ჩეჩნეთში არგუნის ყოფილი მერი, იბრაჰიმ თემირბაევი გარდაცვლილი იპოვეს. მედუზას ინფორმაციით, თემირბაევის მანქანა შატოი-გროზნოს მაგისტრალზე კლდიდან გადაიჩეხა.
“ერთადერთი მერი ჩეჩნეთში, რომელიც კადიროვის ჯგუფის წევრი არ იყო” – ასე მოიხსენიებდნენ ყოფილ მერს. მისი სიკვდილის გარემოებებს საეჭვოდ მიიჩნევენ გარდაცვლილის ახლობლები. “გაურკვეველია რაოგორ აღმოჩნდა მისი მანქანა იმ რაიონში”- ამბობს წყარო მედიასთან.
ექსპერტიზის დასკვნით, თემირბაევი თავისა და წელის მძიმე ტრავმებით, ადგილზე გარდაიცვალა.
ჩეჩნეთის ოპოზიციური მედია ამბობს, რომ თემირბაევი მოკლეს და ავარია მკვლელობის დასაფარად მოაწყვეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ერთი კვირის წინ მოკლეს, სხვა ვერსიით, ერთი დღით ადრე.
15-წლიანი მერობის შემდეგ, იბრაჰიმ თემირბაევი 2019 თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნოვაია გაზეტას ცნობით, მისი გათავისუფლება უკავშირდება ჩეჩნეთის მმართველი ელიტის მასშტაბურ წმენდას, რა დროსაც მაღალი თანამდებობის პირები გაურკვეველი ბრალდებებით აღმოჩნდნენ საიდუმლო ციხეებში, სადაც მათ აწამებდნენ და ქონების დათმობას აიძულებდნენ.
თემირბაევის გადადგომის შემდეგ ის დააკავეს და ამის მიზეზი, ნოვაია გაზეტას ცნობით, იყო სატელეფონო ზარი, სადაც ის ამბობდა რომ “რუსეთის ერთგული იყო და არა ამ წვერებიანი კაცების”. ის 2021 წლის დასაწყისში გაათავისულეს. მან ციხეში 2 წელი გაატარა.
ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვის ვარაუდით, ის იმავე მეთოდით მოკლეს, როგორც 2016 წელს გროზნოს უნივერსიტეტის ლექტორი ხიზირ ეჟიევი. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი “კლდიდან გადაჩეხვაა”, თუმცა მანამდე ის გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს.
ბლოგერი ასევე აღნიშნავს, რომ თემირბაევსა და კადიროვს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი მას ესტუმრა და კედელზე ჩამოკიდებულ კადიროვის პორტრეტს ხუმრობით თავში წამოარტყა.
თემირბაევის ნაცვლად არგუნის მერად ჩეჩნეთის ლიდერის 28 წლის ნათესავი, ხას-მაგომედ კადიროვი დაინიშნა.
წყარო – ტაბულა
კომენტარები