“ალიას” ესაუბრება პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია
– თქვენ დაასახელეთ გავრცელებული ჩანაწერების სავარაუდო გამავრცელებლად სამი ადამიანი, ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და სოსო გოგაშვილი. როგორ ფიქრობთ, რა არის თითოეულის მოტივი? და ვინ რას მოიგებს ამ ჩანაწერების გავრცელებით?
– ეს არის პოლიტიკური ფაქტორი. ციხე შიგნიდან ტყდებაო, ნათქვამია, თავის დროზე, ბედუკაძემ გამოიტანა ის კადრები. ბედუკაძე იყო იმ დროს სისტემის ნაწილი. დღესაც ამ სისტემის ნაწილიდან გამოდიან ადამიანები, რომლებიც ამას კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ. სამი ვარიანტი იმიტომ ჩამოვთვალე, გახარია, კობახიძე და გოგაშვილი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მოტივი, პოლიტიკური ანგარიშსწორების მათ აქვთ. გახარიაზე, შედარებით ნაკლებად ვფიქრობ, მაგრამ რეალისტური ჰიპოთეზაა და ხაზს ვუსვამ, ვმსჯელობ ჰიპოთეზურად, გახარია საკმაოდ უკმაყოფილო იყო, ნეგატიური ფონით წავიდა და მას არ მიუღია ივანიშვილისგან ის მხარდაჭერა, რომელიც სურდა. მას რომ ჰქონოდა მხარდაჭერა, ეს თემა, მელიას დაჭერა, ასე შორს არ წავიდოდა და გახარიას პრემიერის პოსტად არ დაუჯდებოდა. მას უკვე აქვს თავისი პირადი მოტივები „ქართულ ოცნებასთან“ და ივანიშვილთან დაკავშირებით. გოგაშვილის თემა ყველაზე გაცვეთილია, თავად გამოდის და გამოაქვს ამბები უსაფრთხოების სივრციდან – შესაბამისად, მასზე ეჭვის მიტანა ყველაზე მარტივი გზაა. თუმცა, მე პირადად, ყველაზე სარწმუნო მგონია კობახიძის ფაქტორი. კობახიძეს რეალური გავლენები აქვს სასამართლოზე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო უწყებებზე. სამწუხაროდ, მის გავლენებს ნაკლები ყურადღება ექცევა და კომიკურ პიროვნებად აღიქვამენ, რაც ადრეც ვთქვი „ალიასთან“ და გავიმეორე – შეცდომაა. ნიკა მელიას ქეისი კობახიძის აფეთქებულია. ამას შეეწირა გახარიას პოსტი. ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნა კობახიძისთვის სილის გაწვნა იყო, მას სპიკერობაც კი ჩამოერთვა. ამიტომ სრულიად რეალისტურად ჟღერს, რომ სწორედ მან დაუდო ღარიბაშვილს ეს ნაღმი ახლა. ისედაც მაღალია ღარიბაშვილისადმი ნეგატიური განწყობა. კობახიძისთვის კი ეს არის კარგი შესაძლებლობა გავლენები მეტად გააძლიეროს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში, მარტო არ მოქმედებენ და გარკვეული ალიანსი აქვთ, ახლა ძნელია იმის თქმა, ვინ ვისთან იკვეთება, თუმცა, შესაძლოა, რეალურად მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესებში. ახლა ყველაზე გონივრული იქნება, დროულად გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები, სხვა დღის წესრიგზე გადაერთონ პოლიტიკოსებიც. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდშიც შესაძლოა მოხდეს ჩანაწერების გამოქვეყნება, როგორც ეს 2012 წელს მოხდა. ითხოვენ ღარიბაშვილის გადადგომას, როგორც მოვისმინე და ეს არაფერს ცვლის, ამით სისტემის შეცვლის პერსპექტივა ნაკლებია. ასე მხოლოდ კობახიძე გაზრდის თავის გავლენებს. თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ზომიერად ჩატარდება, ვინც მოვა ხელისუფლებაში, მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია, აი, მერე შეიძლება იყოს საუბარი პოლიტიკურ წონასწორობაზე. ამ შემთხვევაში იგებს ოპოზიციაც, მას აწყობს ხელისუფლების დისკრედიტაციის ნებისმიერი გზა. იგებს კობახიძე, რომელიც ჯერჯერობით არ არის ასოცირებული ჩანაწერების გავრცელებასთან, თითქოს არც არსებობს, არ ახსენებენ.
– თუ კობახიძეა ამ ჩანაწერების გამავრცელებელი, ის ღარიბაშვილის კი არა, პირდაპირ ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა.
– კი. კობახიძემ გარკვეული ტიპის გავლენები და გარკვეული კლანი უკვე შექმნა. მისი კომიკური პერსონის გამო, ოპოზიცია არ უთმობს მასზე საუბარს დიდ დროს. კობახიძის შემთხვევაში მოტივი მეტია. არც ის გამორიცხოთ, რომ მას სურს იქეთ გახდეს ივანიშვილი დასახმარებელი.
– ამისთვის მას ჩუბინიძე უნდა დასჭირდეს, წესით და გომელაურიც, იქნებ, ამიტომაცაა ჩუბინიძე ჯერჯერობით „კარგი ბიჭი?“ და გომელაური, მხოლოდ „ვახო ბიჭი“?
– თეორიულად, შესაძლებელია. აღმასრულებელი ხელისუფლების ეს შტო მას აუცილებლად დასჭირდება. სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოებში მას აქვს გავლენები, მაგრამ რამდენად შორსაა მისი საცეცები წასული, რთული სათქმელია. არ არის გამორიცხული, გზას ქმნიდეს, რათა ძალოვნების სივრცეზეც გავიდეს. აქამდე მას ნაკლებად ჰქონდა ძალოვნებზე გავლენა და ძალოვან უწყებებზე გავლენას ივანიშვილი ინარჩუნებდა, შესაძლოა, მას ამ ხაზის დაკავებაც უნდა.
– საუბრობენ იმაზეც, რომ კიდევ ვიხილავთ ჩანაწერებს, თუ გაქვთ ვერსია, რას შეიძლება ველოდოთ?
– ჯერჯერობით ეს სამიზნეებია, ივანიშვილის ოჯახი და ღარიბაშვილი, ღარიბაშვილიც სწორედ იმიტომაა დარტყმის ქვეშ, რომ ივანიშვილის კადრია. გააჩნია, როგორი იქნება დუღილის ტემპერატურა და რა მოხდება ხვალ. თუ ის რეაქცია არ მოჰყვება ამ ჩანაწერების გავრცელებას, რაც მას სურდა, მაგ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმის, რომ გაგრძელდეს ჩანაწერების გამოქვეყნება და სამიზნეებიც დაემატოს.
ალია
კომენტარები