„ბოლო ერთი წელი, არასდროს დაგვავიწყდება მათ, ვინც უშუალოდ შეგვეხო კოვიდ-19, როგორც ექიმებს, ექთნებს და პაციენტებს”, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
ნანა გეგეჭკორი ყველა იმ ადამიანს მიმართავს, ვინც ჯერ კიდევ ვერ იჯერევს კორონავირუსის არსებობას.
“ვერაფრით ვივიწყებ ჩემს ჰოსპიტალში, ლამის ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ოპერატორის განწირულ ხმას „Code …“ (კოდს შეგნებულად არ ვაკონკრეტებ). ასე მაშინ გვეძახის ოპერატორი (მთელი ჰოსპილის მაშტაბით ყველა კუთხეს წვდება ეს ხმა, რომ სპეციალური ჯგუფი წამებში გაააქტიუროს) როცა პაციენტს რეანიმაცია სჭირდება. ჰოსპიტალს, სპეციალური, მორიგე გუნდი ჰყავს უსწრაფესი რეანიმაციისთვის. ამ გუნდის ყველა წევრს, ოპერატორის განცხადების პარალელურად, პეიჯერზეც მოსდის შეტყობინება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წამში უნდა გაჩნდეს იმ პალატაში სადაც დახმარებაა საჭირო.
გუნდს ჰყავს ლიდერი და ყველა დანარჩენმა წევრმა ზუსტად იცის საკუთარი როლი გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს. ამ ჯგუფის ლიდერი, რეზიდენტურის განმავლობაში, მრავალჯერ ვყოფილვარ. სიტყვებით ვერ აღვწერ, სიამოვნებას რაც მოაქვს ასეთ დროს გადარჩენილ სიცოცხლეს. ფრთების გარეშე ფრენა თუ გიცდიათ დაახლოებით ასეთი სიხარულია. როგორც წესი ასეთი გადაუდებელი მდგომარეობები 750 საწოლიან ჰოსპიტალში ყოველ დღე არ ხდება. განსხვავებული იყო კოვიდ-პერიოდი. მარტის შუა კვირაში, კოვიდის პირველმა ტალღამ ღამის მორიგეობებზე მომისწრო.
ორკვირიანი ჯოჯოხეთური ღამეები გამოვიარე. ღამის მორიგეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ამ დროს ჰოსპიტალში მხოლოდ მორიგე ჯგუფები არიან. როგორც წესი ორკაციანი ჯგუფია პასუხისმგებელი საშუალოდ 50-60 პაციენტიან დეპარტამენტზე, ამას დამატებული ღამით შემოსული ახალი პაციენტების მიღება, საშუალოდ 7-9 პაციენტი მშვიდობიან დროს. მე პარალელურად კოდის ჯგუფის ლიდერობაც მხვდა წილად. ერთი ნიუანსი, ამერიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ძალიან მკაცრია, უმეტესი პროცედურები, ოპერაციებიც კი ამბულატორიულად კეთდება და ჰოსპიტალში მხოლოდ მძიმედ დაავადებული პაციენტები ხვდებიან (ასეა არა-კოვიდ პერიოდშიც).
კოვიდ-ღამეები წარმოუდგენელი გამოდგა. საშუალოდ 12-15 უმძიმესი პაციენტის მიღება მიწევდა ერთ ინტერნთან ერთად, პარალელურად გადავსებული განყოფილების ურთულესი პაციენტები და „Code …“-ზე სირბილი… მეორე კვირისთვის, ჰოსპიტალში, თითქმის აღარ იყო კოვიდ ავადმყოფის გარდა სხვა არავინ. ლამის ყოველ საათში ჩერდებოდა გული ან სუნთქვა, ან ორივე ერთად ჰოსპიტლის რომელიმე პალატაში… ასეთი პაციენტის რეანიმაცია კი არც ისე ხშირად იყო წარმატებული. ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დამარცხებულს და განადგურებულს უნდა გეპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ სხვა პაციენტებისთვის მიგეხედა. ყოველ ჯერზე, როცა ოპერატორის ხმა და ჩემი პეიჯერი ერთდროულად იწყებდა ხმაურს რამდენიმე წამით მთელი სხეული მიბუჟდებოდა, რადგან უკვე ვიცოდი, ალბათობა იმისა რომ ისეთივე წარმატებული ვიქნებოდი რეანიმაციაში როგორც სხვა პათოლოგიების დროს თითქმის უმნიშვნელო იყო.
პრობლემა მარტივ რამეში იყო. გულს კი ავამუშავებდით, მაგრამ ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანებისას, ორგანიზმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ჟანგბადს ვერაფრით ჩაასუნთქებდი პაციენტს, ვენტილაციის იდეალური პარამეტრებით მართვის პირობებშიც კი. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს ფილტვების დაუზიანებელი ქსოვილი თითქმის არ ჰქონდათ. მითუმეტეს, ამ პერიოდში გადავსებულ ჰოსპიტალში მხოლოდ უკიდურესად მძიმე, ჟანგბად დამოკიდებული პაციენტები ხვდებოდნენ. სხვებისთვის ფიზიკურად ადგილი არ იყო და მათ ტელემედიცინით სახლში მართავდა ამბულატორიული ჯგუფი. სწორედ ამ პაციენტთაგან უმძიმესებში გვიწევდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, შესაბამისად გადარჩენის შანსებიც პრაქტიკულად ნულთან იყო მიახლოებული. მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუ-იორკის ამ ნაწილის, „ეკმოს“ ცენტრიცაა, ამიტომ ერთდროულად ბევრი პაციენტის „ეკმოზე“ ყოლის საშუალება გვაქვს.
ეს შესაძლებლობაც პირველ რამდენიმე დღეში ამოიწურა. არასდროს მანამდე არ ყოფილა შემთხვევა ყველა შესაძლო ადგილი ერთდროულად ყოფილიყო დაკავებული. ორი-სამი კვირის თავზე მთელი ჰოსპიტალი ინტენსიური თერაპიის პალატებად იქცა და მართლა უმძიმესი პაციენტებით გადაივსო. თვეების განმავლობაში, მხოლოდ ამ ერთ ჰოსპიტალს, ერთდროულად 400-ზე მეტი პაციენტი ჰყავდა მართვით სუნთქვაზე. ეს იმაზე მეტია რაც პიკის დღეებში, მთელს საქართველოში ერთად. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ლამის ომის მოგების ტოლფასი გახდა, იმდენად რთული ამოცანა იყო იმ პირობებში, როცა დაავადებაზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე თითქმის არანაირი სანდო ლიტერატურა არ არსებობდა. შეიძლება პათეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა მქონდა განცდა, რომ სიკვდილი მიყურებდა ასეულობით თვალიდან… ამ შეგრძენებას ისიც ამძაფრებდა, რომ ლამის ყველა პაციენტი მართვით სუნთქვაზე ან სხვა და სხვა ტიპის ჟანგბადის წყაროზე იყო მიერთებული და პრაქტიკულად მხოლოდ მათ თვალებს ვხედავდი. ისინიც მხოლოდ თვალებს ხედავდნენ ჩემსას, ისიც დამცავი სათვალიდან, რადგან სპეციალურ ანტივირუსულ კამუფლიაჟში ვიყავი შეყუჟული…
მალე მეც კოვიდ-პაციენტი აღმოვჩნდი და სიკვდილის შიში უკვე ჩემი ნაწილი გახდა…
ჩემს ოთახში, იზოლაციაში მყოფი, ასეულობით, შეშინებული ადამიანის წერილს ვპასუხობდი და ასე ვცდილობდი ფხიზლად ყოფნას. დაძინების მეშინოდა, ზუსტად არ ვიცოდი კიდევ ერთხელ გათენდებოდა თუ არა ჩემთვის. შიშზე ხმამაღლა საუბარს ვერ გამვბედავდი, ასე მხოლოდ შევაშინებდი ადამიანებს ვისაც ჩემზე დარდი ისედაც არ ასვენებდათ.
გრძელი ისტორიაა… ჯერ-ჯერობით ამაზე ფიქრიც კი მიჭირს…
ყოველ ჯერზე, როცა ვაწყდები ადამიანებს ვინც პანდემიაში შეთქმულების თეორიებს ეძებენ, ამტკიცებენ რომ კოვიდი გამოგონილი პრობლემაა, ის არ არსებობს, სტატისტიკა გაყალბებულია და ეს ადამიანები რეალურად არ გარდაცვლილან, ჩემი გონება წამებში აღადგენს ხოლმე ასეულობით თვალიდან მომზირალ სიკვდილს, ჩამქრალ თვალებს, ქაღალდზე დატანილ სიკვდილის დროს, კარდიოგრამაზე დაფიქსირებულ სწორ ხაზებს და მინდა ამ ადამიანებს სათითაოდ მოვუყვე ეს ისტორიები…
ყველა მათგანს ერთი საერთო თვისება აერთიანებს, ასეულობით ათასი სიკვდილი არგუმენტად არ ჰყოფნით, დაუზარებლად ამტკიცებენ კედელ-კედელ, ეთერ-ეთერ, ადამიანი ხომ ისედაც მოკვდავი არსებაა და სხვა ვირუსული დაავადებებიც კლავენ, მაინც და მაინც კოვიდი რატომ უნდა გახდეს მნიშვნელოვანიო?.. მათ რწმენას კიდევ ბევრი სიკვდილი სჭირდება… ასე ამბობენ თვითონ… გრიპის და კოვიდის „სიკვდილებს“ ადარებენ და არ გამოსდით საკმარისი გარდაცვლილი რომ უბედურების მაშტაბებში დარწმუნდნენ“, – წერს ნანა გეგეჭკორი.
კომენტარები