„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– მუდმივად გვანებივრებთ სამედიცინო სიახლეებით, ამჟამად რა ხდება, რამდენი სახელმწიფო აახლებს ასტრაზენეკას ვაქცინით აცრას? რატომ ვრცელდება ამდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვაქცინაზე?
– დაბნეულები არიან, ცოტა არ იყოს, რადგან თავად კორონავირუსის შესწავლა ვერ მოხდა ბოლომდე. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, შემოვიდა ბაზარზე თუ არა, მაშინვე იყო კითხვის ნიშნები. როდესაც წარადგინეს საბუთები, იქ ეწერა, რომ ერთნახევარი დოზა უკეთესია ვიდრე ორი დოზა. თავისთავად დაისვა კითხვა, რას ნიშნავს ერთნახევარი დოზა? – როგორც აღმოჩნდა კლინიკური კვლევების დროს გამოყენებული ვაქცინების წარმოებისას მოხდა გარკვეული უზუსტობა და ვაქცინების გარკვეული ნაწილი უფრო მეტ გამხსნელში გახსნეს და შესაბამისად, ვაქცინის სიმძლავრეც განახევრდა. თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენეს ეს ერთნახევარი დოზა უფრო ეფექტური იყო და უფრო მეტ დაცვას იძლეოდა, ვიდრე 2 დოზა. ასე კითხვებით შემოვიდა ეს ვაქცინა ბაზარზე
– გამოდის, 2 დოზა რეალურად იყო 1,5 დოზა?
– ფიქრობდნენ, რომ ორი დოზა გაკეთდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე დოზა ნახევარი იყო. სწორედ იმის გამო, რაც ზემოთ ვთქვით. თქვეს, რომ პორტუგალიელებმა და ინგლისელებმა სხვადასხვანაირად წაიკითხეს ეს ციფრები და ამიტომ მოხდაო, ასე დამთავრდა ეს პირველი საკითხი. მეორე საკითხი იყო ასაკი – აღმოჩნდა, რომ კლინიკური კვლევების ჩატარებისას 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ჰყავდათ ცოტა, 3 000 ადამიანამდე. ამიტომაც ზოგმა ქვეყანამ განაცხადა, რომ რადგანაც 65 წელს ზემოთ ასაკის მხოლოდ 3 000 ადამიანზე ჩატარდა კვლევა, ვერ ვენდობით და მოდით 65 წელს ქვემოთ ავცრათ და 65 წელს ზემოთ, აცრისგან თავი შევიკავოთ, რადგან არ გვაქვს ჯერ სრული ინფორმაციაო. რადგანაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დიდი ბრიტანეთისაა და თან დიდ ბრიტანეთში ძალიან მაღალია ინფიცირების რიცხვი, დიდმა ბრიტანეთმა არ შეზღუდა ასაკობრივი ზღვარი აცრისას და ყველას აცრა დაიწყო, მათ შორის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისას. ამასობაში, აცრებისას დაგროვდა მეტი მასალა და ვნახეთ, რომ 65 წელს ზემოთაც ვაქცინა მოქმედებს და ამის შემდეგ უკვე ყველა ქვეყანამ თქვა, რომ კარგი, 65 წელს წელს ზემოთაც დავიწყოთ აცრა. როგორც საქართველომ, ასევე ყველა ქვეყანამ გააკეთა პრიორიტეტული ჯგუფები, ანუ, ვინ აიცრება პირველი რიგში გაწერილია ყველა ქვეყანაში – ჯერ ექიმები, მერე 80 წელს ზემოთ, მერე 70 წელს ზემოთ და ა.შ. დაიწყო აცრა და აიცრენ ის ექიმებიც, რომლებიც არიან ახალგაზრდები, 30-40 წლის მაგალითად. უეცრად ავსტრიაში, ვაქცინაციის შემდეგ დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, ნახეს, რომ იყო თრომბი. იგივე შემთხვევა მოხდა შემდეგ დანიაში, მერე იტალიაში, ნორვეგიასა და გერმანიაშიც. სკანდინავიელები, ცოტა არ იყოს, ფრთხილი ხალხია და დანიამ და ნორვეგიამ განაცხადა, რომ ეს შემთხვევები გამოსაკვლევი იყო, რადგან კლინიკური სურათი იყო ძალიან უცნაური: ადამიანს ერთდროულად ჰქონდა თრომბიც და თრომბოციტების ნაკლებობაც, მარტივად რომ ვთქვა, იყო თრომბიც და სისხლდენაც. თრომბი თავის მხრივ სისხლის შედედებაა და პარალელურად, იყო სისხლის გათხელებაც. ეს იმდენად ატიპირი და იშვიათი მოვლენაა, და თან თრომბი ისეთ უჩვეულო ადგილას ვითარდებოდა თავის ტვინში, რომ ნორვეგიამ, დანიამ და შემდგომ გერმანიამაც (იქაც ერთი შემთხვევა იყო), გადაწყვიტა შემთხვევების გამოკვლევა. რადგან დანიას და ნორვეგიას დიდი ნდობა აქვს, ბევრმა ქვეყანამ თქვა, შევაჩეროთ დროებით ვაქცინის გამოყენება, გამოვიკვლიოთ და ვნახოთო. ეს მოხდა ზუსტად ერთი დღით ადრე საქართველოში ვაქცინის ჩამოსვლამდე. გააჩერა ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანამ და დაიწყეს კვლევა. ზოგადად ძალიან რთულია, დაადგინო გარდაცვალების შემთხვევა ვაქცინამ გამოიწვია, თუ არა, რადგან უამრავი ფაქტორია კიდევ, მილიონი რამ მოქმედებს ადამიანზე, კოლბაში ხომ არ ვსვამთ ადამიანს აცრის შემდეგ? მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს.
– რადგან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ასე ძალიან ჰგავს ერთმანეთს და თან ყველა არის უცნაური და ატიპირი, ამიტომ ჩნდება ეჭვი, სწორად გავიგე?
– კი, ამიტომ დაებადათ ეჭვი. ახლა გეტყვით რატომ მიიღო გადაწყვეტილება საფრანგეთმა მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები აცრას ასტრაზენეკას ვაქცინით. დაღუპვის ყველა შემთხვევა არის უმეტესად ქალებში და უმეტესად 20-40 წლის ადამიანებში, ანუ ახალგაზრდებში. ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. პარასკევს ევროპის წამლის სააგენტომ გააკეთა განცხადება და მისცა ქვეყნებს რეკომენდაცია გააგრძელონ ასტრაზენეკას ვაქცინით ადამიანების აცრა, მაგრამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტო ამ განცხადებას გააკეთებდა, 3 საათით ადრე, ნორვეგიის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, სადაც დაიღუპა ერთი ადამიანი, თქვა: შევისწავლეთ ოთხივე შემთხვევა, აქედან ერთი გარდაცვალებით დამთავრდა, ოთხივეს ატიპიური ნიშნები აქვს, მაგრამ ამავე დროს ოთხივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თან ოთხივე ახალგაზრდაა და არც ერთს არ ჰქონდა რაიმე დაავადება, ჯანმრთელები იყვნენ და ამიტომ ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება ვაქცინამ გამოიწვია მათი გარდაცვალება, ამიტომ კვლევებს გავაგრძელებთო – აი, ეს განცხადება გაკეთდა ნორვეგიაში 3 საათით ადრე ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებამდე. მიუხედავად იმისა, რომ წამლების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ევროპის ქვეყნებმა განაახლეს მისი გამოყენება, შვედეთმა, ნორვეგიამ და უკვე ფინეთმაც (ფინეთშიც მოხდა 2 გარდაცვალების შემთხვევა და ორივე ახალგაზრდაა) გადაწყვიტა გაეგრძელებინა კვლევები და მხოლოდ მომავალ პარასკევს მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის გამოყენების გაგრძელებაზე.
– დოზებს შორის შუალედზეც უნდა გკითხოთ, ჯერ თქვეს, რომ პირველსა და მეორე აცრას შორის ინტერვალი იქნებოდა 4 კვირა, მერე 6, მერე 12 – რა ხდება?
– თავიდან ითქვა, რომ დოზებს შორის მანძილი უნდა ყოფილიყო 4 კვირა. რადგანაც ასე ვთქვათ, დეფიციტშია ვაქცინა, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, გაეზარდათ ინტერვალი, რათა ერთი დოზით მეტი ადამიანი აეცრათ და ამ დროში, ვაქცინის ახალ პარტიასაც მიიღებდნენ. დავუშვათ, თუ გვაქვს 40 ათასი დოზა, მოდი, 20 000 ადამიანს კი ნუ ავცრით ორი დოზით, 40 000 ადამიანი ავცრათ 1 დოზით და აცრებს შორის ინტერვალი გავზარდოთო. გაზარდეს ვაქცინის დოზებს შორის დროის ხანგრძლივობა, პარალელურად ხომ გრძელდება კვლევები და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი, მით უფრო ძლიერი იყო იმუნიტეტი. კვლევებმა აჩვენა რომ 87 პროცენტი იყო ეფექტურობა, როცა ინტერვალი დიდია ვაქცინის პირველსა და მეორე დოზას შორის, აი, 4 კვირიანი ინტერვალის დროს კი ეფექტურობა მხოლოდ 55 პროცენტია.
– შეიძლება, რომ ერთი აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაკეთდეს და მეორე – მაგალითად „ფაიზერის“?
– სწორედ ახლა იკვლევენ მაგ საკითხს, ეგ ჯერ არ იციან, რადგან ასტრაზენეკა სხვა მეთოდითაა დამზადებული, ფაიზერი და მოდერნა კიდევ სხვა მეთოდით. ერთი და იგივე ტექნოლოგიებით რომ იყოს ეს ვაქცინები შექმნილი, მაშინ უფრო მარტივად შეიძლებოდა პასუხის გაცემა. მაგრამ ასტრაზენეკა „მკვდარი ვირუსია“ და ფაიზერი და მოდერნა რნმ-ტექნოლოგიაზე შექმნილი, ამიტომ ჯერ ვერ რისკავენ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა, კვლევები დაწყებულია, იანვარში დაანონსდა, რომ მაისისთვის უკვე გვექნება პასუხი, შესაძლებელია, თუ არა ამ ორი ვაქცინის ერთად გამოყენება.
– დავუშვათ არ შემოვიდა ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მომდევნო პარტია, ვინც ერთხელ აიცრა, ჰაერში რჩება?
– საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისათის ვაქცინაციის კამპანია ჩავარდა, ძალიან ცოტა ხალხი მიდის. ამიტომ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა. ბოლო შეხვედრას როცა დავესწარი ონლაინ, ეს იყო გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, მაშინ საქართველომ გადაწყვიტა მოქცეულიყო დიდი ბრიტანეთის მსგავსად, როცა შემოვიდოდა 46 ათასი დოზა, აეცრათ 46 ათასი ექიმი და მერე რომ შემოვიდოდა მომდევნო 100 000 დოზა, უკვე სხვების აცრები დაეწყოთ. ანუ იდეა იყო, რომ პირველი დოზით, მაქსიმალურად მეტი ადამიანი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი მოცულიყო. ეს გადაწყვეტილება იყო მაშინ მიღებული, ახლა რას იტყვიან, არ ვიცი.
– თუ გადატანილი აქვს ადამიანს კოვიდი და უკეთდება აცრა, შეიძლება გართულება მოჰყვეს ვაქცინაციას?
– არა, რანაირი საშიშროება არ არის. ხოლო ისე გადაწყვეტილება რომ კოვიდ გადატანილებს მხოლოდ 3 თვის შემდეგ ცრიან, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ვაქცინები არ არის სამწუხაროდ საკმარისი რაოდენობით მსოფლიოში. ვისაც გადატანილი აქვს მას რაღაც ტიპის იმუნიტეტი აქვს ჯერ კიდევ, ამიტომ მას არ ცრიან, რადგან, ბუნებრივია, ურჩევნიათ, მეორე ადამიანსაც ჰქონდეს იმუნიტეტი, ვისაც ეს დაავადება არ შეხვედრია. ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია, მინიმუმ, სულ მცირე 3 თვე მაინც ექნება იმუნიტეტი.
– არ უკეთებენ აცრის წინ ტესტირებას. 27 წლის ექიმის გარდაცვალების შემდეგ თქვა ახალციხის კლინიკამ, რომ მისთვის აცრამდე ტესტირება არ გაუკეთებიათ!
– ტესტირებას კოვიდზე? აცრის წინ? ზღაპარია… საქართველოში, სამწუხაროდ, ყველანაირი ზღაპარი, რაც თავში მოგივა, შეიძლება ვერსიად წარმოადგინო. არა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში აცრის წინ კოვიდზე ტესტირება არ ხდება.. საქართველოში, იმის გამო, რომ ტესტირება არ კეთდება იმ რაოდენობით, რაც საჭიროა, ბევრი კი სულაც მალავს, რომ კოვიდი ჰქონდა – შესაძლებელია ასეთი რაღაცაც მოხდეს, რომ კოვიდ პაციენტი მივიდეს აცრაზე… თუმცა იმდენად ცოტა ადამიანი მიდის ჯერ-ჯერობით, რომ ეჭვი მეპარება კოვიდიანი მივიდეს აცრაზე… აი, ასეთი ფაქტი, რომ ვიღაცას ჰქონდა კოვიდი უცხოეთში და მაინც მოხდა მისი აცრა, მიუხედავად ამდენი მილიონი აცრილისა, მე არ გამიგია. ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მიდიოდა მასობრივი ტესტირება და უამრავ ადამიანს ტესტავდნენ. ახლა ვაქცინაციისას ყველა გართულებას სწავლობენ. ტემპერატურის მცირე მომატებასაც კი აფიქსირებენ, გვერდითი მოვლენაა ისიც და უნდა იყოს კვლევა. ის, რომ კოვიდიანს გაუკეთდა ვაქცინა, არ გამიგია. სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური ვირუსია, კოვიდი გქონდეს და ამ დროს აიცრა – რა მოხდება, ვერ გეტყვით.
– რისგან გვიცავს ვაქცინა დადგინდა? გვიცავს ინფიცირებისგან, გავრცელებისგან, ვირუსის გამწვავებისგან? თუ ყველასგან ერთად?
– ასპროცენტიანად შემიძლია იმის თქმა, რომ აცრა გიცავს დაავადების გართულებისგან. აცრის შემდეგ, თუ შეგხვდა ვირუსი, დაავადებას გადაიტან ან უსიმპტომოდ, ან ძალიან მცირე სიმპტომით, ეს ვიცი 100 პროცენტით. რაც შეეხება იმას, გვიცავს, თუ არა ვირუსის გავრცელებისგან – მაგას სწავლობენ. ვირუსი რომ არ გავრცელდეს, ანტისხეული უნდა გვქონდეს ცხვირ-ხახაშიც. ვირუსი ძირითად ცხვირ-ხახიდან ვრცელდება. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის აცრის შემდეგ, ნახეს, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსის რაოდენობა შემცირდა დაახლოებით 67 პროცენტით. რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ, ვირუსის გადადება ან არ მოხდება, ან მოხდება ძალიან იშვიათად. და მაინც, თუ შენ აცრილი ხარ და მაინც დაგემართა ვირუსი, ეს ნიშნავს, რომ იოლად გადაიტან და შენ სხეულში ვირუსის რაოდენობა ნაკლებია (როგორც გითხარით, აცრის შემდეგ ცხვირ-ხახაში 67 პროცენტით მცირდება ვირუსი) – სად როცა ათასი ვირუსია შენ სხეულში და სად 100? გადადების დროს, მთავარი სწორედ ესაა, რომ ცხვირ-ხახაში არ გქონდეს ვირუსის დიდი რაოდენობა. კვლევა გრძელდება და ამ საკითხზე ზუსტი პასუხი მალე გვექნება.
– ნორვეგიაში ისეთ კლინიკაშიც ხდება ვაქცინაცია, სადაც არ არის რეანიმაცია?
– არა და არა!
– რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, თურმე ალერგიული რეაქციის, მათ შორის თბილისსა და ბათუმში – ესეც 27 მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ! მიუხედავად ამისა, რეანიმაცია სადაც არ არის, ისეთ კლინიკებში აცრა მხოლოდ ექთნის გარდაცვალების შემდეგ შეჩერდა.
– კოვიდ ვაქცინაციისას ანაფილაქსიური შოკით არ დაღუპულა არავინ მსოფლიოში, სამწუხაროდ ჩვენ პირველები ვართ, სადაც ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
– ბოდიში, მეც ძალიან ვღელავ. ახლა გვიყვებიან რომ ასეთ შოკს, თურმე იწვევს ბზიკის ნაკბენიც და მეტიც, სტატისტიკა გამოაქვეყნეს, აი, ამა და ამ წლებში ხან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბზიკის კბენის მერე ანაფილაქსიით და ხანაც ორიო. მიჩნდება გაჩნდა, რომ თავს იმართლებენ, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა იგრძნონ. ის, რომ ვიღაცას ვენახში უკბინა ბზიკმა და ვერ მიასწრო კლინიკამდე, სხვა შემთხვევაა და ვაქცინაციაზე მიწვეულ ადამიანს, კლინიკაში რომ დაეწყება ალერგია და იქ გეღუპება – მკვეთრად სხვა შემთხვევაა. ვისი ბრალია ეს შემთხვევა და როგორ ხდება ვაქცინაციის მერე ადამიანების დაკვირვება?
– ალბათ ეს არის გაუმართავი სისტემის ბრალი და იმის ბრალი, რომ არ ქვეყანა სათანადოდ არ მოემზადა ვაქცინაციისთვის. ვაქცინაციის მერე აკვირდები ადამიანს 30 წუთი. როგორც კვლევებმა აჩვენა პირველი 17 წუთის განმავლობაში ანაფილაქსია ვითარდება იმ ადამიანებში, ვისაც უკვე ჰქონდა ალერგიული რეაქციები ადრე. თუმცა, ადამიანებს, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ ალერგიული რეაქციები, შეიძლება პირველ 30 წუთში განუვითარდეს. ნორვეგიამ რომ შეაჩერა დროებით ახლა ვაქცინის გამოყენება, იმის გამო, რომ ეს ატიპიური თრომბოზის შემთხვევები გამოიკვლიოს, რადგან ქვეყნის მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მასზე ფიქრობს და თუ რაღაცაა, ის მას დაიცავს. ამიტომ პირიქით, გაჩერება და შესწავლა ნდობის გამომწვევია. რა განცხადებებიც გააკეთეს საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია – ჯერ თქვეს, რომ არანაირი პრობლემა არ არის და ყველაფერი გაკეთდაო, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ აცრები მხოლოდ მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ჩატარდება, ეს ეგრევე იწვევს ჩემში ეჭვს, რომ თუ ყველაფერი კარგად იყო, მაშინ რატომ გადაგვაქვს საავადმყოფოებში? გააგრძელე, როგორც იყო ისე. მითხრან, რომ ეს პრობლემაა, მე დავმშვიდდები, მეცოდინება, რომ იცი რა, პრობლემაა და მუშაობ მის აღმოსაფხვრელად, პირიქით, შენ მხარეს ვიქნები.
– „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა არ გაჩერებულა ჯერ არც ერთ ქვეყანაში, ხო?
– არა. ფაიზერის ვაქცინის შემდეგ ნორვეგიაში გარდაიცვალა რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი, მაგრამ ეგრევე დადგინდა, რომ არ იყო ვაქცინასთან კავშირში, მაშინ არც გაუჩერებიათ ვაქცინაცია, გაგრძელდა ჩვეულებრივ. გაჩერების, შეჩერების შემთხვევები არ ყოფილა.
– 15 მარტს პრემიერმა ხელი მოაწერა ჩინური ვაქცინის (სინოფარმიდან) შესყიდვას, ამის დამადასტურებელი მასალა „ალიამ“ გაავრცელა 17 მარტს, ღამით, 18 მარტს გამყრელიძემ დაადასტურა და თქვა, რომ შემოიტანენ მალე ჩინურ ვაქცინას, ტიკარაძემ კი განაცხადა, რომ „ასტრაზენეკათი“ იმიტომ არ ვიცრებოდი, ჩინური ვაქცინა მინდოდა გამეკეთებინაო, თუმცა, ჯერ არც ერთით აცრილა და არც მეორეთი. რა აზრის ხართ ჩინური ვაქცინაზე?
– ჩინური, სინოფარმას ვაქცინა არ არის რეგისტრირებული და როგორ ყიდულობენ? არც ერთი ჩინური ვაქცინა არ არის ჯანმოს მიერ დამოწმებული.
– თქვენ წერდით ზუსტად, ჩინური ვაქცინით ჩინელების მხოლოდ 4 პროცენტია აცრილია ივლისის მერეო და ჩვენ რატომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, ჩინეთშიც რომ არ იცრებიან?
– ჩინური და რუსული ვაქცინის ყიდვა არ შეიძლება და გეტყვით რატომ: აი, ახლა რაც მოხდა გინდ „ფაიზერის“ და გინდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის შემდეგ, არც ერთი შემთხვევა არ დამალულა, ყველა რეგისტრირებულია, ყველაზე მიდის მსჯელობა. ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე ერთი სტატია, ერთი ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, რომ რაიმე გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, თუნდაც ერთი. რაც უკვე ძალიან დიდი ეჭვის მიზეზია, შეუძლებელია ვაქცინას არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ იყოს გართულების ერთი შემთხვევაც კი. აი, ეს ფაქტი კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას ამ ვაქცინების მიმართ. მე წინააღმდეგი ვარ ჩინური და რუსული ვაქცინის გამოყენების!
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები