„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– ლაშა, დღეს მთავარი პოლიტიკური თემა ნიკა მელიას დაჭერა და მის გამოსაშვებად რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციებია. შენი აზრით, რამდენად გონივრული იყო ხელისუფლების მხრიდან მისი დაჭერა?
– ნიკა მელიამ კანონი დაარღვია, სასამართლომ გირაო შეუფარდა, არ გადაიხადა და დაიჭირეს. კი, მე, შენ და ნიკა მელია თანასწორები უნდა ვიყოთ კანონის წინაშე. ჩვენ რომ დავაშავოთ რაღაც და გირაო შეგვიფარდოს სასამართლომ, ის გირაო არ გადავიხადოთ, გვაპატიებს ვინმე? ეგრევე ციხეში გვიკრავენ თავს. ჩვენ რომ პოლიტიკოსები არ ვართ, უნდა დაგვიჭირონ და მელია რადგან პოლიტიკოსია და პარტიის თავმჯდომარე, არ უნდა დაეჭირათ? მელია უარს ამბობდა გირაოს გადახდაზე და ასეთ დროს, თუ არ აღასრულე კანონი, ჩათვალე, რომ ხელისუფლება არ გყავს. გადაეხადა მელიას ის გირაო და არ მოხდებოდა არაფერი. მე მაინც მგონია, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს. ეს იყო მიშა სააკაშვილის დავალება. მიშას ჰგონია, რომ ეს პატარა გუნდა აგორდება და გახდება ზვავი. მერე ქვეყანაში არეულობა და რევოლუციური პროცესები დაიწყება და ამ გზით დაამხობენ ხელისუფლებას. ეს არ მოხდება, რამდენი პოლიტიკური პარტიაა და 2–3 ათას კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს. ხალხი არ არის ბრბო, არ არის ბნელი. ხალხი ხედავს მარტივად ერთს: ადამიანს ჰქონდა გადასახდელი კანონით, სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხა, რომელსაც ყველა იხდის აბსოლუტურად. პრეცენდენტი არ ყოფილა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, რომ ვინმეს დაკისრებული გირაო არ გადაეხადოს. მელია ყვიროდა, არ გადავიხდი, დამიჭირეთო და ადგნენ და დაიჭირეს. ახლა რას ვხედავთ რუსთაველზე, სადაც მელიას დაჭერას აპროტესტებენ? კარვები დადგეს, რომ იქნებ მოახერხონ და გზა გადაკეტონ, ამით კი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბევრი ხალხია გამოსული. არადა, ცოტაა ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მარტო „ნაცები“ და მათი დანაყოფები არ არიან, სხვა პარტიებიც იქ არიან, მაინც ცოტა ხალხია, რადგან არც ამ პარტიებს აქვთ დიდი მხარდაჭერა. დამნაშავე არ არის მელია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზეო, გაიძახიან. ჩვენ აქ რა გვინდა, პარლამენტში უნდა ვიყოთო, მელია არ გაიძახოდა პარლამენტის შტურმის დროს? პარლამენტის შტურმი კი ნამდვილად იყო. რამდენიმე მომზადებული ჯგუფი ჰყავდათ, სპორტსმენები, ყოფილი ძალოვანები, უბრალოდ, ღონიერი და ნავარჯიშები ადამიანები და ისინი უტევდნენ პარლამენტს. პოლიციამ მათი არაერთი შეტევა მოიგერია. მინიმუმ, 6 ასეთი ჯგუფი ჰყავდათ და მორიგეობით მიჰქონდათ იერიში პარლამენტის შესასვლელის წინ მდგომ პოლიციელთა ჯაჭვზე. ეს კარგად ჩანს ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებში. გეგმა იყო პარლამენტში შეჭრა. გარდა მაგისა, „ნაცების“ დეპუტატებმა საშვები რომ დაუშვეს ამ კუნთმაგარ ბიჭებზე, შეიყვანეს პარლამენტში და დასვეს სხდომათა დარბაზში, ესეც გეგმის ნაწილი იყო. შიგნით მყოფები, საჭირო დროს იმოქმედებდნენ. შიგნით, პარლამენტის დაცვას შეუქმნიდნენ პრობლემებს და გარედან შემოვარდნილებს გზას გაუწმენდნენ, მერე ერთად აიღებდნენ პარლამენტის შენობას. ეს რომ მომხდარიყო, სახელმწიფო გადატრიალება უკვე დაწყებული იქნებოდა. ეს იყო პარლამენტის აღების მცდელობა და სხვა არაფერი. ეს ვერ განახორციელა მიშამ, რადგან ძალოვანმა სტრუქტურებმა არ მისცეს ამის საშუალება, 5–6 შეტევას გაუძლეს. არ გახსოვს, მოიერიშეები უკან არ იხევდნენ, ამტვრევდნენ მანქანებს, შენობების შუშებს, სპეცრაზმელებს ჩაფხუტებს, ამუნაციას ართმევდნენ, ძალით გამოჰყავდათ პოლიციელები და სპეცრაზმელები იმ ჯაჭვიდან. თუ შეჭრას არ აპირებს, რატომ შლი ჯაჭვს? რატომ ასუსტებ? ქუჩებში რა ხდებოდა, ისიც გაიხსენე – პოლიციის მანქანებს ამტვრევდნენ. ეს ნორმალური იყო? მოკლედ, ნიკა მელიას შემთხვევაში, კანონი აღასრულა ხელისუფლებამ, მეტი არაფერი მომხდარა.
– რაც არ უნდა თქვათ, ის ფაქტიც ჯიუტია, რომ დასავლეთიდან დიდი ზეწოლაა ხელისუფლებაზე ნიკა მელიას დაჭერის გამო და ახლა ხელისუფლება გზებს ეძებს, რომ მელია გამოუშვას. ანალოგიურ სიტუაციაში, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა პრეზიდენტმა შეიწყალა. შეგახსენებ, რომ ოქრუაშვილიც იმავე ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს, რასაც მელიას ედავებიან – სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. მასაც შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი ნიკა მელიასაც?
– ნიკა მელია პრეზიდენტმა რომ შეიწყალოს, მაშინ მისთვის სასამართლოს უკვე გამოტანილი უნდა ჰქონდეს განაჩენი. ასე მოხდა ოქრუაშვილისა და უგულავას შემთხვევაში. ხელისუფლებამ საგარეო ზეწოლას უნდა გაუძლოს და კანონიერება აღასრულოს. ისე, ახლა დიდი არაფერი ზეწოლაა უცხოეთიდან. თავდაპირველად უფრო ხისტი განცხადებები იყო ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან. მერე შეარბილეს თავიანთი ეს განცხადებები, რადგან მათ განუმარტეს, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში, კანონიერება აღასრულა და სხვა დანარჩენი, ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი იყო. ევროპელი პოლიტიკოსებიც ასე მოიქცნენ. ცხადია, მათ გარდა, რომლებიც მიდან „ნაცების“ მხარეს არიან. ყველაფერზე შეგედავებიან, მაგრამ კანონიერების დაცვაზე ვერ შეგედავებიან. კი, დიდი თუ პატარა, გარკვეული ზეწოლა, ისევ არის ხელისუფლებაზე დასავლეთიდან. ახლა ამას უნდა გაუძლონ. ამას ხელისუფლება არ გააკეთებს და ხალხი გააკეთებს. ის თავყრილობა, რაც რუსთაველზეა, ისევ არეულობასა და ხელისუფლების აყირავებას, მიშას და „ნაცების“ დაბრუნებას ემსახურება. ამას უკვე ჩვენ, ხალხი აღარ დავუშვებთ, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება როგორ მოიქცევა. გამოვალთ ის ხალხი, ვისაც ამათი დაბრუნება არ გვინდა. იმიტომ კი არ გამოვალთ, რომ „ქართული ოცნება“ გადავარჩინოთ. არა, ჩვენ გვიბრძოლია „ნაცების“ წინააღმდეგ, არ დაგვიწყებია მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებები. ღმერთმა არ ქნას, ესენი მობრუნდნენ, ხალხის ქუჩაში დახვრეტას გააგრძელებენ. ერთი რაღაც უნდა შეგახსენო. 2012 წელს, იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერებს, პრინციპში, ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკება ჰქონდათ ამერიკელებთან. პარლამენტში მანდატების 35% „ქართული ოცნებისთვის“ უნდა მიეცათ და 65%– „ნაცებისთვის“. „ციხის კადრები“ გამოჩნდა თუ არა, ეგრევე შეცვალეს პოზიცია ამერიკელებმა. როგორც კი დაინახეს, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ეგრევე გეგმა ბე–ზე გადავიდნენ – „ქართულმა ოცნებამ“ 55% მიიღო და „ნაცებმა“ – 45%. წააგეს არჩევნები. ხალხშია ძალა და ეს რაც გავიხსენე, ამის ნათელი დასტურია. იმ ადამიანებს, ვისაც სააკაშვილისა და „ნაცების“ დაბრუნება უნდათ, უნდა დავანახოთ, რამდენი ვართ, ვისაც ეს არ გვინდა და ვინც ამას არ დაუშვებს. ჩვენ გამოვალთ გარეთ და მაშინვე შეიცვლება ნიკა მელიას საკითხთან დასავლეთის რიტორიკა. გამოვალთ იმაზე 30–ჯერ, 40–ჯერ მეტნი, ვიდრე „ნაცებს“ და სხვა პარტიებს ერთად გამოჰყავთ, ერთი დაძახება უნდა ამ ხალხს და გამოვლენ. ამ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი, გიგა ბოკერიას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ ყავს ნაყიდი ლობისტების მეშვეობით. 30 მილიონი მარტო ერთ ლობისტურ კომპანიას გადაუხადეს. გაიხსენე უშიშროების საბჭომ რამდენი დახარჯა ლობისტურ კომპანიებში, როდესაც მისი მდივანი გიგა ბოკერია იყო. რამდენს ძვირფასი საჩუქარი გაუკეთეს? დღეს ეს ადამიანები „ნაცებთან“ ვალში არიან და უნდათ თუ არ უნდათ, მათი მოთხოვნები უნდა შეასრულონ. ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვის, ბიუჯეტის ფულის საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის გამოყენებისთვის, გიგა ბოკერია დღეს ციხეში უნდა იჯდეს. არადა, ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერია. ჰოდა, ამ ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი მიშას და „ნაცების“ დაბრუნების სასტიკი წინააღმდეგია და ეგრევე შეწყვეტენ „ნაცების“ აქტიურ მხარდაჭერას.
– ხალხი რომ გავიდეს, ერთ მხარეს „ნაცების“ მომხრეები, მეორე მხარეს „ნაცების“ მოწინააღმდეგენი რომ დადგნენ, ეს არ გამოიწვევს ურთიერთდაპირისპირებას და უარეს არეულობას?
– ჩვენ რომ გარეთ გავალთ, ეგენი ცხვირს ვერ გამოყოფენ. თუ აქცია ექნებათ, დაშლიან და სახლებში წავლენ. მშიშრები, ლაჩრები არიან. ხალხს რომ დაინახავენ, გარეთ ვერ გამოვლენ და ვერც გატოკდებიან. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში 1 მილიონი ხმა ავიღეთო, გაიძახიან. როგორ, მილიონი ხმა აიღე და ამ მხარდამჭერთა 10%, 100 000 კაცი ვერ უნდა გამოიყვანო? 2 000 კაცია შეკრებილი, მეტი არა. ახლაც ხომ ტრანსპორტი არ არის ჩაკეტილი, რატომ არ მიდიან მაგათი მომხრეები, თუკი ამდენი მომხრე ჰყავთ? არა, ცსკო–ს დაწერილი ხმები იყო, რის მილიონი? ცსკო–ს ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი უკავია, ერთგან თქვა, რომ 2016 წლის არჩევნებზე, ამერიკიდან გვქონდა დავალება, რომ „ნაცებისთვის“ ნახევარი მილიონი ხმა უნდა დაგვეწერა, რათა მეორე ადგილზე გასულიყვნენ და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი შეენარჩუნებინათო. მაშინ თუ გააკეთეს ეს, ახლა ვერ გააკეთებდნენ? დარწმუნებული ვარ, ის 27% ამ არჩევნებზე არ აუღიათ „ნაცებს“ და დასავლეთის დაკვეთით დაუწერეს. ვერ გამოჰყავთ ხალხი, რადგან არ ჰყავთ მხარდამჭერები. 8 წელია ცოდვილობენ და 40–50 ათას კაცს ვერ მოუყარეს თავი ვერც ერთ აქციაზე. ფულსაც ხარჯავენ, მაგრამ მაინც ვერ გამოჰყავთ. რატომ? ხალხს არ ავიწყდება ის საშინელებები, რაც მათ ჩაიდინეს. ესენი არიან ქვეყნის და ერის მტრები. პატიმრებს ცალკე აუპატიურებდნენ და მათ ცოლებს ცალკე. პატიმრებს აყურებინებდნენ, მათ ცოლებს როგორ აუპატიურებდნენ.
– ადრე, „ნაცების“ რამდენიმე აქციის დროს მითხარი, რომ უკრაინული „მაიდნის“ სცენარით მიდიოდა აქციები, რაც ბოლოს, „ნაცების“ მიერ ხალხის, რიგითი მომიტინგეების დახოცვითა და სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდებოდა. მაშინ არ გამოუვიდათ და ახლაც იგივე გეგმა აქვთ?
– რატომაც არა, მგელი მგლობას მოიშლის? არ მოიშლის. საშუალება რომ მიეცათ, ზღვა სისხლს დაღვრიან, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს საშუალება კი ხალხის მხარდაჭერაა და ეგ არ აქვთ. გარდა მაგისა, მაგათ რევოლუციას დიდი და სერიოზული პატრონი არ ჰყავს, აშკარაა, თორემ აქამდე ხელისუფლებას გვარიანად მაინც შეაჯანჯღარებდნენ, დამხობაზე არაფერს ვამბობ. ვერც ამას აკეთებენ. გარე ძალებს ვგულისხმობ, გინდა დასავლეთი აიღე და გინდა – რუსეთი. მშვიდობიან, ე.წ. ხავერდოვან რევოლუციაზეც არიან წამსვლელები და შეაიარაღებულ, სისხლიან გადატრიალებაზეც. თუ მსგავსი რამ დაიწყეს, ამის ნიშნები გამოიკვეთა, ჩვენ გარეთ უნდა გავიდეთ და ჩვენი ოჯახები დავიცვათ ამ სისხლის მსმელებისგან.
ვინ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში? ხალხს წიწილებივით ხოცავდნენ. რა აქვთ გაკეთებული, არ გახსოვს? რა ნამუსით ლაპარაკობენ ეგენი კანონის უზენაესობაზე? რომელ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობენ ესენი და რომელი სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობაზე? რომელ მიტევებასა და დანდობაზე ამუნათებენ სხვას? „ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ 3 უდანაშაულო ბიჭი ჩახოცეს, რადგან დათა და ბაჩო ახალაიებს ეგრე აწყობდათ? როინ შავაძე მაგათ არ მოკლეს? დავით ცინდელიანი არ მოკლეს და ზღვაში არ გადააგდეს? სერგო თეთრაძეს რა დამართეს? სულხან მოლაშვილი მაგათ არ შეიწირეს? გურჩიანის ამბავი გაიხსენე, მკვლელობა „შეტენეს“, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და 10 წელი ციხეში იჯდა სრულიად უდანაშაულო კაცი. გიორგი ზერეკიძე და გვანცა ყუფარაძე ამათ არ დაიჭირეს? 14 წლის ზერეკიძეს 10 წელი მიუსაჯეს, მერე მამამისს, მამუკა ზერეკიძეს ჩაუდეს „სუბოტექსი“, რომ გაჩუმებულიყო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1 წელიწადში ციხეში გარდაიცვალა მამუკა ზერეკიძე. საკითხავია, გარდაიცვალა თუ მოკლეს. სხვათა შორის, მამუკა ზერეკიძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, პარიზიდან ჩამოფრინდა. საფრანგეთში კი, სტრასბურგში იმყოფებოდა, სტრასბურგის სასამართლოში შვილის უკანონო განაჩენი გაასაჩივრა. 14 წლისა იყო გვანცა ყუფარაძე, როდესაც 5 წელი ციხე და 5 წელი პირობითი მიუსაჯეს. ბესო ხარძიანს რა გაუკეთეს? რამდენს წაართვეს ქონება, სახლ–კარი, ბიზნესი და ქუჩაში დატოვეს ხალხი. რამდენი აწამეს ციხეში, სუს–ში, პოლიციაში, ფინანსურ პოლიციაში, რომ ქონება დაეთმოთ? დღეს ვერ მოვრჩები ლაპარაკს, იმდენი ეგეთი ფაქტი ვიცი. ამ სისხლიან ნაძირალებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? ეს არასდროს მოხდება!!!
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები