უკვე თვეებია ამირან გამყრელიძისა და ეკატერინე ტიკარაძის უწყება საპატრიარქოს, წმინდა სინოდს ვაქცინაციის პროპაგანდას სთხოვს.
სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც ვაქცინაციის გეგმაც უამრავი ადამიანის თხოვნისა და აშშ-ის ელჩის პირდაპირი მოთხოვნის შემდეგ ძლივს გვაღირსეს და დღემდე არ დაუწყიათ სერიოზული კამპანია ვაქცინის სარგებლიანობის პროპაგანდისთვის – საპატრიარქოს სთხოვენ დახმარებას. იმ საპატრიარქოს, რომელსაც გასულ წელს, სააღდგომოდ პირობებს უყუნებდნენ, ზიარების წესის შეცვლას სთხოვდნენ და აღდგომას ეკლესიაში წასულ მრევლს კი უგუნურს ეძახდნენ.
საპატრიარქო ოფიციალურ პასუხად იყენებს 11 თებერვლის სინოდის განჩინებიდან ნაწყვეტს:
“მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში”.
თუმცა, არ საპატრიარქო, არც ამირან გამყრელიძე, არც ეკატერინე ტიკარაძე და არავინ ქვეყანაში არ ახსენებს იმას, რომ იგივე 11 თებერვალს, წმინდა სინოდმა, მოსახლეობის სახელით კითხვები დაუსვა ჯანდაცვის სისტემას, თუმცა, მოსახლეობას ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიუღია.
გასცა, თუ არა წმინდა სინოდს და საპატრიარქოს პასუხი გამყრელიძის, ან ტიკარაძის უწყებამ? – “ალიამ” ამ კითხვით საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს მიმართა. მას ჩვენთვის პასუხი არ გაუცია!
წმინდა სინოდმა, 11 თებერვლის განჩინებით, გამყრელიძის და ტიკარაძის უწყებებს კითხვები გაუგზავნა. რაკი ეს კითხვები ყველამ დაივიწყა, ისევ “ალია” შევახსენებთ საპატრიარქოსაც და ჯანდაცვის სისტემასაც, რომ წმინდა სინოდს კითხვები აქვს და რაკი მათ დახმარება თავად სთხოვეთ, იქნებ, კეთილი ინებოთ და ახლა მაინც უპასუხოთ:
წმინდა სინოდის განჩინება, 11 თებერვალი:
“ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:
ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?
როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში?
ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში;
სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?”
მართალია, ალერგიული და ანაფილაქსიური შოკი არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ცუდია და მსგავსი რეაქცია შეიძლება ნებისმიერმა ვაქცინამ გამოიწვიოს (ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინებმა მეტად), მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, წინასწარ იცოდნენ, რომ ვაქცინას შეეძლო გამოეწვია მსგავსი ტიპის ალერგია – ვაქცინაცია უნდა ჩატარებულიყო რეანიმატოლოგის მეთვალყურეობით და არაამბულატორიულად. 27 წლის ექთნის გარდაცვალების შემდეგ, ასეც იქცევიან, შეცვალეს ვაქცინაციის პირობები…
ვინ არის პასუხისმგებელი ასეთ უპასუხისმგებლობაზე? გაუწია დროული დახმარება სახელმწიფომ 27 წლის ექთანს? მზად იყო და მზად არის სისტემა ვაქცინაციისთვის? – უპასუხეთ ბატონებო, ეს კითხვები წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაგისვათ.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები