თბილისში, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ინვესტორი თბილისის მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს და მზად არის უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე. მის ნაცვლად კი, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გოგი ზაქაიძემ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სრული კანონიერი უფლებისა, ეს ვარიანტი მიღებული იქნა, ვინაიდან მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს.
„მოგეხსენებათ თბილისის მერია იწყებს ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე, ინვესტორი მზად არის სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წელს აშენდა.
ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ, თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე, ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ინვესტორის განცხადებით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არცერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
„მინდა აღვნიშნო, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს, არათუ არ დაზიანდება არცერთი ნარგავი, არამედ დამატებით განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება. ინვესტორი საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს ტერიტორიის უმოკლეს დროში კეთილმოწყობას და მომავალში მის მოვლა-პატრონობას. ასევე მოეწყობა ველო პარკი და პარკის სტუმრები შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ ამ სერვისით.
მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება პარკის სტუმრებისთვის და ასევე, არ შეილახება ინვესტორის სამართლებრივი უფლება.ამ პროექტის განხორციელებით, თბილისის მერია შეძლებს ბიუჯეტიდან დაზოგოს 6 მილიონი დოლარის საკონპენსაციო თანხა“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ.
კომენტარები