ცოტა ხნის წინ, თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი “ვეძებ“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბიოლოგიური ნათესავების პოვნაში ეხმარება და უკვე 30-მდე ოჯახი დააკავშირა ერთმანეთს. თამუნა AMBEBI.GE-თან ამბობს:
თამუნა მუსერიძე:
– სიცრუე აღმოჩნდა ის, რომ თითქოს ამდენ დედას უკვდებოდა შვილი. მათ 90%-ს ატყუებდნენ, – ბავშვი დაიღუპა და მას ჩვენ დავასაფლავებთო. გაირკვა, რომ თურმე, თბილისის არცერთ სამშობიაროს თავისი სასაფლაო არ ჰქონია. თუ ბავშვი რეალურად კვდებოდა, გარდაცვლილ პატარას მშობელს ატანდნენ. ამის გარკვევის შემდეგ, დედებმა იუსტიციის სახლში დაიწყეს დაბადების მოწმობების, საკუთარი მშობიარობის დამადასტურებელი ამონაწერების მოძიება და მივედით ძალიან მძიმე ფაქტამდე, გაირკვა, რომ ამ ბავშვების დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები არ არსებობს. ყველაზე რთული აღმოჩნდა ის, რომ ეს ქალბატონები ვერ ამტკიცებენ, რომ იმშობიარეს – ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არსად ფიქსირდება. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, ვიფიქრებდით, შეცდომა დაუშვეს, არ ჩაწერეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ათი ათასობით დედაა, რომელთაც უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალა და მას სამშობიაროს სასაფლაოზე დაკრძალავდნენ, მაგრამ ბავშვი სად წაიყვანეს, არავინ იცის. დავადგინეთ ისიც, რომ ეს ბავშვები არიან გაყიდული და პირდაპირ აღმზრდელი მშობლების შვილებად გატარებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდან, როცა ამ ქალბატონებს ვესაუბრებოდით, ყველა დაახლოებით ერთნაირ ტექსტს ამბობდა, – სამშობიაროში ჩემი ნათესავი, ნათლია ან მეგობარი მუშაობდა და ამას არ გამიკეთებდაო. აღმოჩნდა, რომ სწორედ, ახლობლებს უკეთებდნენ. ახლახან გვქონდა შემთხვევა, როდესაც დედამ შვილი 38 წლის მერე იპოვა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ის შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო… არადა, იმ საავადმყოფოში, სადაც იმშობიარა, გინეკოლოგად მისი ნათლია მუშაობდა.
– თუ დაუკავშირდით რეალურ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში სამშობიაროებში მუშაობდნენ?
– დაგვიკავშირდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც იმ დროს სამშობიაროში მუშაობდნენ და გვითხრეს, რომ კვალის არევის მიზნით დედას ზოგჯერ იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომ ბიჭი გაჩნდა, სინამდვილეში კი ახალშობილი გოგონა იყო და პირიქით… არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ადასტურებენ, რომ სამშობიაროებში ბავშვების გაყინული ცხედრები ჰქონდათ. ინახავდნენ ქერა და შავგვრემან ბავშვებს და თუ რომელიმე მშობელი კატეგორიულად მოითხოვდა შვილის ცხედარს, მშობლების გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ ცხედარს და მათ სხვის შვილს ატანდნენ. იმ ექიმებიდან ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ გვაქვს კონტაქტი იმ ქალბატონებთან, რომლებიც სამშობიაროებში იმ პერიოდში მუშაობდნენ. ტყუპის სქემა ცალკე იყო, უამრავი ტყუპისცალია გაყიდული. უფრო იმას აშვილებდნენ, რომელიც შედარებით ჯანმრთელი იყო. ყველა სამშობიაროდან ხდებოდა გაშვილება, მაგრამ მოწინავე იყო – თბილისის პირველი და მეორე სამშობიაროები, ასევე, სიღნაღის, სენაკის, რუსთავის…
– შენს საქმეში ხომ არ არის სიხალე?
– აღმოჩნდა, რომ ვარ მოპარული და არა გაშვილებული. არ ვიცი, რომელ სამშობიაროში დავიბადე. როგორც გავიგეთ, ბავშვი ერთ სამშობიაროში იბადებოდა, ის შემდეგ მეორეში გადაჰყავდათ და იქედან აშვილებდნენ.
კომენტარები