19 წლის ჯარისკაცის, ჯონი ძინძიბაძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვს. ვაზიანის მეოთხე ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ სამხედროს სულ ცოტა ხანში გადაასვენებენ, მანამდე კი მისი ოჯახის წევრები მომხდარის იმ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ, რომლის შესახებაც თავდაცვის უწყება და გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან საუბრობდნენ:
“თავს ეგ არ მოიკლავდა, იმდენად ბედნიერი იყო. დამირეკა გუშინწინ, რომ ახალი გოგო გაიცნო. ანი ჰქვია, კარგი ადამიანი, წესიერი გოგოო. მინდა რომ სახლში მოვიყვანო და გაგაცნოთო, ბედნიერი იყო.. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა. ჯარიდან გამოსვლას აპირებდა და მოყვანას”, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის და.
“ხვალ მოვალ, დედა, არ ინერვიულოო, მითხრა…
დაამთავრა ჯარი და ვაზიანში გადავიდა კონტრაქტზე, ამდენი ხანი არ მეცალა და ახლა გავიცანი კარგი გოგო და გაგაცნობო. მიდიოდა და მოდიოდა ჭკვიანად. არაფერი დაუშავებია. შორიდან აქვს ნასროლიო.. იმას მოუკვდა დედა…” – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.
ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი:
“შუბლზე არსებული დაზიანების, საკმაოდ ფართე ჭრილობის, რომელიც მაღალი ალბათობით, შედის, ბუნებრივია, ქალას ძვლებში და ქალას ძვლების დაზიანებით დადგა, ალბათ, სიკვდილი, მიუნიშნებს იმას, რომ ეს შუბლის არეში არსებული ჭრილობა, მაღალი ალბათობით, უნდა იყოს ტყვიის შემავალი ხვრელი, კეფაზე არსებული კი, მაღალი ალბათობით ტყვიის გამომავალი ხვრელი. უნდა დადგინდეს რომელია შესავალი და გამოსავალი ხვრელები. ეს რომ დადგინდება მერე გვეცოდინება სროლის მიმართულება. სროლის მანძილის საკითხის გარკვევის შემდგომ შესაძლებელი იქნება ცალსახად მსჯელობა, საკუთარი ხელით შეეძლო, თუ არა, მიეყენებია საკუთარი თავისთვის ჭრილობა…”
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე მუშაობდა შაქარაშვილის საქმეზეც.
მართალია, ექსპერტმა თქვა, რომ ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს რომელია შემავალი ჭრილობა და რომელი გამავალი, მაგრამ მან ფოტოს მიხედვით უკვე გამოთქვა თავისი აზრი – რამდენად მისაღებია და დასაშვებია ფოტოსურათით მსგავსი ვარაუდის გამოთქმა, დაე, ექსპერტებმა განსაჯონ.
“ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ შაქარაშვილის საქმეზეც გვქონდა ბატონ ექსპერტთან კითხვები, თუმცა, მან ჩვენ ზარებს და მესიჯებს არ უპასუხა.
კომენტარები