ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს დაარსებიდან 72 წელი გავიდა.
ორგანიზაცია, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა, არის ჩრდილოეთ ამერიკის ორი და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა – როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ანუ ვაშინგტონის ხელშეკრულება ნატოს ფუძემდებლური დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა, ხელშეკრულების ქვაკუთხედი მეხუთე პუნქტია, რომლის თანახმად, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე.
მოგვიანებით, 1952 წელს, ამ ხელშეკრულებას თურქეთი და საბერძნეთი შეურთდა. 1955 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, ხოლო 1982 წელს ესპანეთმა. 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შედეგად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც გერმანიის განუყოფელი ნაწილი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა. 1999 წელს, უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს წევრები გახდნენ. 2004 წელს ნატოში გაწევრიანდა ევროპის შვიდი ქვეყანა: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1-ელ აპრილს გახდნენ. 2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა, 2020 წელს კი, ორგანიზაციას ჩრიდილოეთ მაკედონია შეუერთდა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ამ ქვეყნების თავისუფალ არჩევანს, გაწევრიანების საკითხის საჯარო განხილვასა და შესაბამისს საპარლამენტო პროცედურებს. ვაშინგტონის ხელშეკრულების თანახმად, ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, ერთობლივად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები.
კომენტარები