რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დააკავეს გემი, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ. სპეცოპერაცია სახელად “ბოკანეგრა“ ესპანელმა სამართალდამცველებმა პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ გემზე 22 თებერვალს ჩაატარეს.
ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სქემა გაიშიფრა – ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემიდან სამართალდამცავებმა 3 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომლის ღირებულებაც შავ ბაზარზე დაახლოებით 150 მილიონ ევროს აღწევს.
“რუსთავი2” -ის ინფორმაციით, გემმა საქართველოს აკვატორია 2 იანვარს დატოვა.
ესპანური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბორტზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, ეკიპაჟის წევრებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გემის ჩაძირვა გადაწყვიტეს. სპეცოპერაციის შედეგად გემ “ნეჰირის“ ეკიპაჟის ცხრა წევრი დააკავეს, რომელთაგან ოთხი საქართველოს, ხუთი კი თურქეთის მოქალაქეა.
ბარსელონას ციხეში გადაყვანამდე ქართველმა მეზღვაურებმა ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხეს. ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო საზღვაო გემით. მათ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირეს. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, კოკაინით დატვირთული ტანკერიდან ნარკოტიკი მცირე გემებით ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში უნდა გადაეზიდათ. დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. მათი ინფორმაციით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა დაკავებულების ინტერესების დამცველებთან და მათი ოჯახის წევრებთან. ესპანეთში გემიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვისთვის დაკავებული ქართველი მეზღვაურები ამჟამად ბარსელონას ციხეში იმყოფებიან.
მათ ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
დაკავებულების ნათესავების განცხადებით, მათ ესპანელი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ქართველები გემზე მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის იმყოფებოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ გემით 3 ათასი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდათ.
“გემზე შემთხვევით მოხვდნენ. 45 დღის განმავლობაში ჩემს შვილთან კონტაქტი არ მქონია, არც ერთი ზარი არ შემოსულა მისგან. იმ დღეს დამირეკა და თქვა, ვიძირებითო. ჩემს შვილს ეს რომ სცოდნოდა, შეიძლება საერთოდ გადამხტარიყო ზღვაში,”- ამბობს ნუკრი გოგიტიძის მამა ნუგზარ გოგიტიძე “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
როგორც შუამავალი კომპანიის წარმომადგენელი ხათუნა ფუტკარაძე “რუსთავი-2”-თან ამბობს, მას დაუკავშირდა თურქული კომპანია, რომელმაც უთხრა, რომ გემზე 4 პირის დასაქმება სურდა, რის შემდეგაც ის ქართველებს დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა. როგორც ფუტკარაძე ჰყვება, ის მუდმივ კონტაქტზე იყო ქართველებთან, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ კარგ პირობებში და სამსახურით კმაყოფილები იყვნენ და მას ამის დამადასტურებელი სმს-ებიც გააჩნია.
კომენტარები