“ალიას” ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე.
– როგორ ფიქრობთ, ვინ გამოიტანა ეს ჩანაწერები სწორედ ახლა და რატომ?
– რთული საკითხია, შეიძლება შიგნიდანაც მოხდა, გახარიას ხელიც ერიოს, შესაძლოა, ის დიდი ხანია ებრძვის გარკვეული ჟურნალისტების ხელით ღარიბაშვილს, ცდილობს მის დისკრედიტაციას. საქართველოში პოლიტიკოსების კერთპთაყვანისმცემლობა გვაქვს გარკვეულწილად, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ გახარიას დღემდე ჰყავს თავისი მომხრეები და არათუ გახარიას, სააკაშვილსაც კი, თორემ, გახარიამ გაყიდა რიონის ხეობა თურქეთზე, ორი გვამის მოთხოვნისას, მერაბიშვილის გვერდით მდგომი ხოჯევანიშვილი დააწინაურა და ა.შ. თუმცა, ცხადია, ვერავინ დადებს ვიდეოს, როგორ მიაქვს ტვ პირველში გახარიას ჩანაწერები. დარწმუნებული ვარ, ეს ჩანაწერები, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდშია ჩაწერილი 2010 წელს. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა კი ისაა, რომ მოინდომეს ძალოვან სისტემაში მყოფი ადამიანების გაკეთილშობილება… გამოსაკვლევია, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერები ტელევიზიაში. ისიც სანახავია, მონტაჟს აქვს თუ არა, ადგილი. მე ამ ჩანაწერში ღარიბაშვილის ხმას ვერ ვცნობ… გარდა ამისა, არ ჩანს, რომ ეს ხდება მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ეს ხდება 2010 წელს, როცა ჩუბინიძე დაცვის უფროსია, ღარიბაშვილი მეგობარი და საუბრობენ ერთმანეთში… ჩუბინიძე ხომ ამბობს, დედასთან მივედიო… მივიდა და დაელაპარაკა, ალბათ. მე რომ მაგინებენ და მემუქრებიან შეიძლება და სხვისი მუქარა არაფერია? უამრავი ადამიანი ნახულობს ამ გინებას და მუქარას სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრები უყურებენ, არ აქვს უფლება მივიდეს და დაელაპარაკოს? სადმე გამოჩნდა რომ ვინმე სცემეს? ეს ვიღაცა ცეცხლაძე რომ გამოჩნდა ახლა, ნაციონალი, რატომ უნდა მჯეროდეს მისი? მე არავის ხელს არ ვაფარებ, მე ვარ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგი, თუკი გინებაზე ჰქონდათ რეაქცია, მივიდა და უთხრა, რა არის ამაში დანაშაული?
– „ჩაფსმული წავა სკოლაშიო“, „არა, საერთოდ ვერ წავაო“… „ჩამოვუაროთ მეორედ და დედა მოვუ…ნათო…“ – ეს არაფერია?
– ინტერპრეტაციებს ნუ უსმენთ, იქ არსად საუბარში არ ჩანს, რომ ვინმე გალახეს, ან სცემეს. არავის აქვს უფლება დედაზე აგინოს ადამიანს. ახლა რომ გამოვიდნენ და გინების აქციას აწყობენ, მოგწონთ? მეცოცხეობიდან გადაიქცნენ დედის მაგინებლებლად. არც ქრისტიანულადაა დედის გინება გამართლებული. დედის გინების გამო საქართველოში კაცი კაცს კლავს და ადამიანებს ხვრეტდნენ დედის გინების გამო. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ჩვენ უნდა ვითმინოთ ნაცებისგან დედის გინება და ხმა არ უნდა გავიღოთ. გამოსაკვლევია ჩანაწერი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ იქ დანაშაული არ იკვეთება. ხელისუფლებაში რომ არის, არც ეგ ჩანს. ტელეფონში საუბრისას, მინდა შევიგინებ და როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. გვარამია მაშინ ბორკილებით უნდა იჯდეს, იმდენს იგინება… ამ სიტყვების უკან იმალები ვინმე ნაცემი? დასისხლიანებული? საქართველო პატარა ქვეყანაა და გავიგებდით. აი, მიყურადება და ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება ცალკე დანაშაულია. ამ ჟურნალისტებს ჰგონიათ პრივილეგირებულნი არიან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ჩანაწერი გამოაქვეყნებს. ნახეთ რა ქნეს ნაცებმა? გაანადგურებინეს ჩანაწერები და ახლა თავად იყენებენ იმ ჩანაწერების ასლებს…
ჩემი შვილი თუ ვინმეს დედას აგინებს სისტემატიურად, ვინმე მოვა და ამას მეტყვის, ჩემ შვილს დავსჯი. ვიღაცას აგინოს და მე იმაზე გავბრაზდე, ვისაც აგინებს, ეს რანაირი პოზიციაა? დედის გინების გამო კაცს კლავდნენ, ხვრეტდნენ… მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და ჩემზე მუქარა რომ განხორციელდა, მივიტანე მასალები შესაბამის უწყებებში და მერე რა, ვინმე დაინტერესდა? გვარამია აგერ ყველას აგინებს ყველა ეთერში…
– რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ დედის გინების გამო კაცი კაცს კლავს, არ შეიძლება დედის გინების გამო ადამიანის მოკვლა იქნეს გამართლებული. ამ პრინციპით, გირგვილიანთან დაპირისპირებაც დედის გინების გამო დაიწყო და უნდა მოეკლათ?
– გირგვლიანი მოკლეს და ამათ ვინმე მოკლეს? მერე რას იზამენ, არ ვიცით, მაგრამ ჯერ არ მოუკლავთ არავინ. მივიდნენ დედამისთან, დედამ უარჰყო ძალადობა და დააბულინგეს ნაცები ტელევიზიებიდან, რატომ ხმას არ იღებო. რეპერიც გამოვიდა, არაფერი მუქარა არ ყოფილა და ისე ატრიალებენ იმ ვიდეოს, უნდათ ასე გამოაჩინონო. ვიღაცა რომ მომკვდარიყო, გამოჩნდებოდა და მერეზე ადამიანი არ ისჯება. არ უნდა მოკლას, არაფერის გამო არ უნდა მოკლას კაცმა კაცი. აქამდე რომ არ მისულიყო საქმე, ამიტომაც მივიდნენ და გააფრთხილეს. ვინმე აწამეს? ვინმე მოკლეს? ახლა ამათ ჰგონიათ ციხის კადრების მსგავსი რაღაცა დადეს – ვერ გაუმართლათ იმედები. მე ამ ჩანაწერებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. როცა ვიღაცა აგინებს, თუ მივა და ეტყვის, ასე აღარ თქვაო, რა არის ამაში ცუდი? აბა, აგინონ და სტრესში იყოს მთელი ცხოვრება?
ალია
კომენტარები