“მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ”. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.
როგორც თალაკვაძე წერს, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, რომელშიც ცვლილებები ორი წლის წინ მიიღო, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა ღია და გამჭვირვალე წესს, რომელიც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტს შეესაბამება და რიგ შემთხვევაში უფრო ამომწურავადაც არეგულირებს ამ მნიშვნელოვან პროცესს.
“ამასთან, ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:
1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;
2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;
3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით.
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა უმარტივესი დასადგენია, ბუნებრივია, მზად ვართ, მხედველობაში მივიღოთ პარტნიორების მოწოდება და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადავუგზავნოთ.
დემოკრატიული რეფორმები ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების საერთო მიღწევაა და საქართველო წინსვლას განაგრძობს”. – წერს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ ბრისეულიდან გავრცელდა განცხადება, სადაც ეწერა: “ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული, საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემის პირობა ასევე გახლავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად!”
კომენტარები