ტელეკომპანია “გროზნომ“, რომელიც ჩეჩნეთის სახელმწიფო არხია, “ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელიც ჩეჩენ ჯადოქარ ქალებსა და ამის გამო, მათ დაკავებას უკავშირდება.
“შარლატანების ოკულტური საქმიანობა ჩაიწერა ფარული კამერით. კადრებზე ჩანს, რომ ისინი გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ. ერთი მათგანი კი, მომხმარებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას “ჯადოქრობის“ მომსახურების საფასურის შესახებ. ქალმა ფრჩხილების, თმისა და სისხლის გამოყენებით შელოცვის რიტუალი ჩაატარა. დაკავებულებს შორის არიან საზოგადოებათმცოდნეობისა და ისტორიის მასწავლებლები, რომლებიც შემოსავალს მჩხიბავობით შოულობდნენ“, – ამბობს რეპორტაჟის ავტორი.
დაკავებულებთან “პროფილაქტიკური საუბარი“ ჩაატარა ისლამური მედიცინის კვლევის ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ადამ ელჟურკაევმა და მან თქვა, რომ ისლამში ჯადოქრობა უმძიმეს ცოდვად ითვლება.
როგორც ekhokavkaza.com წერს, ჩეჩნეთში მსგავსი შემთხვევები ხშირია და ადგილობრივი ქალები მსგავს საქმიანობას ხშირად ეწევიან. მაგალითად, ამ წლის თებერვალში, ჩეჩენმა ჟურნალისტებმა “ჯადოქრობაში” გროზნოში მცხოვრები ზინა დოლუევა ამხილეს, რომელმაც მოგვიანებით “ცოდვა კამერების წინ აღიარა და მოინანია.“
“გრძნეულების“ დევნა ჩეჩნეთში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დაკავებულები, როგორც წესი, საჯაროდ, კამერების წინ ნანობენ თავიანთ საქციელს და ბოდიშს იხდიან. ჩეჩნეთში ამბობენ, რომ “ჯადოქრობა ტერორიზმსა და ნარკომანიაზე უფრო სახიფათოა.“
წყარო: ekhokavkaza.com
კომენტარები