ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს, ვინაიდან რეპუტაციულ რისკებზეცაა საუბარი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტკარაძის განცხადებას ემიჯნება და მბობს რომ ჩივილის დრო არ არის.
„დაახლოებით ის რომ ვთქვა – „მე ქვევითა ვარ, შენ ზევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო”. ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ, აი, ასეთ სიტუაციაში ვართ.
ავტორიზაციას ამჟამად გადის კიდევ რამდენიმე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესამე დღეა წასულია.
მათ შორის ინდოეთში პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზირებულ ვაქცინებს აწარმოებენ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას“
პარალელურად მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა აქცია „სად არის ვაქცინა?“. აქციის მონაწილეები ღიად ადანაშაულებენ სახელმწიფოს კოვიდდაინფიცირებული ადამიანების გარდაცვალებაში და ამბობენ, რომ ვაქცინა რომ დროულად შემოეტანა ქვეყანას, ეს ადამიანები გადარჩებოდნენ.
ამ და სხვა მსგავსი განცხადებების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რიტორიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა, ამჯერად, ისინი იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ვაქცინის პირველი ნაწილის შემოსვლა მაინც არაფერს შეცვლიდა:
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე:
“მთავარია არა ის, 2 კვირით ადრე შემოვა ქვეყანაში ვაქცინა, თუ 2 კვირით გვიან, არამედ 2 კვირით ადრე დასრულდება ვაქცინაცია თუ 2 კვირით გვიან“.
პაატა იმნაძე:
“რომ აცრა ბრიტანეთმა მოსახლეობის 30 პროცენტი, ამან შეაჩერა ბრიტანეტში კოვიდი?
ეს ხომ ელემენტარულია, ვაქცინაციის დაწყება კოვიდის გავრცელებას ვერ აჩერებს.
ვაქცინაციის დაწყებაო, არ აჩერებს ეს ეპიდპროცესს, ეპიდპროცესს აჩერებს ვაქცინაციის დასრულება, ისრაელმა 90 პროცენტი ერთხელ აცრა, ძალიან ბევრია იქ უკვე ორჯერ აცრილი, ისრაელი გადაწყვიტავს ამას, სხვა ქვეყნები გადაწყვიტავენ,მაშინ როცა მორჩებიან, 60-70 პროცენტს როცა აცრიან, მერე იმოქმედებს ეპიდპროცესზე.”
რა შეცდომა დაუშვა ჯანდაცვის სამინისტრომ? პაატა იმნაძე:
“ჩვენი შეცდომა ისაა, რომ არ ვიყავი ბოლომდე ის, რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო აცრები….”
ბატონი პაატა კი რიხით ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამი დღეა წასულიაო, მაგრამ, ბატონო პაატაა, სამი დღე კი არა, მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს წასული და მეტიც, როგორც თქვენივე უფროსის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ამბობს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრები უნდა იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში და ჩინურ ვაქცინაზე სინანულს სჯობდა, ისრაელთან მაინც გეწარმოებიათ მოლაპარაკება, თუ დიპლომატიაზეა დამოკიდებული ვაქცინის შემოტანა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქვეყანაში, სადაც, როგორც თავად გვიმტკიცებენ ჩინოვნიკები, ვაქცინის მიმართ ნდობა ისედაც დაბალია, ახალი მესიჯბოქსი გაჩნდა – “ვაქცინა ხომ არ გინდოდათ მაინც, სულ ერთი არ არის, შემოვა, თუ არ შემოვაო?”…
კიდევ ერთი მესიჯბოქსია, იქნება, უკვე ბევრს გვაქვს გადატანილი და ვაქცინა ისედაც არ გვჭირდებოდესო? იქნება, უკვე გამოვიმუშავეთ ჯოგური იმუნიტეტი, რადგან, ხომ ამბობდით, ინფიცირებულთა ოფიციალური მონაცემი სამზე უნდა გავამრავლოთ და ესე იგი სამჯერ მეტს გადატანილი აქვს უკვე, ის კი ავიწყდებათ, ამ ფორმულის მიხედვით, გარდაცვლილთა რიცხვით რომ უნდა გადავამრავლოთ სამზე მაშინ…
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოფიციალური მონაცემით, გარდაცვლილია – 3553 ადამიანი, ბოლო 24 საათში – 12 ადამიანი.
მესამე მესიჯი და ამას ჩვენ გვერდზეც ხშირად წერენ კომენტარებში – სპეციალურად არ შემოაქვს ეგ ვაქცინები მთავრობას, რომ არ დავიხოცოთო…
მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის ეს მესიჯები, მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ვაქცინა და ვის არა, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ვაქცინის პროპაგანდაზე. ჯანდაცვის სამინისტრო, იმის ნაცვლად, რომ ვაქცინის პროპაგანდა აწარმოოს, კოვაქს პლატფორმას ემუქრება, მერე იკითხავენ ვაქცინის, ან მთავრობის მიმართ ნდობა რატომ იკლებსო…
კომენტარები