მაშინ, როცა ოპოზიცია კრისტიან დანიელსონთან შეხვედრებით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით არის დაკავებული, მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ აღმოსავლეთ საქართველოს აქტივი ბაკურიანსა და გუდაურში იმყოფებოდა ტრენინგზე. სწორედ იქ გადაწყდა, რა და როგორ იქნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რა უნდა მოიმოქმედოს აქტივმა, როგორ უნდა შეასუსტოს ოპოზიციის პოზიციები და ა.შ.
„ტრენინგზე ძირითადად ახალგაზრდული ფრთა იყო. მათ აუხსნეს, რომ 20 აპრილიდან ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გაიხსნას შტაბები, შტაბების ძირითადი ნაწილი უნდა დაკომპლექტდეს და ფუნქციებიც გადანაწილდეს. ამავდროულად, ითქვა ისიც, რომ მაისის დასაწყისისთვის დაინიშნებიან შტაბის უფროსებიც. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ ისევ ძველი გზით მიდის, ანუ ჯერ შტაბის უფროსების კი არ ნიშნავს, რომლებიც შემდეგ შტაბს საკუთარი სურვილით დააკომპლექტებს, არამედ ჯერ ნიშნავს შტაბის წევრებს და შემდეგ უფროსებს და ორივე მხარე იძულებულია, ერთმანეთს შეეწყონ. ეს იმის მიუხედავად, რომ თუნდაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმაც აჩვენა, ხშირ შემთხვევაში, შტაბის უფროსსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მუშტი-კრივში გადაიზარდა“, – გვეუბნება „ოცნების“ ის აქტივისტი, რომელიც ტრენინგზე თავადაც იმყოფებოდა.
როგორც გვეუბნებიან, შტაბის უფროსების დანიშვნამ და შემდეგ შტაბის წევრების შეკრებამ არ გაამართლა, რადგან მუნიციპალიტეტებში ერთგვარი კლანი ჩამოყალიბდა, რომელიც მერე პარტიის ცენტრალურ ოფისს საკუთარ პირობებს უყენებს. ახლა კი, როცა საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზეა, კლანური დამოკიდებულება დამღუპველი იქნება, რადგან შტაბის წევრები მოითხოვენ საკუთარ მერობის კანდიდატს, საკუთარ საკრებულოს და ა.შ. სწორედ ამის გამოსარიცხად, შტაბში იქნება პარტიული აქტივი და მხოლოდ ამის შემდეგ შტაბის ის უფროსი, რომელსაც ავტორიტეტი აქვს და „ჭრელი საზოგადოების“ გაერთიანებას შეძლებს.
ყველაფერის პარალელურად, პარლამენტმა ჯერ ვერ მოახერხა ახალ საკანონმდებლო პაკეტზე შეთანხმება და ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება, რომელსაც ასე დაჟინებით ითხოვს ოპოზიცია. თუმცა, ოპოზიცია ამ მოთხოვნას სხვა მოთხოვნებთან ერთად განიხილავს და არა ცალკე აღებულს. ხელისუფლება კი დროს არ კარგავს და კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. ზოგადად, ის, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია ევროპისთვის, საქართველოში სხვანაირად ლაგდება ხოლმე, ანუ შესაძლოა კანონპროექტი „დაბანილ-დავარცხნილი“ იყოს და ვენეციის კომისიას პრეტენზია არ ჰქონდეს, თუმცა რეალურად, ქართულ სინამდვილეში, ისე მოირგოს, მმართველმა გუნდმა არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.
მთავარი, რაღა თქმა უნდა, ის კანდიდატებია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ დააყენებს. საამისოდ მუშაობა უკვე დაწყებულია და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რეგიონების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. მაგალითად, კახეთის რეგიონის დათმობას არ აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე ითხოვს, რომ ყველა კანდიდატი მას შეუთანხმდეს და უფრო მეტიც, ყველა კანდიდატს ის პირადად უნდა გაესაუბროს.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები