ჩეხეთის ექსპრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა ქვეყანაში მოქმედი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები მესამედ დაარღვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
კლაუსი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, 5 მარტს თვითიზოლაციიდან გამოვიდა და პრაღიდან საკურორტო ქალაქ ჩერნი დულში გაემგზავრა, რითაც რეგიონებს შორის გადაადგილებაზე 1-ლი მარტიდან მოქმედი შეზღუდვა დაარღვია. რეგულაციის დარღვევისთვის ყოფილ პრეზიდენტს ჯარიმა ემუქრება.
80 წლის ვაცლავ კლაუსი, რომელიც კოლექტიური იმუნიტეტის თეორიის მომხრეა და უარს ამბობს ვაქცინაციაზე, 2020 წლის 28 ოქტომბერს საჯარო ღონისძიებაზე პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაახლოებით 400 ევროთი დააჯარიმეს. ანალოგიური დარღვევისთვის 2020 წლის 17 ნოემბერს ის კიდევ 120 ევროთი დააჯარიმეს.
ვაცლავ კლაუსი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს 2003-2013 წლებში იკავებდა.
კომენტარები