მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, ერთ-ერთი იყო, რომელიც გახარიას ღიად მოუწოდებდა, დროულად დაეწყო მესამე ძალის შექმნა. რას გვიყვებოდა “ალიას” ბატონი მერაბი, ვის ელოდება გახარიას გუნდში და რა აქცენტი შეიძლება ჰქონდეს ღარიბაშვილს?
– მაია ცქიტიშვილმაც დატოვა თანამდებობა გახარიასთან ერთად და თქვა, რომ სახლში მიდის, როგორ გგონიათ, ის შეიძლება გახარიას ახალ პოლიტიკურ გუნდში ვიხილოთ?
– ვინც გახარიას გაჰყვება, ის გაჰყვება ახალ პოლიტიკურ ძალაშიც. მე ვფიქრობ, რომ ცქიტიშვილს აუცილებლად ვიხილავთ პოლიტიკაში, აუცილებელია კიდევ ერთი ძალა ქვეყანაში, თუნდაც ეს ძალა იყო ქართული ოცნების განაყარი. ჩვეულებრივი ამბავია, ნაციონალური მოძრაობა გაშლილია რამდენიმე ფრთად, ბურჯანაძეც ნაციონალური მოძრაობის ნაყოფია და ევროპული საქართველოც, ეს არის ერთი ხე. ქართულ ოცნებას არ ეგების ასეთი გაშლა?
თუ ახალი ძალა შეიქმნება გახარიასგან, ქართული ოცნება კი დარჩება ქართულ ოცნებად, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ამ ორმა ძალამ ამოჭყლიტოს ნაციონალური მოძრაობა.
– შეგიძლიათ 5 პოლიტიკური ფიგურა დამისახელოთ, ვინც შეიძლება გახარიას ახალ გუნდში ვიხილოთ?
– გახარიას ბევრი გაჰყვება… ახლა რასაც ვიტყვი, ამის თქმა პოლიტიკაში არ არის გამართლებული, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, მისი ფაქტორი კუთხურობის – ფაქტია. სამეგრელო იგებს არჩევნებს საქართველოში, დიდი მხარდაჭერა აქვს გახარიას მეგრელებისგან. ეს პატარაა? გეტყვით, რომ გახარია თუ ახალ პოლიტიკურ ძალას შექმნის, ეს იქნება ძალა, რომელიც შეიძლება 2024 წელს მოვიდეს დიდი პროცენტულობით.
ეს მოცემულობა, პოლარიზაცია, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, უფსკრულში წაგვიყვანს. უნდა გამოიკვეთოს ძალა, რომელიც გაყოფს, გაასამებს პოლიტიკურ არეალს, ეს არის გარდაუვალი და მერე გაირკვევა რომელი ძალა იქნება მმართველი ამ ქვეყნის და რომელი უნდა განეიტრალდეს. კიდევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ამომრჩეველი ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, გარდაუვლად მიმაჩნია ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება და სხვაგვარად არ განეიტრალდება, თუ ის არ მოექცა ორი ძლიერი ძალის გარემოცვაში, ხვდებით?
გახარია, თუ პოლიტიკურ ძალას შექმნის, გგონიათ, ღარიბაშვილს არ ექნება აქცენტი გახარიას პოლიტიკური ძალის ვერტიკალში? თუ ცქიტიშვილი გაყვა გახარიას, იმ მთავრობიდან, რომელიც ადგილზეა დარჩენილი, გგონიათ რომელიმე არ ასოცირდება ახალ პოლიტიკურ ძალასთან? ეს ისე ლამაზად გაიყოფა, ისინი არ იქნებიან ერთმანეთის მიმართ მტრული ძალები.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები