„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:
– ბატონო ზვიად, 15 თებერვალს დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში დროებით სამუშაოზე (მოსავლის ასაღებად) წასასვლელად. დღევანდლამდე 60 000–მა საქართველოს მოქალაქემ გამოთქვა სურვილი გერმანიაში წასასვლელად…. ამ ფაქტს თქვენ როგორ ახსნით?
– ამ ფაქტმა საშინელი რეალობა დაგვანახა, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს იმდენად უჭირს, რომ მზადაა ფიზიკურად სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. 2019 წლამდე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო 5,7 მილიარდი დოლარი იყო. ამას ვაბალანსებდით ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებით (3 მილიარდი დოლარი) და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით (1,7 მილიარდი დოლარი). ასევე ყოველწლიურად ვიღებდით ახალ სესხებს საკრედიტო ორგანიზაციებიდან. დღეს, როდესაც კორონავირუსის შედეგად ტურიზმი გაჩერებულია და ემიგრანტების გზავნილებმაც მოიკლო, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაწესებული კორონა–შეზღუდვების შედეგად, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერდა და გაკოტრების პირას აღმოჩნდა, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. სანამ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, უმჯობესი იყო თუნდაც მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების შექმნა, რომ გავმხდარიყავით თვითკმარი სახელმწიფო. ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და ექსპორტზე „საკუთარი მოსახლეობა“ კი არა, ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჯერ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს და 85%–იან იმპორტს ჩაანაცვლებს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების დროებით სამუშაოზე წასვლა.
– რას ნიშნავს „სასურსათო უსაფრთხოება“?
– ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის სტაბილურ უზრუნველყოფას საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას. დღეს ჩვენ 85%–ს იმპორტულ საქონელს მოვიხმართ. მაგალითად 2019 წელს შევიძინეთ: ხორბალი 105.1 მილიონის (აშშ დოლარი); პურის ფქვილი 4.8 მილიონის; კარტოფილი 2.4 მილიონის; 50.4 მილიონის შაქარი; 44.5 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა); 65.2 მილიონის ფრინველის ხორცი; 40.9 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით); 15 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი; 21.3 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი; 22.8 მილიონის კარაქი; 2.9 მილიონის კვერცხი; 43.4 მილიონის მცენარეული ზეთი; 23.4 მილიონის მარგარინი; ბოსტნეული 38.6 მილიონის ბოსტნეული; 66.1 მილიონის ხილი. ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გამოდის, თან ეს სრული სია არაა, და დაახლოებით მილიარდ დოლარამდე გადის ქვეყნიდან… ეს იმის, ფონზე, როდესაც საქართველოს ბიოკლიმატური პირობებიც, აგრარული პოტენციალი და სხვა ყველა კომპონენტი გაგვაჩნია ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის საწარმოებლად?! ჰოლანდიას, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე ბევრად ნაკლებია და სულ რაღაც 41 543 კვადრატული კილომეტრია, 100 მილიარდი ევროს ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქცია გააქვს ექსპორტზე! ისრაელს, რომლის ტერიტორიაც სულ რაღაც 20 770 კვადრატული კილომეტრია და რომლის ტერიტორიის ნახევარი უდაბნოა, წყლის რესურსებიც მცირე აქვს (წვიმა მხოლოდ ზამთარში მოდის) და სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მიწა დაახლოებით 20% შეადგენს, 95%–ით თვითკმარი სახელმწიფოა! გარდა ამისა, ექსპორტზე მთლიანი ექსპორტის 3,6% სოფლის მეურნეობის პროდუქტზე მოდის.
– რატომ არ შექმნა ხელისუფლებამ აქამდე სასურსათო უსაფრთხოება, რა არის მიზეზი?
– იმიტომ, რომ იმპორტული პროდუქციის ბიზნესი ხელისუფლებაში მოკალათებული ჩინოვნიკების ხელშია, გარდა ამისა, უვიცობისა და გულგრილობის ელემენტებიც იკვეთება. მაგალითად 2020 წლის 8 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება ¹225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტზე კონტროლი მოხსნეს! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა. ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყალის შეყვანის მეთოდს არ იყენებენ, ამან ადგილობრივი წარმოებებს პრობლემები შეუქმნა. ხელისუფლება სიტყვით მხარს უჭერდა ქართული წარმოების განვითარებას, საქმით კი ადგილობრივ წარმოებას კლავს! ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შარშან გაზაფხულზე პირობა დადო რომ „სასურსათო უსაფრთხოებაზე“ პროგრამას წარმოადგენდა, ეს პროგრამა თვალით არავის უნახავს! შეგახსენებთ იმასაც, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%–ით. ნათელია, რომ გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი ხელისუფლების ჩინოვნიკების ხელშია! უვიცობის მაგალითად შეგვიძლია მოიყვანოთ, ასევე შარშან ქვეყნიდან 200 კილოგრამზე ზევით ცოცხალი საქონლის გატანის აკრძალვა, ეს მაშინ გააკეთეს, როდესაც ურემი გადაბრუნდა, ქვეყანაში ცოცხალი საქონელი იმდენად შემცირდა, რომ საქონლის ფასი თითქმის 30 ლარამდე ავიდა.
– რა არის გამოსავალი და რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას?
– შარშან მარტში ხელისუფლებას შევთავაზე 6 პუნქტი, კერძოდ 1)სახელმწიფოს უარი უნდა ეთქვა „თავისუფალ ბაზარზე“ და პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით, აქტიურად ჩარეულიყო ეკონომიკაში. დაეხნა მიწები, შეექმნა ფერმები… 2) დაუყოვნებლივ უნდა მიეღო კანონი ან პროგრამა: „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აღნიშნული მიმართულებით წარმოედგინა გეგმა; 3) სასწრაფოდ უნდა მიეღოთ „მიწის კოდექსი“. ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია; 4) 2019 წელს აღდგენილ „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ დავალებოდა კონკრეტული მოქმედების გეგმა „სასურსათო უსაფრთხოების“ კონცეფციის შესაბამისად; 5) საქართვლოს 2020 წლის ბიუჯეტი უსწრაფესად უნდა დაკორექტირებულიყო და გადაწყობილიყო შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად, თანხები მიმართულიყო სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკაში; 6) აუცილებლად შეცვლილიყო ტენდერების არსებული მახინჯი სისტემა. ანუ ტენდერებისას პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა ადგილობრივ წარმოებას.
– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ საქართველოს აქვს იმის უნარი, რომ ხალხი სამუშაოდ კი არ გავიდეს, პირიქით სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ჩვენი ემიგრანტების ნაწილი მაინც, სამშობლოში დავაბრუნოთ?
– რა თქმა უნდა! საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რითაც შეუძლია 12 მილიონამდე ადამიანის გამოკვება. ნაცვლად ამისა, რას ვხედავთ? მხოლოდ ბოსტნეული რომ ავიღოთ, საქართველო აზერბაიჯანზე 10-ჯერ, ხოლო სომხეთზე კი 3-ჯერ ნაკლებს აწარმოებს. 2020 წლის იანვარ-ივლისში, ქვეყანაში 1,812 მლნ დოლარის კიტრი და 4,092 მლნ დოლარის პომიდორი თურქეთიდან, ირანიდან და იორდანიიდან შემოვიდა. ხელისუფლება რომელიც არ ზრუნავს სასურსათო უსაფრთხოებაზე, სურს იყოს მხოლოდ მომხმარებელი და არა მწარმოებელი სახელმწიფო, არის მავნებელი და უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს! შეიძლება ხორბლის სამშობლო გერქვას, მსოფლიოში არსებული ხორბლის 23 კულტურული ჯიშიდან 14 ქართული იყოს და ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული? ხელისუფლების ჩინოვნიკებმა გააკეთეს, ის რაც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში უთხრა საქართველოს მოსახლეობას, აქ სამსახურებს ვერ შევქმნით, ამიტომ ხელს შეგიწყობთ ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე გაგიშვათო… და ეს დანაპირები აასრულა. გერმანია ვახსენეთ და გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი ამბობდა: „კოლონიის ტიპიური ნიშანი მასში მრეწველობის არარსებობააო“. ჰოდა, ვართ კიდეც კოლონია, რომელიც ამჯერად საკუთარი მოსახლეობიდან უნდა დაცალონ, ანუ პროექტი საქართველო უქართველებოდ წარმატებით ხორციელდება!
ნანა სულავა, ალია
კომენტარები