გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ტელეფონი ადვოკატებმა გამომძიებლებს რამდენიმე საათის წინ მიაწოდეს და ესაუბრნენ იმ საერთო “ჩათის” შესახებ, სადაც ექიმები კლინიკა “იმედიდან” გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ მიმოწერის დიდი ნაწილი წაშლილია და გამოძიებისგან მის აღდგენას ითხოვენ.
ადვოკატები ამბობენ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მეგი ბაქრაძის ქმარს გარკვეული პირები დაკავებით ემუქრებიან:
“ჩვენ უშუალოდ რომელი უწყების ან ვის მირ იქნა მუქარა ვერ დავკონკრეტდებით. ინფორმაციული კუთხით გამოდის, რომ ცალმხრივად ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებასთან, ჩვენ ყველა ინფორმაციას ეს იქნება ზეპირსიტყვიერი თუ მტკიცებულებითი სტანდარტით, ვაწვდით საგამოძიებო უწყებას.
უშუალოდ მაგ ნაწილშია მუქარაც, მანუჩარ კობახიძის მიმართ, რომ თუ ის არ გაჩერდება, მსვლელობა მიეცემა მეორე ნაწილში 187-ე მუხლს. მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დაპირებული იყო საგამოძიებო უწყება, რომ უნდა გადმოეცა, ამ ეტაპზეც მივიღეთ უარი”, – თქვა ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა.
შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრია, როცა მეუღლის კომაში ჩავარდნის შესახებ გაიგო, თუმცა, მოგვიანებით იგი ამტკიცებს, რომ როცა მას მეუღლე აჩვენეს, მეგის გადაფარებული ჰქონდა ზეწარი და იგი უკვე გარდაცვლილი იყო. სწორედ ფანჯრების ჩამსხვრევის გამო, შესაძლებელია, მას ემუქრებოდნენ დაკავებით.
187-ე მუხლის პირველი ნაწილი:
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იყო, თუ არა, კლინიკისთვის ფანჯრების ჩამსხვრევა მნიშვნელოვანი ზიანი, ეგ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იმ გამოძიებამ, რომელსაც ამ დრომდე არ გამოუკვლევია გარდაცვლილი ექთნის მობილურის ნომერი და რომ არა “ალიას” წერილი, ვაქცინაციის დროს კლინიკაში მყოფი ჟურნალისტები და ოპერატორიც არ ჰყავდა დაკითხული.
კომენტარები