კოვიდგადატანილი ყოველი სამი ადამიანიდან ერთს, ექვსი თვის შემდეგაც აღენიშნება ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დიაგნოზი.
ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორთა განცხადებით, მტკიცდება, რომ თავის ტვინის პრობლემების განვითარების ალბათობა COVID-19-ის პაციენტებში გაცილებით მაღალია, ვიდრე სასუნთქი გზების სხვა ინფექციების შემთხვევაში.
230 000 ისეთი ადამიანის მონაცემების შესწავლის შემდეგ, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს, აღმოჩნდა, რომ 34 პროცენტს შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში დაესვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების დიაგნოზი.
ყველაზე ხშირი პრობლემა იყო შფოთი (17 პროცენტი) და განწყობის აშლილობები (14 პროცენტი).
პაციენტთა 13 პროცენტის შემთხვევაში, ეს აშლილობები მათი პირველი დიაგნოზი იყო მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მხრივ.
ფსიქიატრიულ აშლილობებზე დაბალი იყო ისეთი ნევროლოგიური აშლილობებით ავადობის მაჩვენებელი, როგორებიც არის თავის ტვინის სისხლჩაქცევა (0,6 პროცენტი), ინსულტი (2,1 პროცენტი) და დემენცია (0,7 პროცენტი); თუმცა, თავის ტვინის აშლილობების რისკი ზოგადად უფრო მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც მწვავე COVID-19 გადაიტანეს.
ავტორებმა ასევე შეისწავლეს გრიპის დიაგნოზის მქონე 100 000 პაციენტისა და სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ინფექციის დიაგნოზის 236 000 პაციენტის მონაცემები.
აღმოჩნდა, რომ COVID-19-ის შემდეგ ჯამში 44 პროცენტით მაღალი იყო ნევროლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის დიაგნოზის რისკი, ვიდრე გრიპის შემდეგ, ხოლო 16 პროცენტით უფრო მაღალი, ვიდრე სასუნთქი გზების სხვა ნებისმიერი ინფექციის შემდეგ.
კვლევის ავტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი პოლ ჰარისონი აღნიშნავს, რომ COVID-19-ის შემდეგ ნევროლოგიური და ფსიქიატრიული აშლილობების ინდივიდუალური რისკი მცირე იყო, მაგრამ ზოგადი ეფექტი გლობალურ მოსახლეობაში არსებითად მნიშვნელოვანი ჩანს.
მისივე თქმით, ამ დაავადებათა ბევრი შემთხვევა ქრონიკულია.
„შედეგად, საჭიროა, რომ ჯანდაცვის სისტემებს ჰქონდეთ რესურსები მოსალოდნელ საჭიროებათა სამართავად, როგორც პირველადი, ისე მეორადი მზრუნველობის სერვისებს“, — ამბობს ჰარისონი.
ანალიზების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ COVID-19-ის გამწვავების გამო ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში უფრო მაღალია გრძელვადიანი პრობლემების განვითარების რისკი.
მაგალითად, იმ პაციენტთა 46 პროცენტს, რომლებსაც რეანიმაცია დასჭირდათ, გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაესვა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემების დიაგნოზი.
მონაცემები აჩვენებს იმასაც, რომ იმ პაციენტთა 2,7 პროცენტს, რომლებსაც რეანიმაცია დასჭირდათ, თავის ტვინის სისხლჩაქცევები განუვითარდათ, არაჰოსპიტალიზებულ პაციენტთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 0,3 პროცენტი იყო.
ასევე, რეანიმაციაში მოხვედრილ პაციენტთა 7 პროცენტს განუვითარდა ინსულტი, ამ განყოფილებაში არ მოხვედრილთა შორის კი ეს მაჩვენებელი 1,3 პროცენტი იყო.
პუბლიკაციის კომენტარში ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი ჯონათან როჯერსი აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პაციენტებში გრძელვადიანი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული შედეგების შესახებ საჭიროა შემდგომი კვლევებიც.
„სამწუხაროა, რომ ამ კვლევაში გამოვლენილი აშლილობების დიდი ნაწილი ქრონიკული ან პერიოდულია; შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ COVID-19-ის გავლენა ჩვენთან კიდევ მრავალ წელს დარჩება“, — ამბობს როჯერსი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
კვლევა The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით 1ტვ-ს მიერ.
კომენტარები