ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ სამთავრობო გუნდში მინისტრობის ორი ახალი კანდიდატია, თავდაცვის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი მისი პირველი მოადგილით, ირაკლი ქარსელაძით ჩაანაცვლა.
გაყვა, თუ არა მაია ცქიტიშვილი გიორგი გახარიას? – ეს ის კითხვაა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.
მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მან თავად სთხოვა ღარიბაშვილს მიეცა სახლში წასვლის ნება. თქვა, რომ ოჯახს უბრუნდება და სრულიად მიდის პოლიტიკიდან.
მაია ცქიტიშვილმა გაიხსენა ირაკლი ღარიბაშვილთან მუშაობის პერიოდი, მათ შორის “ქართუ ბანკში”. საუბრის ბოლოს მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას.
მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ მადლობით დაიწყო:
“დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, ბატონო ირაკლი, ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო საქართველოს და ვემსახურო თქვენ გვერდში დგომით”
ირაკლი ქარსელაძეც “ქართუ ჯგუფიდან” მოდის:
ირაკლი ქარსელაძე საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“-ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ –ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე.
2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირაკლი ქარსელაძემ 2017 წელს 10 000 დოლარად შეიძინა თბილისში საცხოვრებელ სახლი და მიწა.
კომენტარები