რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოთხშაბათს მესამე, უკანასკნელი მოსმენით დაამტკიცა კანონი არჩევნებისა და რეფერენდუმების შესახებ რუსეთის კანონმდებლობის საკონსტიტუციო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ. სხვათა შორის, დოკუმენტი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფლებას მისცემს, კვლავ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ერთ-ერთი შესწორება ვლადიმირ პუტინს საშუალებას აძლევს, კიდევ ორი ვადით დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა.
შესწორებების შესაბამისად, კანონი აწესებს, რომ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ უნდა იყოს 35 წელზე ახალგაზრდა, მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და არც წარსულში უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხოეთში ცხოვრების უფლება. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, თუკი უცხო სახელმწიფო ან მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება მიღებული.
საკონსტიტუციო ცვლილებები შარშან იანვარში წარმოადგინა რუსეთის პრეზიდენტმა. საპრეზიდენტო ვადის „განულების“ შესახებ ნორმა, რომელიც პუტინს პრაქტიკულად საშუალებას აძლევს, 2036 წლამდე დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, მარტში მოიწონა სახელმწიფო დუმამ. ისინი საბოლოოდ იქნა მოწონებული რეფერენდუმზე, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და 1 ივლისს დასრულდა.
2021 წლის თებერვალში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა 41%-ს არ სურს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად ხილვა 2024 წლის შემდეგ.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები