„ალიას“ ესაუბრება, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა.
– გიორგი გახარია პოლიტიკაში დარჩა და უკვე პარტიის შექმნას აპირებს. იქნება გახარია „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია? თუ ბიძინა ივანიშვილის სათადარიგო დასაყრდენი და სატელიტი იქნება?
– ლელა კაკულია არ ვარ, გადაჭრით ვთქვა, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია იქნება ან არ იქნება. ამას მომავალი გვიჩვენებს. მე შემიძლია იმ საკითხზე ვისაუბრო, რაც ჩანს. ჩანს ის, რომ გახარიას რეიტინგი არის პიკზე. გახარიას რეიტინგი ცალკე აღებული, აღემატება „ქოცებისა“ და „ნაცების“ ჯამურ რეიტინგს. ამას მე ვგრძნობ ძალიან ადვილად. დავდივარ ხალხში, აპოლიტიკურ საზოგადოებაში და არავის არაფერი უკითხავს, არც სააკაშვილსა და არც ივანიშვილზე, ათიდან ცხრა ადამიანი დღეს კითხულობს, რას აპირებს გიორგი გახარია. ეს იმ ტიპის გამონაკლისი რეიტინგია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება, როგორი რეიტინგიც სააკაშვილს 2003 წელს ჰქონდა, ხოლო ივანიშვილს – 2012 წელს. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება იმას, რომ არის თუ არა გახარია „ქართული ოცნების“ სატელიტი თუ მისი რეალური ოპოზიციაა, მე როგორ ვამტკიცო ეს? ამის პირდაპირი მტკიცებულება არც ერთი და არც მეორე პოზიციის გასამყარებლად, ჯერ არ არსებობს. შეგვიძლია, თეორიიდან და ისტორიიდან გამომდინარე ვთქვათ, რომ ასეთი რეიტინგული პროექტები, ასეთი პოპულარული ლიდერები მარიონეტები არ ხდებიან. თეორიულად ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, მაგრამ პრაქტიკაში, ასეთი რამ იშვითად გვხვდება. ივანიშვილზე ათჯერ მეტი რეიტინგი მაინც აქვს გახარიას და რატომ უნდა გახდეს მისი სატელიტი, საამისო რა გასჭირვებია? თუმცა, ეს ეჭვები თავად გახარიამ უნდა მოხსნას.
– შესაძლოა, გახარია გახდეს ის ლიდერი, ის მისაღები და კომპრომისული ვარიანტი ამერიკასა და რუსეთს შორის, წეღან რაზედაც ვსაუბრობდით?
– აბსოლუტურად შესაძლებელია. პირველ რიგში, ამ ორივე ქვეყანას სჭირდება რაციონალური ლიდერი. არც რუსოფობის მოსვლას დაუშვებს ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში საერთაშორისო სამყარო და არც პრორუსისას. ასეთ შემთხვევებში, აქ იქნება დიდი საერთაშორისო კონფლიქტი. გახარია არის ზუსტად ისეთი ლიდერი, რომელსაც, ჩემი აზრით, შეუძლია, ოქროს შუალედის მოძებნა საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე, შიდა ურთიერთობებშიც. ფაქტია, რომ ის გაღიზიანება და ზიზღი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ჩვენი მთავრობის მიმართ, გახარიაზე პერსონალურად არასდროს გადადიოდა. შესაძლოა, პარადოქსია, მაგრამ არჩევნებში გახარიას „ქოცებიც“ აძლევდნენ ხმას და „ნაცებიც“.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
კომენტარები