გავრცელებული ინფორმაციით, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების პროცესიდან “პატრიოტთა ალიანსი” და ლეიბორისტული პარტია “ჩახსნეს”.
“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე ambebi.ge-ს უდასტურებს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ ეს “ნაციონალებისა“ და “ოცნების“ ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომლებიც მოლაპარაკებებზე მხოლოდ შეთანხმების მე-4 პუნქტზე მსჯელობენ და მათ ვადამდელი არჩევნები უკვე აღარ აინტერესებთ.
“ორი დღეა შეხვედრაზე ჩვენთვის არავის დაუძახია, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენც და შალვასაც გამოკვეთილი პოზიცია გვქონდა იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არავითარი თვითმმართველობაზე მიბმა, პლებისციტი და სხვა. არ ვიცი, ეს ვინ გადაწყვიტა, არ დაუძახიათ და ძალით ხომ არ შევამტვრევთ კარს? მიზეზი არ აუხსნიათ, ალბათ ბოლოს, როცა საერთო შეკრება იქნება, გვეტყვიან.
ახლა ნაცებს და ქოცებს გარიგება უნდათ ერთმანეთთან, როგორ მართონ ერთად ქვეყანა და ამ შეხვედრაზე ჩვენ ხომ არ დაგვასწრებენ? ამიტომ რა ვქნათ, ძალით ხომ არ შევუვარდებით? ჩვენ მაგიდა არ აგვიყირავებია, დიალოგის მომხრე ვართ. რა იყო ოპოზიციის მოთხოვნა? თავიდანვე არსებობდა ერთადერთი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები. როცა არჩევნები გაყალბდა, მაშინ მელიას თემა ხომ არ არსებობდა? ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ახლა თუ ამ მოთხოვნას ოპოზიცია უკან წაიღებს, ეს კონსენსუსი კი აღარაა, ეს ნიშნავს იმას, რომ გქონდა მოთხოვნა და აღარ გაქვს და დათანხმდი ხელისუფლებას.
ამიტომ თუ იმაზე გვესაუბრებიან, გაზაფხულზე ჩავატაროთ, შემოდგომაზე, თუ იმ წლის გაზაფხულზე, ეს შეიძლება იყოს კონსენსუსის თემა. ამიტომ ბრალდება, რომ კონსენსუსზე არ მივდივართ, ეს არაა მართებული, მივდივართ კონსენსუსზე და დაგველაპარაკონ ნორმალურად. დავჯდეთ და ვისაუბროთ, როდის და რა ფორმით ჩაინიშნოს არჩევნები. დღეს “ნაცმო” და მასთან დაკავშირებული პარტიები აღარ ლაპარაკობენ ვადამდელ არჩევნებზე, აღარც პლებისციტზე და უმთავრეს ყურადღებას ამახვილებენ თეზისების მეოთხე პუნქტზე, რომელშიც წერია “გავლენის სფეროების სამართლიანი გადანაწილება“. ე.ი. იმაზე მიდის საუბარი, როგორ გაინაწილონ ხელისუფლება “ნაცებმა” და “ქოცებმა” გავლენები, რათა ისევ მოახდინონ არჩევნების პოლარიზება, მარტო “ნაცი-ქოცი” იძახოს საქართველომ და ასე მივიდნენ არჩევნებამდე“.
წყარო – ambebi.ge
კომენტარები