ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ ამბობს:
„პანდემიის პირველი დღიდან ბოლო დღემდე საქართველოში ვითარება იმართებოდა ძალიან კარგად. პირადად გიორგი გახარია იყო ძალიან კარგი კრიზის-მენეჯერი კოვიდთან დაკავშირებით. მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – დაწყებული პრემიერით და მისი გუნდით, მაია ცქიტიშვილი იყო აქტიურად ჩაბმული, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც ძალინ დიდი როლი შეასრულა, შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი – ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ხელმძღვანელობით და ჩვენი კლინიკური ჯგუფი – ეს ვერტიკალი ძალიან კარგად მართავდა კოვიდპანდემიას, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ეპიდემიის ტალღა პრაქტიკულად, არ გვქონდა.
შემდეგ იყო მეორე ტალღა, ძალიან ძლიერი, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა და გამოწვევის წინაშე დააყენა. საქართველოსაც პიკის პერიოდი ჰქონდა, ამ დროს და შემდგომაც მართვა იყო ძალიან კარგი, ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, დანაკარგი და პრობლემები იყო გაცილებით ნაკლები.
ნოემბერ-დეკემბერში, როცა ჩვენთან გაცილებით ძნელი პერიოდი იყო, როდესაც სასწრაფოები იგვიანებდნენ და ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია ჭირდა, იგივე პარამეტრები რომ შევადაროთ ევროპის ქვეყნებს და ამერიკას, მაშინაც კი ჩვენთან ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო. მას შემდეგ ყველაფერი საათივით აწყობილია, ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ამის შემდეგ რა იქნება? ახალ მთავრობას ხელმძღვანელობა ჯერ არ დაუწყია, ვნახოთ რა იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის შემართება, მისი მუშაობის სტილი, ოპერატიულობა, პრინციპულობა – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაგრძელდება ასევე კარგად და შეიძლება უკეთესადაც“
კომენტარები