გამოძიებით ცნობილი ხდება, რომ ბერლინში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, კრასიკოვი რამდენიმეჯერ იმყოფებოდა ФСБ-ს მთავარ სამმართველოში და ახლო კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმ ვიმპელის რამდენიმე ვეტერანთან. ყველაზე ხშირი კომუნიკაცია ხანგოშვილის მკვლელს, ვიმპელის ვეტერანების ფონდის ხელმძღვანელთან, ედუარდ ბენდერსკისთან ჰქონდა.
საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ჩატარებული პირველი ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა, რომ მკვლელი გამოგინილი სახელით და გვარით სარგებლობდა. ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტის ნამდვილი მფლობელი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც 2000-იან წლებში ორ შეკვეთილ მკვლელობაში ფიგურირებდა.
Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, ვადიმ სოკოლოვის ცოლის ნომერი, რომელიც რუსეთის საგზაო პოლიციის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდა უშუალოდ კრასიკოვის მობილური ტელეფონის ნომრის დადგენა და მის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგი.
კრასიკოვის სატელეფონო ზარების ისტორიის ანალიზმა ცხადყო, კრასიკოვისა და ФСБ-ს თანამშრომლების ხშირი კომუნიკაცია, რომლის მთავარი მიზანიც ხანგოშვილი მკვლელობის ოპერაციის მომზადება იყო. Bellingcat-მა პატრნიორ მედიებთან ერთად კრასიკოვის კიდევ ერთი ნომერი, მოიძია, რომლითაც მკვლელი ევროპის ტერიტორიაზე სარგებლობდა. აღნიშნული სიმ ბარათის დადგენის შემდეგ, ცნობილი გახდა კრასიკოვის გადაადგილების მარშრუტი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციის მომზადება 2019 წლის მარტში დაიწყო. ყველაზე ხშირი კონტაქტი, კრასიკოვს ФСБ-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან ედუარდ ბენდერსკისთან ჰქონდა. 2019 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, კრასიკოვსა და ბენდერსკის შორის 20 სატელეფონო საუბარი შედგა, მათ შორის 2019 წლის 3 ივლიის – იმ დღეს, როცა კრასიკოვმა ყალბი პასპორტი მიიღო. კრასიკოვისა და ბედნერსკის შორის ბოლო საუბარი გასული წლის 13 აგვისტოს – მკვლელობამდე 10 დღით ადრე შედგა.
Bellingcat-ის ინფორმაციით, ედუარდ ბენდერსკი საქმეში ФСБ-ს სცეპდანიშნულების ცენტრის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ტიხონოვს წარმოადგენდა და სწორედ მისი ხელდასმით მოქმედებდა. 2003 წელს ტიხონოვს ვლადიმერ პუტინის საიდუმლო ბრძანებით რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა. ტიხონოვი ხელმძღვანელობდა მძევლების გათავისუფლების ოპერაციას ნორდ-ოსტისა და ბესლანის ტერაქტების დროს.
ბერლინში გამგზავრებამდე სამი დღით ადრე, სატელეფონო საუბარი შედგა კრასიკოვსა და ФСБ-ს 3 თანამშრომელს შორის, სავარაუდოა, რომ ისინი ოპერაციის დამაგვირგვინებელ ფაზაში პირდაპირ მონაწილეობდნენ.
კრასიკოვის ტელეფონიდან განხორციელებული აქტივობობების მეშვეობით, დადგინდა კონკრეტული ადგილები, საიდანაც კრასიკოვი ყველაზე ხშირად ჩნდებოდა ქსელში. კრასიკოვის ყველაზე ხშირ ადგილსამყოფელებს შორის აღმოჩნდა, ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრი, მოსკოვის შემოგარენში. სწორედ აქ მდებარეობს სპეციალური სამხედრო ნაწილი 35690, რომელიც სპეცრაზმ ალფასა და ვიმპელის ბაზირების პუნქტია.
ცნობილია, რომ ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე კრასიკოვმა რამდენიმე დღე დაჰყო ФСБ-ს საწვრთნელ ბაზაზე. კიდევ ერთი წერტილი, საიდანაც კრასოვის ტელეფონი ხშირად შემოდიოდა ქსელში, მოსკოვში, ვერნანდსკის გამზირზე არსებული ФСБ-ს მთავარი სამმართველოა.
გამოძიების ერთ-ერთი ავტორი, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ 2019 წლის თებერვლიდან კრასიკოვს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა 12 პირთან, რომლებიც ФСБ-სთან არიან დაკავშირებული, ამასთანავე, ერთ-ერთი მათგანი დღემდე აქტიური თანამშრომელია. გროზევის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ეს კომუნიკაცია გაცილებით უფრო ინტენსიური გახდა. გროზევის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ კრასიკოვმა ФСБ-ს საწვრთნელ ბაზაზე 4 დღე გაატარა, ერთმნიშვნელოვნად ბერლინში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდება.
რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გროზევი ამბობს, რომ ბენდერსკისა და სხვა სპეცსამსახურების ვეტერანების მონაწილეობა ოპერაციაში რისკების დაზღვევის სურვილით მოხდა. გროზევის თქმით, ბენდერსკი ოპერაციაში ФСБ-ს და კერძოდ, ალექსანდრ ტიხონოვის ხელდასმით მოქმედებდა და სწორედ მის ინტერესებს წარმოადგენდა.
“მე ვთვლი, რომ ბენდერსკის ფუნქცია იყო ФСБ-სთვის შეექმნა საფარი, რათა ამ უკანასკნელთ ემტკიცებინათ, რომ ხანგოშვილი არა ФСБ-მ, არამედ კერძო პირმა პირადი მოტივებით მოკლა”, — ამბობს გროზევი.
ხრისტო გროზევი დარწმუნებულია, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ФСБ-ს უმაღლესი ხემძღვანელობის დონეზე დაიგეგმა, ხოლო სანქცია კი უშუალოდ კრემლში გაიცა. გამოძიების ავტორები ამბობენ, რომ ბოლო გამოძიების მიხედვით სრულად გამოირიცხა კრიმინალური გარჩევისა და რამზან კადიროვის შურისძიების ვერსია.
გამოცემის ინფორმაციით, რამზან კადიროვისა და ფედერალური სპეცსამსახურების ურთიერთობები პრობლემურია და ამასთანავე, კადიროვს არ შეეძლო კრასიკოვისთვის ყალბი პასპორტის დამზადება და ФСБ-ს სპეციალურ ბაზებზე მომზადება. “ყველა მონაცემის მიხედვით, ეს იყო ცენტრალიზიბული და კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომლის სანქციაც კრემლში გაიცა”, — ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსული მხარის პასიურობის გამო, გერმანიამ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევა. აღნიშნულს სარკისებურად უპასუხა რუსეთმაც. როგორც ცნობილია, ხანგოშვილის საქმის გამოძიება გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პეტერ ფრანკმა პირად კონტროლზე აიყვანა
ტაბულა
კომენტარები