„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.
– რაც მიშას ზეობის დროს მისი ხელისუფლების დანაშაულებებზე „ალიაში“ იწერებოდა, ასტომეული დაიბეჭდება! როცა ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველა ნომერში ვწერდით, რომ გამოეძიებინათ ეს საქმეები, დაესაჯათ დამნაშავეები და აეკრძალათ ნაცმოძრაობისთვის პოლიტიკური საქმიანობა. მაგრამ არა! გაიყურსნენ ესენი და ბოლოს „კოაბიტაციით“ დაასრულეს. ახლა კიდე ისიც მოახერხეს, რომ „ნაცებს“ გვერდში დაუყენეს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მიშას წლები ებრძოდნენ. ახლა კი ყველა ერთად სწორედ „ოცნებას“ და ივანიშვილს უტევს.
– მოდი, ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. მისმა გარემოცვამ შექმნა ეს ვითარება. ამ უახლოესი გარემოცვის წევრებს უნდათ, რომ მას სახელი გაუტეხონ. ყველა შეცდომა, რაც ხელისუფლებას მოსდის, ყველა დანაშული, რაც ჩაიდინეს, მას დაბრალდეს. კი, ბევრი აქვს მოსაკითხი ხელისუფლებას, ხალხი გულნატკენია, მაგრამ „ნაცები“ მაინც არ უნდათ. მე არ ველოდი ნინო ბურჯანაძისგან, რომ შალიკოს ფანჩატურში აღმოჩნდებოდა. რევანშისტები არიან ყველანი, ერთი სული აქვთ, ეს ხელისუფლება ჩამოაგდონ, დაწყებული შალვა ნათელაშვილით და ფიქრია ჩიხრაძით დამთავრებული. რა უბედურებაა ეს? იმას კი არ ფიქრობენ, რომ ქვეყანა ისე დაიშლება, იმის აწყობას ერთი 50 წელი მაინც დასჭირდება.
– ბიძინა ივანიშვილი იმ თავის გარემოცვას თვითონ არ ირჩევს? მე ხომ არ ვუნიშნავ? უკვე წლებია, ყველაფერი ივანიშვილის გარემოცვას ბრალდება.
– იმ გარემოცვის მეტი წილი, გარედან არის დანიშნული. ვიღაცების დარეკვებით, ზარებით ინიშნება ხალხი. ივანიშვილს აუკრძალეს ეროვნული, პატრიოტული ჯგუფის შექმნა, რასაც აპირებდა. ზუსტად ვიცი, რომ უნდოდა ასეთი პატრიოტული ჯგუფის შექმნა. ეს ამბავი გახმაურდა თუ არა, იმავე დღეს დაურეკა ამერიკის მაშინდელმა ელჩმა და შეხვედრა სთხოვა. მივიდა ბიძინასთან და უთხრა, რა ეროვნულ ძალაზე ლაპარაკობ, ეს საკითხი გააჩერე, მაგაზე არც კი იფიქროო. არის რაღაც საკითხები, სადაც ივანიშვილი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. იგივე ხდება გარემოცვის შერჩევისას.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები