გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“აპლიკაციით დაწყებული, მოლაპარაკებებით დამთავრებული, ყველგან ჩავარდნა იყო ჩვენ სისტემაში. ყველა ეს “ტიპი” – სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის დამნაშავე. ოპოზიციურ პარტიებმაც საქმეზე გადასვლის ნაცვლად, სხვა საუბარი არჩიეს. ყველა ყოფილი მინისტრი, ყოფილი მინისტრების ყოფილი მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები ყოფილები, ყველანი არიან დამნაშავე იმაში, სადამდეც მივიდა სისტემა. რომ იყავით – რა გააკეთეთ? ამიტომ ვლანძღავ ყველას – სალანძღავები არიან, ზოგი დასაჭერია, ზოგი ციხეშია ჩასასმელი…
აეროპორტს გავხნით, ფრენა გაიხსნება ერთ თვეშიო – გაიხსნა? ატყუებდით ხალხს, რომ აი, ერთი თვე გადავაგოროთ და ამ გადაგორება-გადაგორებაში გაანადგურეთ ქვეყანა.
ეს სამი მუშკეტერი და დარტანიანები ვინც ხართ, ხალხი თავიდან თქვენზე ლოცულობდა, პოლიტიკაში რა ჯანდაბა გინდოდათ? არ შეიძლება ექიმი და პოლიტიკა. ეშმაკიც რომ მოვიდეს და კუდი ჰქონდეს მოტეხილი, უნდა უმკურნალო და მერე სხვებმა მიხედონ. ექიმს არა აქვს მისი განსჯის უფლება. ექიმის ფუნქციაა თქვას სიმართლე და იფიქროს ჯანმრთელობაზე. დაიკარგა თქვენი ნდობა და ესაა მთელი უბედურება.
ერთი ქალბატონი მწერს დღეს, ვნახე რა თქვით, ბატონ ამირანზე და ეს როგორ აკადრეთო… ვცდილობ კორექტული ვიყო, მაგრამ ამომასხა ამ ნეპოტიზმმა, არაპროფესიონალიზმმა, კორუფციამ. თქვენ არ ამოგასხათ? ამდენი არაპროფესიონალი ყველა კუთხით? ისეთი საშინელი მდგომარეობაა ქვეყანაში, ხიდიდან გადმოსახტომები ვართ.
მე ქუთაისელი ვარ და გული გამისკდა რომ დავინახე აქცია, ვთქვი, ვაუ, რამდენი ხალხია… და ტელევიზორი რომ ჩავრთე, ქუთაისის აცია იყო მეათხარისხოვანი… ვიღაცა ხალხი კაბინეტებში რაღაცას ჩალიჩობს, ეს ყოფილა მთავარი და ათასობით ქუთაისელი რომ გამოვიდა გარეთ ეს ყოფილა მეათეხარისხოვანი. გავგიჟდი. ეს ქვეყანა რისთვის და ვისთვის არის? ხალხისთვის არ არის? ხალხია გამოსული ყველაზე ბუნჩულა ქალაქში – ხუმრობა-ხუმრობით ატარებენ ყველაფერს. ქუთაისლები რომ გამოდიან გარეთ, უნდა ვაღიაროთ რომ პრობლემაა ქვეყანაში და არ არის მხოლოდ ჰესში საქმე. ამ თამაშ-თამაშით, ამ აქციებით, ვირუსი ბრუნდება, აფეთქდება ისევ. ხედავ, რომ ხალხი გამოდის, უნდა წახვიდე დათმობებზე. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს.
ვერ ვიქნები ამ კლანების, ყაჩაღების, ძველი ბიჭების, “სასტავის” ტიპი. ყაჩაღების ხელშია ქვეყანა შევარდნაძის მმართველობიდან დაწყებული, დღემდე.
ქუთაისში დროშა ვერ დაკიდეთ, ვაქცინა ვერ ჩამოიტანეთ და რომ ჩამოიტანეთ ჩააფლავეთ სისტემა. ეს არის თავის მოჭრა.
ახლა “ევექსზე” – მე ვიყავი “ევექსის” გენერალური დირექტორის მოადგილე, როცა ჯერ კიდევ იწყებდა ფეხის ადგმას. მე ერთი წელიწადი ვიმუშავე და ძალიან ბევრი ენერგია ჩავდე. 16 პროექტი დავუტოვე და რომ წამოვედი, ვერც ერთი ვერ გააკეთეს მაგ უპატრონოებმა და გაუნათლებლებმა. დიახ, გაუნათლებელებმა!
ზუგდიდში გავაკეთეთ პირველებმა ვაქცინაო, თქვეს ეს არის სახელმწიფოებრივი პროგრამა, შენ რა გააკეთე? ეს არის სახელმწიფო პროგრამა. მამამისი აკეთებს ვაქცინაციის პროგრამას და შვილი უთხრის მიწას მამას?
ყველამ იცის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის მინისტრის, კი უარყოფენ, მაგრამ ეს ყველამ იცის – რად გვინდა ზღაპრები და ყველაფერი კარგადააო, ძახილი… – რა კარგადაა? ვერ იტანენ და ჭამენ ერთმანეთს. ტელევიზორითაც მიხვდებით, კომუნიკაცია არა აქვთ, ინფორმაციის გაცვლა არა აქვთ, ერთი ამბობს ერთს და მეორე – მეორეს. მერე შვილი გამოდის, მეო, ვაქცინები ჩამომაქვსო. ზუგდიდში გავაკეთე პირველი ვაქცინაო. ამ ქვეყანაში ვერ გავიგე ვისი…
ფაქტია, კახელმა კაცმა რომ უთხრა ელისაშვილს, ა, ეგრეა რა.
ისე გადაიღეს ეს ვიდეო თან, კარგადაც ვერ გადაიღეს, აფეთქდა ინტერნეტი, ყალბი წამალი გაუკეთესო… რუსთავი2-საც რა ვუთხარი, რა გჭირთ, ანადგურებთ ამ ქვეყანას? ეს ხომ მავნებლობაა? 37 წელი რომ იყოს ახლა, უკვე დახვრეტილები იქნებოდით.
აი, პაატას გაუკეთეს ნორმალურად – ტრენინგი გაიარეს, აჩვენეს წამალი და სპექტაკლი დადგეს და ეს რა უბედურება იყო ზუგდიდში? 15 წუთით ადრე გავაკეთეო… და ჰგონიათ “ევექსმა” რეკლამა გაიკეთა? ამაზე მეტი ანტირეკლამა რა შეილება იყოს?
ჭკუა რომ არ გაქვთ, გავიგეთ, გაკოტრებულ კომპანია რომ ხართ, გავიგეთ, ლონდონიდან რომ გამოგაგდეს – გავიგეთ, მაგრამ, ასეთი რამის ჩადენა?
დაავადებათა კონტროლი – სირცხვილია, ვერაფერს აკეთებთ და ვიღაცა გოგო გამოვიდა, რაღაცა დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომენტარებით, სირცხვილია… გაეროში მუშაობ და რა უფლებით ლაპარაკობო, მეუბნება… იმის ნაცვლად, რომ ბატონო გიორგი, იქნებ დაგვეხმაროთ, გამოდიხართ და ამას ამბობთ? დასაჭერები ხართ…
თქვენ ხართ ყველაზე დიდი ანტივაქსერები ამ ქვეყანაში, ყველაფერი გააკეთეთ და ხალხს შეაძულეთ ვაქცინა.
თქვენზე ასჯერ მეტი გამოცდილება მაქვს, რომელი თქვენთაგანი მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში? რომელი თქვენთანაგნი მუშაობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჟენევაში? ისე კი არა, მოადგილის, მოადგილის კლერკად რომ მუშაობდა ერთი, არ დავასახელებ სახელს და გვარს. თქვენობით და ბოდიშებით უნდა მელაპარაკოთ. მე რომ გეხმარებით, იმას კი არ ნიშნავს რომ თავზე უნდა დამაჯდეთ, უზრდელები! გაანადგურეთ და დედა უტირეთ ქვეყანას.
არ დაგავიწყდეთ, პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა – მიტინგებზეც თუ მიდიხართ, დაიცავით დისტანცია!”
“ალია” დაუკავშირდა “ევექსს” – მაგრამ, “ევექსმა” კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
კომენტარები