ნინა სიბოშვილი პირველი და ერთადერთი ქართველია, რომელიც ფლორენციის მოხუცებულთა სახლში მუშაობს. მეტად შრომატევადი სამუშაოს გარდა სწავლასაც ახერხებს და მოულოდნელად გაჩენილი ნიჭის რეალიზებასაც. ეს მისი ცხოვრების ამბავია:
გავიზარდე საკმაოდ თბილ, მოსიყვარულე და ტრადიციულ ოჯახში ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად. ზედმეტად წესიერი და დამჯერი ბავშვები ვიყავით. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი, ამიტომაც სულ კერძო მასწავლებლებთან მიწევდა სიარული, რადგან სკოლებში აღარავინ სწავლობდა, ცუდი დრო იყო… როგორც კი სკოლა დავამთავრე, იმის მაგივრად, რომ მისაღები გამოცდებით ვყოფილიყავი დაკავებული, მომიტაცეს და რადგანაც მაშინდელი მენტალიტეტი და შეხედულებები მნიშვნელოვანი იყო, ჩემმა ოჯახმა სახლში აღარ წამომიყვანა. ჩემი ბებია ბევრს იბრძოდა, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ბოლოს მხოლოდ ის შეძლო, რომ საბუთები შემატანინა მეან-გინეკოლოგის კურსებზე. მეუღლის ოჯახს ესეც არ უნდოდა. სასწავლებელი რომ დავამთავრე, უკვე ორი ქალიშვილი მყავდა. ქმართან სულ ხუთი წელი ვიცხოვრე. განვქორწინდით და მალე მოხდა დიდი ტრაგედია, რომლის მოტივი და ბევრი დეტალი ფაქტობრივად წავშალე მეხსიერებიდან. ამისთვის წლები დამჭირდა, მაგრამ წავშალე… ჩემი უფროსი გოგონა დეა მაშინ ხუთი წლის იყო, სალომე კი ერთი წლის…
მაშინ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ბევრი ტრავმა მივიღე… რაღაც წამებში საკუთარი გონება მესაუბრებოდა და აანალიზებდა რაც მოხდა. მერე უცებ დავინახე, თუ როგორ მდებენ საკაცეზე დაგლეჯილს, როგორ ასხამს სისხლი ყველა მხრიდან. სახე? სახე აღარ მქონდა… ხელები და ფეხები უფორმოდ მომიწყვეს გვერდზე. მერე იყო სიბნელე, ყურებში მხოლოდ სისხლის ბუყბუყი მესმოდა. დავიწყე გააზრება – რა მოხდა?.. ჩემი გონებიდან სამი დღე გამქრალი იყო, არაფერი მახსოვდა. თუმცა მერე უკვე ჩემების მონაყოლით ვიცი, რომ აპარატზე მიერთებულს 12 დღე ცოცხლად აღარ მთვლიდნენ. მაგრამ მე თითქმის ყველაფერი მესმოდა… კიდევ მესმოდა როგორ კამათობდნენ ექიმები, არანაირ ოპერაციას აზრი არ აქვსო… მესმოდა ნათესავის ხმა, რომელიც ექიმს ეჩურჩულებოდა, ადამიანის ფორმა მაინც მიეცითო – რადგან დარწმუნებული იყვნენ, ვერ გადავრჩებოდი, ამიტომ ოდნავ შესახედავი მიცვალებული მაინც ვყოფილიყავი… მახსოვს მაშინ როგორ გავბრაზდი, როგორ მინდოდა რამე ნიშანი მიმეცა, რომ არ მოვკვდებოდი, რადგან ყველაფერი მესმოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გადავრჩებოდი… მახსოვს როგორ გაიარა თრომბმა გულში და როგორ გაჩერდა გული, მერე როგორ წავედი გვირაბში და მივისწრაფოდი სინათლისკენ… მახსოვს, როგორ გადამიდგნენ იქ ჩემი დეა და სალომე და გვირაბისკენ არ გამიშვეს…
გადიოდა დღეები, მემატებოდა მგრძნობელობა, ტკივილები, ამოსუნთქვაზე უკვე ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემი ყველა დამტვრეული ძვალი. ამ ტანჯვაში სამი ჯოჯოხეთური თვე გავიდა. მთავარი ექიმის საუბრიდან ეს სიტყვები მახსოვს: „იცით, მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობს გადარჩენის… უფლის სასწაულის… და თუ ეს სასწაული მოხდა, ფეხზე მაინც ვერ დადგება“. ამაზე დედის შეშლილი ხმით შეპასუხება მახსოვს: „არა, ექიმო, ის კარგად იქნება და ისევ ისეთი ლამაზი გვეყოლება“. საოცარია, მაგრამ მეც ასე ვფიქრობდი და დაიწყო უფლის სასწაულების სერიები…
პირველი სასწაული ჩემი გვირაბიდან უკან მობრუნება იყო. მეორე სასწაული მაშინ მოხდა, როცა გარისკეს და პირველ ოპერაციაზე შემიყვანეს. მაგრამ თურმე ნარკოზიდან ვეღარ გამოვდიოდი. როცა ჩემთან დასამშვიდობებლად დედა შემოიყვანეს, უკვე გაცივებული ვიყავი. ვხედავდი, როგორ ავდიოდი ეკლებზე, როგორ დამდიოდა სისხლი და როგორ ავაღწიე სამოთხეში, სადაც მაგნოლიები ყვაოდა. იქ ყველაფერი ფერადი იყო და წამით ვიფიქრე, მგონი, დასრულდა–მეთქი… იმ დროს უკნიდან ხმა მომესმა: შენ იცოცხლებ, უკან გიშვებ. შენთვის მზე ამოვა და ისევ კარგად იქნები. მაშინ სხეულში ენით აუწერელი არაბუნებრივი სითბო ვიგრძენი, თვალი გავახილე და დედა დავინახე…
როცა შევძელი, ჩემი ერთი უჩვეულო ხილვის შესახებ დედას მოვუყევი და საავადმყოფოში მომიყვანეს მამაო, რომელსაც კურთხევა ვთხოვე ხატის დაწერაზე. მან პირჯვარი გამოისახა და მითხრა, შენ წმინდა გიორგის კურთხევა უკვე გაქვს მიღებულიო, ვიცი, რომ საერთოდ არ ხატავ, მაგრამ, დამიჯერე, სცადე და შედეგსაც ნახავო. როცა მორფინის ზემოქმედებით ნაკლები ტკივილის ქვეშ ვიყავი, საწოლთან მოლბერტი დამიდეს ისე, რომ ხატის წერა შემძლებოდა. სუფთა ფურცელს ფანქრით ხელში დავჩერებოდი და არ ვიცოდი საიდან რა უნდა დამეწყო… მერე მივყევი ფანქრით და იმ წუთებში არაბუნებრივი, არაამქვეყნიური შეგრძნება მქონდა. როდის დამეძინა, არ მახსოვს. გამთენიისას პალატაში შემოსული დამლაგებელი ქალის ემოციური შეძახილი მახსოვს. როცა თვალები გავახილე, დავინახე, რომ მათ ფურცელი ეკავათ ხელში და პირჯვარს იწერდნენ…
ერთ დღეს რაღაცეებზე დაყრდნობით ვცადე და წამოვდექი. მაშინ ზუსტად 35 კილო ვიყავი და კარგად მახსოვს, რომ თითოეულ ძვალს ვგრძნობდი და ეგეც მემძიმებოდა. ინვალიდის სავარძელს ხელიც არ შევახე და ჩემებს კატეგორიულად ვუთხარი, რომ ეტლი სახლიდან მოეშორებინათ. მოკლედ, უფლის ნებით გადავრჩი და ჩემი გადარჩენის ყველაზე დიდი სტიმული შვილები იყვნენ. მე მათზე უნდა მეზრუნა… და, კიდევ, ჩემებმა ყველაფერი გაყიდეს, ოპერაციებს შეეწირა რაც კი გაგვაჩნდა. ამიტომ მიზნად დავისახე, რომ ჩემებისთვის ყველაფერი უკან დამებრუნებინა და, მეტიც, მათზე მეზრუნა.
მე რუსთავში ვარ გაზრდილი, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, სოფელი საგარეჯოსა და პატარძეულში გვაქვს. პატარძეულის სახლი ჩემი მშობლებისაა. ჯერ კიდევ ერთი ხელი მქონდა გადახვეული, როცა ბაქოში სიარული დავიწყე. მეგობრები და ახლობლები მეხმარებოდნენ. ბევრი ვიწვალე, ბოლოს რუსთავში ტურისტული სააგენტო Egzotic Travel გავხსენი. ტურები დავიწყე აზიის საკურორტო ქალაქებში, სადაც ადგილობრივები უკვე მიცნობდნენ და მენდობოდნენ. ვისწავლე თურქული ენა, რათა თურქეთის ტურებზე მთარგმნელი არ მექირავებინა. დროთა განმავლობაში ისევ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც საშუალება არ მომცა, რომ საქმე გამეგრძელებინა. ისევ სერიული ოპერაციები გახდა საჭირო, მაგრამ საიმედო გარანტია აღარ მქონდა.
ქირურგების ბრიგადამ ათასნაირი ვერსია განიხილა. ზოგი გერმანიას მთავაზობდა, მაგრამ საამისოდ აუცილებელი თანხა წარმოუდგენლად დიდი იყო. ბოლოს გადაწყდა, რომ იტალიაში ჩავიდოდი. ჩემი ერთ-ერთი ქირურგი, თამაზ კაციტაძე (რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა) უაღრესად კარგი ადამიანი იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ისევ ადამიანის ფორმა მაქვს, მან, რასაც ჰქვია, ამაწყო. სწორედ ბატონ თამაზს ჰქონდა იტალიასთან გაცვლითი პროფესიული პროგრამა, ამიტომ მისი დახმარებით გამიწიეს რეკომენდაციები ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც იტალიის სამხრეთით მდებარეობს.
როგორც ტურისტული სააგენტოს მფლობელს, ჩემთვის იტალიაში ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ შორი გზა და უცხოეთში გაურკვეველი ვადით ყოფნის პერსპექტივა – ჩემთვის წარმოუდგენელი სირთულე იყო. გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა, ამიტომ ყველასგან მოულოდნელად დავხურე ოფისი და იტალიაში გავემგზავრე. მაშინ ჯერ კიდევ გააზრებული არ მქონდა – უცხო ქვეყანაში ოპერაციებს მარტოდმარტო მყოფი როგორ გავიკეთებდი.
პირველად ჩავედი ქალაქ ბარიში, სადაც ქალბატონი ლუიზა დამხვდა, რომლის მზრუნველობაც არასოდეს დამავიწყდება. მალე ახალგაცნობილმა გოგონებმა ქალაქის დასათვალიერებლად გამიყვანეს. პირველი, სადაც მიმიყვანეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი იყო. იქ ვიგრძენი როგორ ავივსე მადლით, მეგონა, რომ გული გარეთ გამოხტებოდა – ეს ენით გადმოუცემელი შეგრძნება იყო. მაშინ საბოლოოდ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება… რამდენ ხანს მეყოფოდა თანხა, არ ვიცოდი, ამიტომ სანამ ოპერაცია დაიგეგმებოდა, საჭირო იყო რაიმე მსუბუქი სამსახური მეშოვა და ბარის ახლოს მდებარე ულამაზეს ქალაქ მონოპოლში, ისევ ქალბატონი ლუიზას დახმარებით, მუშაობა მალევე დავიწყე. ამასობაში ჯანმრთელობა გამიუარესდა, რადგან კლიმატის შეცვლამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. როცა წარმოვიდგენდი, რა შორს მყავდნენ ჩემიანები, შიში მიპყრობდა. თავიდან ის მამშვიდებდა, რომ სახლიდან წამოღებულ ნივთებს ჩემიანების სუნი ჰქონდა, დეას და სალოს მაისურებს გულში ვიხუტებდი და მათი სუნის შეგრძნებით წარმოვიდგენდი, თითქოს ისევ სახლში ვიყავი. მერე თანდათან გაქრა ეს სუნი და ყველაფერი დაცარიელდა… მაშინ ერთადერთი აქტიური ონლაინ საშუალება სკაიპი იყო. დილით რომ ჩავრთავდი, სანამ ბავშვები არ დაიძინებდნენ, არ ვთიშავდი. საბოლოოდ ქალაქ აქვავივაში ხუთი სერიოზული და სამი მცირე ოპერაცია გამიკეთდა. არასოდეს დამავიწყდება ის ქართველი გოგონები და ქალბატონები, ვინც მივლიდა და გვერდში მედგა. არ დამავიწყდება ისინიც, ვინც გვერდში უნდა მყოლოდა, მაგრამ არ მყავდა… რაც მთავარია, უფალი არასოდეს მტოვდებდა და მის ძალას ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ.
2008-დან 2013 წლამდე ამ მხარეს ვიყავი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი გახდა. 2014-ში ქალაქ ტარანტოში გადავედი. ზაზა გვერდიდან არ მშორდებოდა. ტარანტოში ვცხოვრობდით ერთ უსაყვარლეს ბებოსთან, რომელიც მონოპოლის ბებოს ნათესავი იყო. მათთვის ოჯახის წევრები გავხდით… როცა ბებია გარდაიცვალა, ბინაში დაგვტოვეს და ამ ბებიის შვილმა, რომელიც ადვოკატია, სააპელაციო სასამართლოში თარჯიმნად წამიყვანა. მისი მეუღლე მოსამართლე იყო. თავიდან უარს ვეუბნებოდი ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურზე, რადგან მხოლოდ სასაუბრო იტალიური ვიცოდი. ფიზიკურად არ მქონდა ენის სწავლის შესაძლებლობა, მაგრამ არ დამანებეს. დაგეხმარებით, გასწავლით და ჩვენ გვერდზე იყავითო, და ასეც იყო. ისინი ჩემთვის დღემდე საუკეთესო ახლობლები არიან. ამასობაში ისევ გართულდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტარანტოდან ფლორენციაში გამგზავნეს. ბოლო ოპერაცია წლისა და სამი თვის წინ გავიკეთე. მე თვითონ არ ვიცი საიდან მაქვს ეს ძალა, მართლა ვერ ვხვდები… მაგ პერიოდში უმცროსი შვილი ჩამოვიყვანე. უფროსი უკვე სტუდენტი იყო. ფლორენციაში ერთ-ერთ ვიზიტზე დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ზაზა გარდაცვლილი ნახეს, ტარანტოში იყო სამსახურში… ღამე ობიექტს ყარაულობდა. დავბრუნდით ტარანტოში და უდიდესი სირთულების მიუხედავად ზაზა ღირსეულად გადავასვენეთ საქართველოში…
როცა ფლორენციაში დავბრუნდი, ამჯერად საცხოვრებლად, წინ მძიმე ოპერაცია მელოდა. ამიტომ ჩემთან მეორე შვილი ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. მათ სიურპრიზიც გამიკეთეს და თან დედიკოც ჩამოიყვანეს. როცა საოპერაციოში შესვლის წინ დედა გამომეცხადა, თვალებს არ დავუჯერე. ფლორენციაში ერთ-ერთი ექიმის მამის ოჯახში საყიდლების მისატანად და კომპანიის გასაწევად ვმუშაობდი, ძალიან განათლებულ და ღირსეულ ადამიანთან, რომელიც საკუთარი ბაბუასავით დაუდგა ჩვენს ოჯახს. აქაც ისეთი წრე შეიკრა, თითქოს ჩემ გვერდზე დგომა დავალებული ჰქონოდათ. ამ პერიოდებში ექიმმა გადაწყვიტა, რომ ეს საწყალი ბაბუა მოხუცებულთა სახლში გადაეყვანა. ახალი ნაოპერაციები ვიყავი, როცა ბაბუის სანახავად წავედი. იტირა რომ დამინახა. ერთი კვირა არ გასულა, რომ სტრუქტურის დირექტორმა დამირეკა და დამიბარა. როცა მივედი, სამსახური შემომთავაზა. ეს ძალიან უცნაური იყო, რადგან ასეთ დაწესებულებაში სერტიფიკატის გარეშე წარმოუდგენელია ვინმე მიიღონ. ისინი დაკმაყოფილდნენ საქართველოში მიღებული ჩემი განათლებით და იმ რეკომენდაციებით, რომელიც ექიმის ოჯახმა გამიწია. ამის მერე სულ სხვა ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში…
წარმოიდგინეთ, ხუთსართულიანი შენობა, რომლის თითო სართულზე 20-დან 25-მდე მოხუცია. სართულებზე მოხუცები ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით ცხოვრობენ. ძალიან მალე მივეჩვიე ახალ გარემოს და საქმეს. სტრუქტურაში თითქმის ყველა ეროვნების ადამიანია დაკავებული სხვადასხვა პროფესიით. ქართველი მარტო მე ვიყავი. ხაზგასმით მითხრეს, რომ ქართველთან არასოდეს გვითანამშროლიაო. ამასობაში დაიწყო პანდემია და მსოფლიო კრიზისი. ახლობლები ვეღარ აკითხავდნენ მოხუცებს, ამიტომ მათ დეპრესიები დაეწყოთ. სათითაოდ შევდიოდი და ვცდილობდი პოზიტივი და ხალისი დამეტოვებინა თითოეულისთვის. ისე მოხდა, რომ ჩემი ბევრი კოლეგა დაავადდა და პერსონალი ყოველდღე გვაკლდებოდა. დავირუსდნენ მოხუცებიც, საგანგაშო სიტუაცია იყო. დირექტორმა უიმედოდ მთხოვა, რომ ცვლაში გადაბმულად დავრჩენილიყავი. არ ეგონა, რომ დავთანხმდებოდი. არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. მუშაობას დილით 7 საათზე ვიწყებდი და საღამოს 20.30 სთ-ზე ვამთავრებდი. ერთი წუთი არ იყო გაჩერების ან ჩამოჯდომის დრო…
აქ ერთი უსინათლო მოხუცი გვყავს. როცა პირველად მივედი და ჩაცმაში დავეხმარე, გამაჩერა, მკითხა, ვინ ხარ და საიდანო. საქართველოდან ვარ–მეთქი. ასე მითხრა, ვიცნობ, ყოფილი საბჭოთა ქვეყანააო, იქ ყველა ასეთები ხართო? როგორები–მეთქი, ჩავეძიე. რაღაცნაირი თბილი ხარ, ისე ჩამაცვი, ასე მხოლოდ ჩემი ქალიშვილი მაცმევდა, სხვები სულ ჩქარობენ და მტკენენ მთელ სხეულს, უხეშები არიანო.
მერე ქალიშვილმა აქ რატომ მოგიყვანა–მეთქი, ვკითხე. ამ შეკითხვაზე პაუზა იყო, ეტყობა, ეუცნაურა. აბა, სად უნდა წავეყვანე? ახლა მათ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც მე ვიცხოვრე და ეს ნორმალურიაო. რა თქმა უნდა, ისე არ ვარ, როგორც ჩემს სახლში, მაგრამ ჩვენ აქ ყველა ასე ვამთავრებთო. ეს მოხუცი ქალბატონი მარიზაა, მას მერე სულ ითხოვდა, რომ მასთან მხოლოდ მე მივსულიყავი…
თებერვლის დასაწყისში მაცნობეს, რომ მიშვებენ შვებულებაში და პრემიის სახით მიფინანსებენ კურსებს, საიდანაც პირველი სემესტრის დახურვისთანავე გავაგრძელებ მუშაობას. უკვე ჩავირიცხე, დაფინანსდა და სწავლაც დავიწყე. თავისუფალ დროს ვცდილობ ხატვას დავუთმო. დრო ძალიან ცოტა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ… კიდევ ვეხმარები ძალიან ბევრ ადამიანს. საკმაოდ დიდი ბინა მაქვს და აქ ძირითად ის ქართველები ხვდებიან, ვისაც საშუალება არ აქვს ქირა გადაიხადოს. ვეძებ მათთვის სამსახურს და ბოლომდე ვზრუნავ… დღეს უკვე ვიცი – რას ნიშნავს სიკეთე და ვიღაცის გამოწვდილი ხელი, როცა გჭირდება. ვიცი, რომ ადამიანში ერთგულება და სიკეთის დანახვის უნარია მთავარი და ცხოვრებაში, ყველა ეტაპზე, უფალთან ერთად, ამანაც გადამარჩინა…
წყარო: nostal.ge
კომენტარები