განათლების სამინისტროს ცნობით, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.
“ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, გარდა ამისა, მოზარდებისთვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებლებისთვუს – სატრენინგო მოდულები.
„შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.”
კომენტარები