ფსიქოლოგი და პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელიც “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“მე არ მჯერა, რომ გახარიამ გუნდთან შეუთანხმებლობის გამო, ემოციურად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, არც იმის მჯერა, რომ ნიკა მელიას აღმკვეთმა ღონისძიებამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. გახარია არ ჰგავს იმ ტიპის პოლიტიკოსს, რომელიც ასე მარტივად, სხვისი მართული პროცესების გამო იღებს გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რა წარმატებით გაართვა თავი პრემიერის პოსტზე პირველ გამოწვევას, როცა ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ გამართეს აქცია – საპროტესტო შეძახილებით მივიდა მომიტინგეებთან და ტაშით გააცილეს. პანკისში მიზანმიმართულად გახვიეს პროვოკაციაში, მაგრამ გამოწვევას იმჯერადაც გაართვა თავი. შემდეგ იყო 20 ივნისი…
მისი ბრძანებით ისროლეს თუ არა, სისხლი დაიღვარა. თუმცა არ გადადგა და დავიჯერო ახლა, როცა ჯერ არაფერი იყო მომხდარი, ვაითუ რამე უბედურება მოხდესო და ამის გამო გადადგა?! არ ჰგავს ეს მის ხელწერას. ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება სულაც არ იყო გუნდში კონფლიქტი, უნდოდა და გადადგა, ნიკა მელია კი საბაბად გამოიყენა. თუ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, მაშინ ქართულ რეალობაში ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს მივიღებთ…
ჯერ დღევანდელი ვითარება უნდა გავაანალიზოთ. ნახეთ, რა მოხდა – როგორც კი დასავლელმა პარტნიორებმა “მამაო ჩვენოსავით” გაიმეორეს თავიანთი რეკომენდაციები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას, უფრო აქცენტირებულად კი ხელისუფლებას, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს, იმ დღესვე რუსთაველზე დემონსტრაციები დაიწყო, კარვების გაშლა სცადეს. ამ აურზაურის მომწყობი ოპოზიციონერი ლიდერები ნორმალურები არიან?! ამ რეალობის გათვალისწინებით არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლებაც ძალისმიერ პასუხს გასცემს ოპოზიციას.
რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოცირებული ღარიბაშვილი ხისტი იქნება.
დესტაბილიზაცია საქართველოში რუსეთს აძლევს ხელს. სააკაშვილი და დანარჩენი ოპოზიციაც, ნებსით თუ უნებლიეთ, დიახაც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. 20 ივნისსაც დესტრუქციულად მოქმედებდნენ “ნაციონალები” ნიკა მელიას მეთაურობით. როგორც აქამდე ამბობდნენ, ნიკა მელიას თუ დაიჭერთ, მოლაპარაკება აღარ შედგებაო. ასევე წარმატებით შეუძლიათ გვითხრან დღეს, კარავს თუ არ გაგვაშლევინებთ, მოლაპარაკება არ შედგებაო. ისე, “მიშას კარტი” აღარ უნდა გათამაშდეს, თორემ ეს ქვეყნისთვის ცუდად დამთავრდება.
ძველ ბერძნულ ამბავს მოვიყვან მაგალითად. სოკრატეს მიაჩნდა, რომ სასამართლომ არასწორი განაჩენი გამოუტანა – საწამლავით სიკვდილი მიუსაჯა. მისმა მოწაფეებმა უთხრეს, გადაგმალავთო, მაგრამ სოკრატემ იუარა და დალია საწამლავი, სამართალი უნდა აღსრულდესო. ჩვენ საქართველოში არა გვაქვს გაცნობიერებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება.”
კომენტარები