მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ აღმოსავლეთ საქართველოს აქტივი ბაკურიანსა და გუდაურში იმყოფებოდა ტრენინგზე. სწორედ იქ გადაწყდა, რა და როგორ იქნება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რა უნდა მოიმოქმედოს აქტივმა, როგორ უნდა შეასუსტოს ოპოზიციის პოზიციები და ა.შ.
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რეგიონების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. მაგალითად, კახეთის რეგიონის დათმობას არ აპირებს ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე ითხოვს, რომ ყველა კანდიდატი მას შეუთანხმდეს და უფრო მეტიც, ყველა კანდიდატს ის პირადად უნდა გაესაუბროს. როგორ გგონიათ, როდისთვის იქნება მზად „ოცნების“ საოცნებო სია? 20 მაისს მერობის კანდიდატებისთვის პირველი ტრენინგია ჩანიშნული და ის ბათუმში ჩატარდება. ანუ, 20 მაისს, მერობის ყველა კანდიდატი აჭარის დედაქალაქში მოიყრის თავს, თუმცა ხმამაღლა მათ ამის შესახებ საუბრის უფლება არ ექნებათ. ასე იყო ოთხი წლის წინაც და მაშინ მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ ორი შეიცვალა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. ოცნების პოლიტსაბჭოს სურს, რომ ეს ისევ კახა კალაძე იყოს, რადგან რეალურად, სხვა წონიანი კანდიდატი გუნდში უბრალოდ არ არის. თავის მხრივ, კალაძემ კარგად იცის, რომ თუ კვლავ მერობას დათანხმდება, პრემიერმინისტრობის ამბიციები სამუდამოდ უნდა ჩაიცხროს, რამეთუ ძნელად სავარაუდოა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში დარჩენა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც მოახერხოს. ამიტომ, კალაძე ჯერჯერობით ჯიუტობს, თუმცა იმის გარანტია, რომ მერობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ის აუცილებლად პრემიერი გახდება, მას უბრალოდ არ აქვს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ერთი შეხედვით კი ცდილობს, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ მერობის კანდიდატების დამტკიცებას, ბიძინა ივანიშვილის მწვანე შუქი დასჭირდება. ანუ, მისი ჩარევის გარეშე, ეს საქმე მაინც არ გამოვა და „ოცნების“ ლიდერშიპი ახლა იმას ცდილობს, ივანიშვილს ბევრი შენიშვნა არ ჰქონდეს. შესაბამისად, ყველაფერი ძალოვანებთან უნდა შეთანხმდეს და ძალოვანებს კიდევ ამ მიმართულებით პარტიის ლიდერთაგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ. მათ არამარტო ავტორიტეტული კადრები სურთ კანდიდატებად, არამედ ისეთები, ვისი კონტროლიც მერე მარტივი იქნება, თორემ გასულმა ოთხმა წელმა აჩვენა, რომ უკონტროლო კადრებმა ადგილებზე ძალიან ბევრი პრობლემა შექმნეს. საუბარი არ არის მხოლოდ ტენდერების ახლობლებისთვის დარიგებასა და სასათბურე პირობების შექმნაში. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპებ-ში ისეთი ხალხია დასაქმებული, ძალოვნებისთვის არანაირ ინტერესს რომ არ წარმოადგენენ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის პირთა ახლობლები არიან და ხელფასს პენსიასავით იღებენ.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები