„ალიას“ ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი
-პრემიერი გადადგა – რა არის ეს პოპულიზმი, თუ გონივრული ნაბიჯი? პრემიერი გადადგა და მთავრობაც მასთან ერთად – სამართლებრივად, ახლა ვინ მართავს ქვეყანას? ვინ მართავს სამინისტროებს – მაგალითად, შს მინისტრი გომელაური, რომელმაც გახარიას წასვლის შემდეგ მელიას დაკავება გადაავადა, სრულფასოვანი მინისტრია?
-პრემიერის წასვლა იმ პროცესის ლოგიკური დასასრულია, რაც უკვე მიმდინარეობდა – ყველა ვხედავდით, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდში ყველაფერი ისე არ იყო დალაგებული, როგორც უნდოდათ ამის წარმოჩენა. გუნდში იყო და არის აგრესიული ფრთა, რომელიც გაძლიერებას ცდილობდა და გახარია არ იყო მათი პარტნიორი. გახარიას კი ეგონა, რომ კი არ მიდიოდა, არამედ, მოდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, პროცესები მაინც დაგვირგვინდა ლოგიკურად.
პრემიერის გადადგომის შემდეგ, ახალი პრემიერის დანიშვნამდე გახარია უნდა ასრულებდეს მის მოვალეობას, ასევე სხვა მინისტრებიც და იგივეს ვიტყვი შს მინისტრზეც, თუმცა, ჩვენთან ცუდი პრაქტიკა დაინერგა, პირდაპირი მნიშვნელობით სახლში მიდიან ხოლმე პრემიერიები გადადგომის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არადა მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვა მიიყვანონ ახალი მთავრობის ფორმირებამდე. გახარია იქნებოდა ადმინისტრაციული პრემიერი, რა თქმა უნდა და იქნებოდა პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ როგორც ვხედავთ, ყველა პრემიერი, გადადგომის შემდეგ, უბრალოდ სახლში მიდის. ანალოგიურად, ყველა მინისტრი რჩება თავის ადგილას, ოღონდ ისინი უკვე არიან მოვალეობის შემსრულებლები არიან ადმინისტრაციულ მოვალეობებს ასრულებენ, მანამ სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება – რათა მმართველობის უწყვეტობა იქნებს უზრუნველჰყოფილი.
-ამბობენ, რომ პრემიერის გადადგომა არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა – პოლიტიკური კუთხით, დაახლოებით მესმის რას გულისხმობენ, მაგრამ აქვს თუ არა ამ აზრს სამართლებრივი მხარდაჭერა კონსტიტუციიდან?
-პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვლსაზრისით ასე უნდა იყოს, ის საარჩევნო პროგრამა, რომელი პროგრამითაც ამ პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა არჩევნებში, ამ პრემიერის მიერ შექმნილი იყო, ის იყო პოლიტიკურ განაცხადებზე პასუხისმგებელი, მისი მხარდაჭერილი იყო პროცესები. ისევე, როგორც კვირიკაშვილი იყო პასუხისმგებელი პროცესებზე 2016 წელს, თუმცა, მისი წასვლის შემდეგ გააპრემიერეს ბახტაძე, რომელსაც არც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და არც პოლიტიკური განცხადებები უკეთებია მანამდე – ეს პოლიტიკური ალოგიკურობა იყო. პოლიტიკური ლოგიკა მაშინაც იმას გვკარნახობდა, რომ პოლიტიკური გადატვირთვა, როგორც ეძახიან „რესტარტი“ უნდა მომხდარიყო და უნდა ჩატარებულიყო მაშინაც ვადამდელი არჩევნები, ახალი პოლიტიკური განაცხადის მხარდაჭერა უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მხრიდან. რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტს, კონსტიტუცია არეგულირებს პოლიტიკური ურთიერთობების სამართლიანობას, კონსტიუტუცია პირდაპირ ვერ იტყვის, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არ შეიძლება იყოს კოსტიტუციის ამოცანა. ამ სიტუაციაში პოლიტიკურად უნდა შეფასდეს მდგომარეობა და კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტმა. პარლამენტს შეუძლია არ გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას და ამის შემდეგ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს ზოგადი აღწერაა მოვლენების, რა თქმა უნდა. თუმცა, ვფიქრობ, ასე არ მოხდება.
ალია
კომენტარები