„ალიას“ ესაუბრება სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი
-გახარიამ პასუხისმგებლობა აიღო 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა, დღეს უარი თქვა პასუხისმგებლობის აღებაზე – გვაძლევს, თუ არა, ეს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მას რამე ფორმით სურს უკან მობრუნება, ან უმრავლესობის რომელიმე ფრთად, ან ოპოზიციის სახით?
-ამას გვაჩვენებს მთავრობის ფორმირების პროცესი, თუ უმრავლესობას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდა და მკვეთრად იქნა მხარდაჭერილი პროგახარიას პოზიცია – შესაძლოა, მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, თავად გახარიამ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, კვირიკაშვილისგან განსხვავებით და უნდა თქვას, რომ პოლიტიკაში რჩება – ამით უნდა დაუდოს დასაბამი უმრავლესობის პოლიტიკური ფრთის რღვევას. არჩევნების მერე – გახარიამ მობრუნება რომ შესძლოს, დღესვე უნდა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი. თუ ხალხმა არ დაინახა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, თუნდაც ერთი ფრაქციის სახით მაინც, არ გამოეყო მინიმუმ 7 დეპუტატი, ვინც პროგახარიას აზრის გამტარებელი იქნება, მაშინ მას არჩევნებზე წასვლა მოუწევს არაფრით, პოლიტიკური დივიდენდების გარეშე. რაც შეეხება ოპოზიციის სახით მობრუნებას, ლოგიკური კითხვაა, შეიძლება თვლის, რომ გაისუფთავებს თავს და ამ ფონს გამოიყენებს მოსაბრუნებლად, მით უფრო, რომ ოპოზიციის საერთო სიხარულის ფონზე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ამ სიხარულს ვერ ვხნი. შესაძლოა, გახარიამ იფიქრა, რატომ გავისვარო მეორედ და მერე გამაგდოთ, მოდი, თავად წავალო და ერთი თქვენიცო… ვნახოთ, უახლოეს დღეებში ესეც გამოჩნდება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, გახარია არ იყო გულწრფელი თავის გადაწყვეტილებაში.
–რატომ ფიქრობთ რომ არ იყო გულწრფელი?
-ცოტა შორიდან დავიწყებ – პარტიის ლიდერებმა თავად თქვეს, რომ პარტიაში იხილებოდა მელიას ამბავი და დაადასტურეს ამით, რომ სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა. ეს პოლიტიკურო პროცესი იყო, მიუხედავად იმისა, რამდენად შეიძლება იყოს, ან არ იყოს მელია კანონთან პირნათელი, გუშინდელი სასამართლო პროცესი მთლიანად პოლიტიკური მოტივაციით იყო შემდგარი. რაც შეეხება შსს-ს მოქმედებს, ეს ამ პოლიტიკური პროცესის ჭრილშივე უნდა დავინახოთ – გახარიასთან დაპირისპირებული ოცნების აგრესიული ფრთის შემადგენელი კომპონენტია ეს. კობახიძემ დღეს რაც თქვა, მელიას რომ მოუწოდებს მორჩილებისკენ, სწორედ ამ ურთიერთკავშირს წარმოაჩენს. კობახიზე ახლა ამას ალაგებს, რომ გომელაური ოცნების აგრესიული ფრთის პარტნიორი აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში. გომელაურმა ვერ მოხსნა გახარიას კადრი – საბანაძე და გახარია ვერ ხსნიდა გომელაურს. ეს რომ გახარიას სრულფასოვანი პრემიერობის პერიოდი ყოფილიყო, მას სულ მცირე, გომელაური უნდა მოეხსნა მინისტრობიდან და მერე გადამდგარიყო. ეს პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადაედგა. თუ აგრესია არსებობს ხელისუფლებაში, რომლის პარტნიორადაც ის არ გამოდგება და თუ მას გულწრფელად სურდა მოქმედება, მას ზუსტად იმაზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა, რომ ეს აგრესია აღეკვეთა, გომელაურის მოხსნის სახით – აი, ეს იქნებოდა პოლიტიკური განაცხადი. ახლა კი, ის უბრალოდ განერიდა ამ პროცესებს – ის ახლა ამ პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია.
ალია
კომენტარები