ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტსა და იემენს შორის 20 მიგრანტი ზღვაში გაუჩინარდა. ისინი ზღვაში არალეგალმა გადამყვანებმა გადაყარეს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გადარჩენილი თვითმხილველების მონათხრობზე აცხადებს, რომ პატარა გემზე, რომელმაც ჯიბუტის რესპუბლიკა 3 მარტს, დილით დატოვა, იმყოფებოდა სულ მცირე 200 მიგრანტი, რომლებიც გაჭირვებით ეტეოდნენ გემზე. გამგზავრებიდან 30 წუთის შემდეგ კი არალეგალმა გადამყვანებმა ოთხმოცამდე მიგრანტს აიძულეს ზღვაში გადამხტარიყვნენ.
ნაპირამდე ცოცხლად მხოლოდ 60-მა გამოაღწია. გადარჩენილებს ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკში დახმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა.
უკვე ნაპოვნია ჯიბუტის სანაპიროებზე გამორიყული 5 გვამი. სხვა ჩაძირული მიგრანტების კვალი ჯერ არ ჩანს.
ჯიბუტის რესპუბლიკასა და იემენს შორის მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტით ხშირად გადაჰყავთ არალეგალ გადამზიდავებს საკუთარი ქვეყნებიდან გაქცევის მსურველი მიგრანტები ფულის სანაცვლოდ: იემენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ომის გამო ტოვებენ. აფრიკელები კი სიღარიბისგან თავდასაღწევად ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნებისკენ მიდიან.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში მესამე ტრაგიკული ინციდენტია: გასული წლის ოქტომბერში მსგავს სიტუაციაში 8 ეთიოპიელი მიგრანტი დაიღუპა, 20 კი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები