ერთერთ ქალთა კონსულტაციაში, გინეკოლოგის კაბინეტში ქალი შევიდა, ჩაჯდა სპეციალურ სავარძელში და უცებ აღმოაჩინა, რომ მის პირდაპირ, კედელზე ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული.
შემთხვევა რუსეთში, კალინინგრადში მოხდა.
აღშფოთებული ქალი სამართალდამცავებს დაუკავშირდა, რომლებაც იგი ამავე დაწესებულების ექიმებთან გადაამისამართეს. ექიმების განმარტება გამაოგნებელი იყო – ვიდეოკამერა, ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, დამონტაჟებულია იმისთვის, რომ კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია მოხდეს.
პაციენტმა მოიძია სხვა ქალები, რომლებიც ასევე აღშფოთებული იყვნენ მათი გინეკოლოგიური გასინჯვების ვიდეოჩაწერის გამო და ერთობლივი წერილით მიმართეს კალინინგრადის ოლქის ჯანდაცვის განყოფილებას. იქიდან პასუხად მოვიდა არანაკლებ უცნაური განმარტება – ქალთა კონსულტაცია საჯარო ადგილია და მისი დირექტორის განკარგულებით, ვიდეოკამერები, კანონის თანახმად, დამონტაჟებულია ყველა ოთახში, რათა თავიდან იქნას აცილებული ტერორიზმისა და კორუფციის შემთხვევები.
დაზარალებულებმა ადგილობრივ ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართეს, რომლებიც ცდილობენ რეალურ ვითარებაში გაერკვნენ და აიძულონ კალინინგრადის ჯანდაცვის მესვეურები ეს უგუნური გადაწყვეტილება შეცვალონ.
უფლებადამცველთა ინტერესის ერთერთი მთავარი მიზანია, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ, ხომ არ იგზავნება ეს ვიდეომასალა პორნოსაიტებზე, ან ზოგადად სხვა მისამართებზე.
ინფორმაციას НТВ ავრცელებს.
კომენტარები