საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს, რომელი შეზღუდვები იხსნება საქართველოში:
- სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.
2. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან.
3. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.
4. რესტორნებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.
5. კონფერენციები და ტრენინგები განახლდება 1 მარტიდან.
6. სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან.
7. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
8. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას – 15 მარტიდან.
9. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან.
10. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან.
11. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან.
12. არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან. (“ალია” შეგახსენებთ, მათ შაბათ-კვირას მუშაობის უფლება აქამდე არ ჰქონდათ)
საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე, კერძოდ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ რეჟიმს.
2 შეზღუდვა, რომელიც დარჩა –
- ეს არის ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე.
- რესტორნები შაბათ-კვირას ისევ დაკეტილი რჩება და მხოლოდ კვირის დანარჩენ დღეებში და რა მხოლოდ 21 საათამდე დარჩათ ფუნქციონირების უფლება.
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველას მოუწევს დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.
კომენტარები