ვეტერანი მორაგბეები, რომლებიც რაგბის კავშირის დღეს არჩეულ პრეზიდენტს მხარს არ უჭერენ, აცხადებენ, რომ “ამ შეურაცხყოფას არ აპატიებენ” და აპირებენ ბრძოლის ბოლომდე გაგრძელებას – როგორც თავად აცხადებენ, ტყემალაძესთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.
მათი ქმით, არჩევნებმა დარღვევებით, ძალადობის, პოლიტიკური ჩარევებისა და შანტაჟის ფონზე ჩაიარა.
“არ მოვასვენებთ ჩვენ ამათ, ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ, ჩვენი გუნდის სახელით ვიძახი, თეორიული შანსი არ არის, რომ რამე დალაგდეს ჩვენ შორის, რადგან ეს რაგბის თემის შეურაცხყოფაა, ასევე ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფაა, რასაც არავის არ ვაპატიებთ” – ამბობს ბობა კვინიხიძე.
“დღეს ყველანაირი უკანონობა დააკანონეს. ძალით წაღებული ხმებით ჩაატარეს არჩევნები. ფაქტები არის ძალიან სასირცხვილო და ამას უკანონობაც აღარ ქვია. ზოგი დააშინეს, ზოგი გადააყენეს, ზოგი მოისყიდეს და ასეთი ძალადობით მოსული ადამიანები რაგბს ვერ განავითარებენ “, – ამბობს რამაზ ხარაზიშვილი.
“დააბინძურეს რაგბი. დღეს რაგბი გახდა ისეთი, სადაც ყველაფერი მოსულა. ჩვენ რაგბისტები ფასეულობებით ვამაყობდით, მაგრამ დღეს არანაირი ზღვარი აღარ არის. ასეთი ფორმით, ძალით ადამიანი მოვიდეს, სპორტი გინდა თუ რაც არ უნდა იყოს, არასწორია”, – ამბობს პალიკო ჯიმშელიძე.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კომენტარები