თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან, ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.
შემთხვევის ადგილზე მიწა ორად გაიყო და ამჟამად იქ, მოძრაობა გადაკეტილია.
რა ვიცით ამ დროისთვის მეწყერსაშიშ ზონაზე
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა.
თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს.
გოდოლაძის თქმით, ტერიტორია დაუყოვნებლივ საჭიროებს კვლევას, რომ შეფასდეს, არის თუ არა საფრთხე მოსახლეობისთვის.
„ეს ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის პირველადი შეფასებაა. ვფიქრობთ, რომ ეს მეწყერი სხვადასხვა მიმართულებით დამატებით კვლევებს მოითხოვს. რაც შეეხება პირველად შეფასებას, ეს არის ვიზუალური. ხილული პრობლემა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ბოლომდე შეფასებულია და რა პრობლემებიც ზედაპირზე დგას, მხოლოდ ეს არის პრობლემა და მეწყრული ტანის სიღრმეში სხვა პროცესები არ ვითარდება.
რეალურად რაც ჩანს, მოწყვეტის სიღრმე არის დაახლოებით 19 მეტრი და ვიზუალური დაკვირვებით არის ნახევარი მილიონი კუბი, რაც შესაძლებელია მოწყდეს მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში და მასა ქვევით წამოვიდეს.
შესაძლოა, ეს მეწყერი უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს ზუსტად იმ კომპლექსური გეოლოგიური სტრუქტურებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ლისზე. ეს არის ძალიან დიდი, კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც ტექტონიკური აქტივობით ხასიათდება, რაც შესაბამისად დიდ სეისმურ აქტივობასაც იწვევს“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
რას უკავშირებენ გეოლოგები მეწყრულ პროცესებს
თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოდან გამომდინარე. გოდოლაძე ვარაუდობს, შემთხვევის ადგილას გეოლოგიური გათვლები არასწორად იყო გაკეთებული.
„ყველამ იცოდა, რომ ეს ფერდი არის მეწყერსაშიში, ეს არანაირად არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე, შესაძლო იყო მეწყრული პროცესების განვითარება.
2015 წელს, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია იყო, თბილისის მოვლენებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამის შესახებ ყველა ინფორმირებული იყო, რომ იქ მეწყერსაშიში ზონაა“, – ამბობს თეა გოდოლაძე.
როგორია მერის ოფიციალური პოზიცია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
მისივე თქმით, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ორმხრივად შეიზღუდა. გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა.
მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული და სამუშაოები დროულად წარმოებული“, – განაცხადა კახა კალაძე.
ტერიტორიას ექსპერტთა ჯგუფი სწავლობს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აეროგადაღების ფოტოებს ავრცელებს.
ასე გამოიყურება პირველადი დაკვირვების შედეგად მეწყრული პროცესები ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები