ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის შეცვლილი ჩვენებები ცნობილია.
პირველ ჩვენებაში ექიმი ამბობს, რომ 18 მარტს, მას შემდეგ, რაც დაყოვნების ოთახაში მყოფმა მეგი ბაქრაძემ თავი ცუდად იგრძნო “ფაქტიურად წამებში” გაუკეთა ადრენალინის 0,5 მლ დოზა, რასაც, მისივე განცხადებით თეა გზირიშვილი ესწრებოდა. ჩვენებაში ის წერს, რომ მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში აცრის ჩატარებიდან 30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და მასზე დაკვირვებას ის და ექთანი ახდენდნენ.
მეორე ჩვენებაში იგივე ექიმი აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი საერთოდ არ გაუკეთებია.
მოწმე: არა, არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქსიის მაჩვენებელი.
გამომძიებელი: ანაფილაქსიის შოკი რა სიმპტომებს გამოხატავს?
მოწმე: უნდა იყოს სუნთქვის უკმარისობა, დახრჩობის შეგრძნება, ღებინებაც შეიძლება იყოს, და გენერალიზებული გამონაყარი.
გამომძიებელი: ადრენალინის გამოყენება მეგი ბაქრაძის შემთხვევაში არ მიიჩნიეთ საჭიროდ?
მოწმე: არა, ნამდვილად არ იყო, ჩვეულებრივი რეაქცია იყო.
ექიმი, ასევე, ამბობს, რომ სამედიცინო ისტორიაში შეიტანილ იქნა, რომ ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთეს.
გამომძიებელი: რა მიზანს ემსახურებოდა ის ფაქტი, რომ შეგედგინათ არასწორი სამედიცინო ისტორია და პირადად თქვენ რა მიზანი გამოძრავებდათ, როდესაც ხელს აწერდით არასწორად შევსებულ სამედიცინო ისტორიას?
მოწმე: ალბათ შიში, რომ აი პასუხისმგებლობა, არ ვიცი.
მეორე ჩვენებაში ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მის გარდა სამედიცინო ისტორიას ხელი ბექა ლიპარტელიანმა და ექთანმა შუბითიძემ მოაწერეს. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო ისტორიის შექმნის პროცესში ჩართული იყო გიორგი აფციაური. ექიმი ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი გაკეთებული არ ჰქონდათ.
“შეგვეშინდა, რომ ანაფილაქსია იყო თუ არა, წესით უნდა გამეკეთებინა თუ ანაფილაქსიის ნიშნები იყო, მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი”, – ამბობს ვიოლეტა ინასარიძე.
ექიმი ამბობს, რომ გარდა ამ ფაქტისა, შესაძლოა სამედიცინო ისტორიაში არასწორად შეტანილი იყოს საათიც.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ სამ პირს, ახალციხის კლინიკის ექიმებს, ბრალდება წარუდგინა.
მართალია, დაკითხვისას, მოწმეს ეკითხებიან, რატომ მოაწერა არასწორად შევსებულ, გაყალბებულ სამედიცინო ისტორიას ხელი, თუმცა, დოკუმენტის გაყალბების ბრალდება, ამ დრომდე არ არის წაყენებული.
შეეძლო თუ არა, სამედიცინო ისტორიის გაყალბება მხოლოდ რამოდენიმე ექიმს, ჰქონდათ, თუ არა მათ კონსულტაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ინტერვიუების გაცემამდე – იმედია დადგინდება.
ფაქტი არის ერთი, მომხდარის შესახებ საზოგადოებამ შეიტყო მედიისგან და არა ჯანდაცვისგან, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირველი განცხადება დაახლოებით 5 საათის მერე გააკეთა, ჯანდაცვის მინისტრი კი, მთელი ამ დროის მანძილზე გვიმტკიცებდა, რომ მეგის ყველა საჭირო დახმარება დროულად აღმოუშინა კლინიკამ!
კომენტარები