„ალიას“ ესაუბრება იურისტი ვალერი გელბახიანი.
– მთავრობასთან არსებული კორონა ეპიდემიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო იყოსო. ეს რამდენად ნორმალურია? რატომ უნდა დააძლო ადამიანს აიცრას?
– საყოველთაო ვაქცინაცია უნდა იყოსო, რომ ამბობენ, სად არის ვაქცინა?! 2 მილიონი კაცი უნდა აიცრას და ამათ 29 000 აქვთ ჯერ შემოტანილი. ვერ ყიდულობენ ვაქცინას, ფული არ აქვთ. ჯერ შემოიტანონ სხვა და სხვა ვაქცინა და ხალხს რომელიც ენდომება, იმას გაიკეთებენ. ვისაც არ ენდომება, არ უნდა გაიკეთოს, თუმცა, რამდენიმე ქვეყანა ამზადებს კანონს, თუ აცრილი არ იქნება, არ შეუშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში.
– ეს ხომ უკვე იძულებაა.
– კი, კანონით ავალდებულებენ.
– რატომ უნდა დამაძალონ აცრა? არ მინდა და არ ვიცრები. ჩვენს რამდენ კანონს და საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება სავალდებულო აცრა? იურისტი ხართ და თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
– თურქეთმა ასე დაასაბუთა ეს სავალდებულო აცრა. იმისთვის, რომ გადარჩეს სხვისი სიცოცხლე, შენ ვალდებული ხარ კანონით, რომ აიცრა. შენ იცრები და საკუთარ და სხვის სიცოცხლესაც აზღვევ. გერმანია ამზადებს ახლა მკაცრ კანონებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით და თუ სავალდებულო არ გახადეს, ბევრიც არ დააკლდება. ისეთ შეზღუდვებს დაუწესებენ აუცრელ ადამიანებს, რომ აიძულებენ, აიცრან.
– გერმანია, თურქეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები, სადაც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც სავალდებულოა აცრა, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავენ და მათ საცდელად და საექსპერიმენტოდ არ გამოიყნებენ. ჩვენს ხელისუფლებას არ ენდობა ხალხი. რომელ ხელისუფლებას ვენდო? ამათ? ერთი მიზეზიც არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ჩემზე ზრუნავენ.
– კი, მეც არ ვენდობი. შესაძლოა, ვაქცინის მაგივრად წყალი გამიკეთონ.
– წყალს რა უშავს და ახლა ანტივაქსერები იმაზე ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა, სრულიად ახალი, ექსპერიმენტული ვაქცინა შემოიტანონ, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ იქნება გამოყენებული, პირველად საქართველოში გამოიცდება და მართლა საექსპერიმენტო ბაჭიები ვიქნებითო.
– ამ ხელისუფლებას არავინ ენდობა, ამათგან არაფერი უკეთური არ გამიკვირდება, რადგან შესაძლოა, მართლა სიკვდილის პირისპირ დაგაყენონ. ამათ ისე გაიხადეს საქმე, საუკეთესო ვაქცინა რომ შემოიტანონ, რომელიც 100 პროცენტით დაგიცავს ვირუსისგან და არანაირი გვერდითი მოვლენა არ ექნება, ხალხის დიდი ნაწილი მაინც არ დაიჯერებს ამას და არ აიცრება. იმდენი ატყუეს ხალხი, სიმართლეც რომ უთხრან, არ დაუჯერებენ.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები