დღეს პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ჰესებზე და განსაკუთრებით, “ნამახვანჰესზე”. მართალია, სახელმწიფო ამბობს, რომ დამატებით კვლევებს ატარებს, თუმცა, უკვე წინასწარ იცის, რომ ჰესის აშენების წინააღმდეგ მიმართული კამპანია უნდა დასრულდეს!
“ალია” კარგა ხანია წერს ნამდვილ მიზეზზე, თუ რატომ არ იტყვის უარს საქართველოს მთავრობა “ნამახვანჰესის” აშენებაზე, მიუხედავად იმისა, რა კაბალური პირობაც იქნება და არის ხელშეკრულებაში ჩადებული:
“ეკონომიკაში ძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჰესების მშენებლობას, თუნდაც კაბალური პირობებით, დაიწყებენ. დღეისათვის ხელისუფლებას ჰესები ელექტროენერგიისთვის კი არა, ეკონომიკისთვის მაშველ რგოლად სჭირდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, დასაქმებული ადამიანები, ეკონომიკას ხერხემალი არ გადაამტვრევს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი მძიმედ დაგვარტყამს, მაგრამ გრძელვადიანს არავინ ჩივის, ახლაა გადასარჩენი ცალკე ქვეყანა და ცალკე ძალაუფლება“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
დეტალები, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისზე მიგვანიშნებენ:
შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 2019 წელთან შედარებით, ლამის ნახევარი მილიარდი დოლარით მეტი გამოიტანა გასაყიდად და ამით შეინარჩუნა ლარის ვარდნა. თუ რა თქმა უნდა, ამას შენარჩუნება ჰქვია. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ ეროვნული ბანკის რეზერვი დაახლოებით 4 მილიარდია და ეს რეზერვი წელს საგარეო ვალის დამატებით შეივსო. საგარეო ვალი კი ისეთ ნიშნულზეა, უკვე მთავრობის წევრებიც არ მალავენ, რომ ახალი ვალის აღება პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში დეფოლტსა და ქვეყნის გაკოტრებულად გამოცხადებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მთავრობა დამატებით 2 მილიარდს ვერსაიდან მოიტანს და ამიტომ, უცხოურ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება მოუწევს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თვეზე მეტია გვიმტკიცებს, ხორბლის შემოტანის სხვა გზები ვიპოვეთ, მხოლოდ რუსეთზე აღარ ვართ ჩამოკიდებული და დამოკიდებულიო, მაგრამ 5 მარტს რუსეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ხორბლის ყველაზე დიდ იმპორტიორებს შორის, საქართველო მეოთხე ადგილზეა. ანუ, ჩვენი ქვეყანა თურქეთის, ეგვიპტისა და პაკისტანის შემდეგ, მეოთხეა, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის ხორბალს ყიდულობს რუსეთიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი ჩანაცვლება არ მომხდარა და რუსეთმა ხორბალი კიდევ უფრო რომ გააძვიროს, მინიმუმ შემოდგომამდე სხვა გზა არ გვექნება და ისევ ჩრდილოელი მეზობლისგან უნდა ვიყიდოთ.
წესითა და რიგით, საგაზაფხულო სამუშაოები სრული სვლით უნდა მიდიოდეს, მაგრამ ისევ და ისევ პანდემიის გამო, მოსახლეობას მიწის დასამუშავებლად ფული აღარ დარჩა და მართალია, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მაგრამ წელს საქართველოში მიწის დამუშავების მასშტაბები რეკორდულად დაბალი იქნება. ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მოწეული მოსავალი, სიმცირის გამო, ძვირი ეღირება და ისევ აზიის ქვეყნებიდან შემოტანილ, შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული პროდუქტის იმედად ვიქნებით.
პარალელურად, ხელისუფლება ყველაზე კარგად იცის, რომ პანდემიის გამო, წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ რეკორდულად მცირე მიწა დამუშავდა. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, შინაური პირუტყვი პანდემიის დროს საკვებად გამოიყენა და ახლა ელემენტარულად საქონლის დეფიციტია, რამაც ხორცზე ფასის აწევა გამოიწვია. მეხორცეთა ასოციაციაში დაგვიდასტურეს, რომ ყოველ წელს, აპრილის შუა რიცხვებისთვის საქონლის საბაზრო ფასი 1-2 ლარით იკლებდა, თუმცა ამჯერად პირიქით, კლების ნაცვლად მატებას ელოდებიან. ეს იმის ფონზე, რომ პანდემიის გამო აზიაში მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი ვერ ხორციელდებოდა წესით, ჭარბი ოდენობა უნდა გვქონდეს.
„ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ, რომ ბიზნეს ბაზრიდან უჩა მამაცაშვილის და შესაბამისად, მისი გუნდის გასვლის შემდეგ, კონკრეტული მიმართულებებით მონოპოლიები მოისპო. თუმცა, თავი იჩინა სერიოზულმა პრობლემებმაც, რომლებიც აქამდე თითქოს შეუმჩნეველი იყო. მაგალითად, საქართველოში ერთი ტონა ჯართის ფასი ათას ლარს გადასცდა, ანუ კილო ჯართი ლარზე მეტი ღირს. საქართველომ ჯართის მარაგი ამოწურა და ადგილობრივი წარმოება ახლა მთლიანად იმპორტირებულ ჯართზე გადავიდა. ჯართის გაძვირებამ კვლავ გააჩინა საკანალიზაციო ჭების თავსახურების მოპარვის პრობლემა. დედაქალაქში უკვე რამდენიმე ათეული ასეთი ფაქტი მოხდა, რეგიონებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. მოსახლეობას შია და ვერ გაამტყუნებ, მაგრამ შემოტანილი ჯართი იმას ნიშნავს, რომ გაძვირდება არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა, რაც გააძვირებს მშენებლობას და ეს სექტორი ძალზედ დაზარალდება. ლამის ბოლომდე განადგურებულია სოფლის მეურნეობა” – გვიყვება “ალიას” წყარო.
აღარაფერს ვამბობთ გაძვირებულ ენერგოპრორესურსებსა და პროდუქტებზე მომატებულ ფასებზე. შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლად სწორედ უცხოური ინვესტიციები სახელდება და ხელისუფლებაც იძულებული იყო, თუნდაც კაბალური პირობებით, გაეფორმებინა ის ხელშეკრულება, როგორიც მაგალითად „ნამახვანჰესისი“ შემთხვევაში მოხდა. იმედი იმისა, რომ მთავარი უცხოელი ინვესტორი კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება, აღარ არის და ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ მსხვილი პროექტები ივანიშვილს საქართველოში აღარ აინტერესებს (რეალურად, აღარც არის) და მეორე – ნებისმიერ ერთი ჯიბიდან ამოღებულმა და მეორე ჯიბეში გადატანილმა ფულმა, რეალურად შედეგი ვერ მოიტანა. ეროვნული ვალუტის კურსის დაჭერა ვერ მოხერხდა, ინფლაცია არნახული იყო და ეროვნულმა ბანკმაც რეკორდული ოდენობის სარეზერვო თანხა გამოიტანა გასაყიდად, მარაგის შესავსებად კი კვლავ საგარეო ვალის აღება გახდა საჭირო.
“ნამახვანჰესი” და პანკისის ჰესი – ხელების გადაგრეხა, თუ მილიარდობით ლარის ჯარიმა?
„როგორც „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში, პანკისის ჰესზეც ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. ისინი ამას უბრალოდ ვერ იზამენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ჯარიმის სახით ორ მილიარდ ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ, რადგან ხელშეკრულების პირობები უნდა დაარღვიონ. ესეც არ იყოს, ახლა ამ ორი პროექტის ჩავარდნა, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პოტენციური ინვესტორები საქართველოსკენ აღარ გამოიხედავენ, რადგან მთავრობასთან გაფორმებული დოკუმენტი რეალურად არაფერს ნიშნავს. ამიტომ, მოხდება ხელების გადაგრეხვა, თუმცა რა და როგორ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ხელისუფლება ემზადება ხელების გადაგრეხვისთვის და ურჩევნია, თავისი ძალით გაიტანოს, ვიდრე 2 მილიარდი იზარალოს, საერთაშორისო ასპარეზზე სახელი გაუტყდეს და უცხოური ინვესტიციების არქონის შემთხვევაში, ეროვნული ვალუტა ზედმეტად გაუფასურდეს“, – გვეუბნება ამ სფეროს ექსპერტი.
„ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, ხელისუფლებამ გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მოიფიქრა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს, რომ ტერიტორიას თურქული კომპანია დაეპატრონოს და ეს იმის მიუხედავად, რომ „ენკასთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ისინი თავისას ითხოვენ. ხელისუფლებაში არავინ ელოდა, რომ პროტესტი ასეთ ხასიათს მიიღებდა. ყველას ეგონა, რამდენიმე ათეული ადამიანის გამოსვლას ოპოზიციას მიაბამდნენ, მაგრამ ხალხმა არც ოპოზიცია გაიკარა და პროტესტის ისეთი ტალღა ააგორა, ვგონებთ, 90-იანების შემდეგ რომ არ ყოფილა. ეს ხალხი არც ვინმეს მანდატს იცავს, არც ხელისუფლების შეცვლას ითხოვს – ისინი საკუთარი მიწა-წყლის სადარაჯოზე დგანან და ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, ისინი მომიტინგეებმა ახლოს არ გაიკარეს. ამით, პროტესტს სახე და სიწმინდე შეუნრჩუნეს, აპოლიტიკური თემა გააგრძელეს და ამიტომაც იყო, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი მათთან შეხვედრის შემდეგ უკან გაწბილებულნი რომ დაბრუნდნენ. არანირი პოლიტიკური მოთხოვნა, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ქუჩაში გამოსულ ხალხს მთავრობის შეცვლა ან რაიმე მაგდაგვარი სურს. ისინი მიწის საუკუნით გასხვისებას აპროტესტებენ.
ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს მიავიწყდა პანკისის ხეობა და ერთი წლის წინ იქ არსებული ანალოგიური სიტუაცია. მაშინ მოსახლეობამ პოლიციის მანქანასთან ერთად, მშენებელი ფირმის ტექნიკაც ცეცხლს მისცა და ადგილობრივების დაშოშმინება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოხერხდა. შესაბამისად, სწორედ პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესის თემა მოვიკითხეთ კულუარულად და საინტერესო ამბებიც გავიგეთ. ხეობაში ახალი ბაზა გაკეთდა, სადაც კახეთის რეგიონის სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი გადავიდა. ბაზის მშენებლობა არავის გაუპროტესტებია და იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად ეს ბაზა სამხედრო და საზღვრის გასამაგრებლად არის წამოჭიმული, რეალურად იქ სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არიან.
„რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რაჭა-ლეჩხუმსა და პანკისში ჯარს და პოლიციას შეიყვანს? (დათმობა არც განიხილება, რადგან ეს ავტომატურად არის მიბმული სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ჩამოშლასთან). მთავრობას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს. ადგილობრივიები არ მალავენ, რომ სახელმწიფოს ინდივიდუალური მოლაპარაკებები აქვს დაწყებული მოსახლეობასთან და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რათა მათ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს რთული პროცესია.ხალხმა საკუთარი ძალა იგრძნო, იმავე პანკისში დაიჯერეს, რომ თუ ბოლომდე ერთად დადგებიან, სახელმწიფო ვერ მოერევა. იგივეა რაჭა-ლეჩხუმშიც, ამიტომ, ინდივიდუალურ დონეზეც კი, ადამიანების გადარწმუნება ჭირს“,- გვეუბნება ჩვენი წყარო.
ანუ, სახელმწიფოს ზუსტად ისევე აღარ დარჩა რესურსი, როგორც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას და ბიუჯეტის შევსების ერთადერთ გზად, სწორედ უცხოური ინვესტიციები ესახება. ეს მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ხელშეკრულება როგორც „ნამახვანჰესის“, ისე პანკისში ასაშენებელი ჰესის პირობებში, კაბალურია. უცხოურმა კომპანიებმა სახელმწიფოს გაჭირვებით ძალიან კარგად ისარგებლეს და წაგებაში არცერთ შემთხვევაში არ არიან.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები