენეს გოგონას მეურვე საქმის კურსში, რომ აუცილებელი იყო ფსიქოლოგის მუშაობა? გაუგებარია, რას ნიშნავს, შესაძლოა არ ახსოვდეს, ჰქონდა, თუ არა მსგავსი მიმოწერა დედასთან? და ბოლო, როცა ხედავთ, რომ შეუძლებელს გავალებენ, როცა ხედავთ, რომ შეუძლებელია გააკეთოთ ის საქმე სრულფასოვნად მარტომ, რომელი საქმის გაკეთებასაც სამი და მეტი ადამიანი სჭირდება და რომელი საქმის შესრულებაზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული – იქნებ გააპროტესტოთ და რამე ფორმა ვიპოვნოთ ერთად სახელმწიფოს დასარწმუნებლად?
წესით სოციალურ მუშაკს უნდა ესაუბრა გოგონას ახლობლებთან, მეზობლებთან, პედაგოგებთან – გააკეთა, თუ არა ეს, უცნობია.
სოციალური მუშაკი არ არის ფსიქოლოგი და შესაბამისად, ის ვერ შეაფასებდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარებას სრულად – ახლა ყველა საუბარი იმაზე, რომ გოგონა მშვიდად იყო და არ ღელავდა – მინიმუმ არასწორია, რადგან ბუნებაში არ არსებობს გოგონას მდგომარეობის შესახებ ფსიქოლოგის დასკვნა.
“გოგონას ბიჭის დასჯა უნდოდა” – კიდევ ერთი საზარელი ფრაზა 14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეში – ეს თავად თქვა? ივარაუდეს? უკაცრავად, ეს რომ გაიფიქრეთ, რომ გოგონას იმ ბიჭის დასჯა უნდოდა, ვინც ცოლად არ მოიყვანა – გაგეღიმათ? – მწარე კითხვაა? შეიძლება ზრდასრულმა ქალმა მოინდომოს იმ კაცის დასჯა, მაგრამ 14 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ!
“გოგონას უნდოდა ბიჭის დასჯა” – ჰგავს თუ არა სოციალური მუშაკის ეს ფრაზა ბაბუის ფრაზას “გამოისყიდა დანაშაული”? – ამაზე, დაე, ფსიქოლოგებმა იმსჯელონ.
14 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირი, გინდ ოჯახის შექმნის მიზნით და გინდ ძალადობით, ორივე დანაშაულია. 14 წლის გოგომ არც ის აქვს გააზრებული, ვინმეს დასჯა უნდა, თუ სიყვარული. გოგონას კი არა, კანონს უნდა სდომნოდა მისი დასჯა. გოგონას მისი დასჯა უნდოდა – ეს იფიქრეთ გინდ სოციალურმა აგენტმა და გინდ პოლიციამ და ამიტომ არ დააკავეთ ბრალდებული? და უკაცრავად, არ იყო დასასჯელი?
კომენტარები