IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლის ჩატარებაც თებერვლის ბოლოს დასრულდა, საზოგადოების განწყობების თვალსაზრისით, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, გამოკითხულთა 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს მხარს არ უჭერს; 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, 45% კი – არა; რაც შეეხება პარტიებს, მომავალ კვირას არჩევნები რომ იყოს, 35% “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა მხარს, 18% კი – “ნაციონალურ მოძრაობას”; ლიდერების ინდივიდუალურ რეიტინგში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებული – 65% გიორგი გახარიას ერგო.
აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.
მუდმივად ვამბობდით, რომ “ქართულ ოცნებაში“ ორი ლიდერია – კალაძე და გახარია, ეს სიახლეს მე მგონი, არავისთვის წარმოადგენდა. ამ ორ ადამიანს ჰქონდა და დღესაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი. ამიტომ ჩემთვის ის, რომ ამ პოლიტიკოსთა შორის ლიდერის პოზიციაზე გახარია აღმოჩნდა, მოულოდნელი სრულიადაც არ ყოფილა – ისევ და ისევ, მთლიანი კონტექსტიდან გამოდინარე თუ ავიღებთ, როცა მოსახლეობის 60% მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და როდესაც ლაპარაკია ლიდერებზე, რა თქმა უნდა, იქ გახარიას ფიგურა წამყვანი იქნებოდა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის დროა, როცა გახარია ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ მისი ფიგურა წინ წამოწეული ყოფილიყო. ის საკმაოდ თვითდაჯერებული პიროვნების და ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, ბოდიშის მოხდაც და ა.შ. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც მისი რეიტინგის ზრდა და დამდგარი შედეგი განაპირობა.
როგორც ვთქვი, “ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არჩევნებამდეც ასე იყო და შარშან ამ დროსაც ასე იყო. არის თემები, რომელიც, ფაქტობრივად, არ იცვლება, მუდმივასავითაა. ასევე, შესაძლოა, დღეს გახარიას რეიტინგი, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადგა და პრემიერი აღარ არის, აღარ იყოს 62%, რადგან, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიდან ნაწილი თვლის, რომ გახარიამ გუნდი მიატოვა და არასწორად მოიქცა, ისინი მას უკვე აღარ ჩათვლიან ლიდერად, მაგრამ ამავე დროს, გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება – ეს თემები შეიძლება, მერყევი იყოს, ისევე, როგორც კალაძის რეიტინგი და ა.შ. ე.ი. ამა თუ იმ ლიდერის პირადი რეიტინგი შეიძლება, ცვალებადი იყოს, მაგრამ ის, რომ 60% მოითხოვს, რომ ბოიკოტის რეჟიმი შეიცვალოს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ვფიქრობ, რომ დაახლოებით, ასევე დარჩება. შესაბამისად, არის თემები, რომელიც მუდმივი იქნება, და თემები, რომელიც იცვლება – გააჩნია, რას ეხება. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ახლა ჩატარების შემთხვევაში კარდინალურად განსხვავებულ ვითარებას მივიღებთ, სწორი არაა, ეს ასე ნამდვილად არ მოხდება.
კომენტარები