ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურია, ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის, ირინა ბათიაშვილის წერლს ეხმაურება და წერს:
“რაღაც გაუგებრობაა ეტყობა 9 აპრილთან დაკავშირებით: ისე გამოყავთ, თითქოს ზვიად გამსახურდია 1989 წლის 9 აპრილის დარბევის ღამეს მომიტინგეებთან არ ყოფილა. არათუ იყო, იგი მოიწამლა კიდეც, რამდენადაც შეისუნთქა მომწამვლავი ნივთიერება. ამიტომაც გამოვაქვეყნებ ნაწყვეტს ჩემი სტატიიდან ამ ღამეზე, რომელმაც დაიწყო ახალი ისტორიული ეპოქა.
“პატრიარქის გამოსვლას, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დარბევის საფრთხის რეალურობაზე და მოშიმშილეებს მოუწოდა ქაშუეთის ტაძარში სალოცავად გადასვლისკენ, სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. ამის შემდეგ მომიტინგეეებმა გადაწყვიტეს, არ გასცლოდნენ იქაურობას და ბოლომდე გამოეხატათ თავიანთი პროტესტი. 9 აპრილის ღამეს დაუვიწყარია მერაბ კოსტავას საოცარი გზნებით, ექსპრესიითა და უზარმაზარი ზნეობრივი მუხტით გაჯერებული სიტყვები: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები, მაგრამ ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოსდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“
როდესაც პატრიარქის გამოსვლა დასრულდა, ზვიად გამსახურდია იგონებდა, რომ მთავრობის სასახლის სვეტებთან მდგარი უშიშროების კომიტეტის ერთი მაღალჩინოსანი პირდაპირ მივიდა მასთან და შესთავაზა, დაუყოვნებლივ გამოსულიყო ხალხის წინაშე და მიტინგის დაშლისკენ მოეწოდებინა. ზვიად გამსახურდიას პასუხი ამაზე დააახლოებით ასეთი იყო: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ვერც ერთი ლიდერი ამ ადამიანებს ახლა ვერ დაშლის?! ისინი ბოლომდე დადგებიან, ხოლო ის, ვინც დაშლისკენ მოუწოდებს მათ, მოღალატედ და შტრეიკბრეხერად იქნება გამოცხადებულიო?! ამაზე მაღალჩინოსანმა უპასუხა: თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მიტინგს ძალით მაინც დაშლიან, თქვენს სახლს ააფეთქებენ, თქვენს ოჯახს ფიზიკურად განადგურებენ, საბოლოოდ კი, თქვენც იგივე ბედი გელითო.
როდესაც დარბევა დაიწყო, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თავიანთ ადგილებზე რჩებოდნენ, ანუ ტრიბუნაზე. რაღაც დროს, როდესაც ნიჩბებიანმა და მომწამვლავი ნივთიერებებით მოიერიშე ჯარისკაცებმა მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის დიდი ნაწილი დაიკავეს, ორივე ლიდერი ახალგაზრდებმა გამოარიდეს იქაურობას და ფილარმონიისკენ წაიყვანეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ დიდხანს არავინ იცოდა. მერაბ კოსტავა დააკავეს 9 აპრილს, დილით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც მან სცადა ჩაეტარებინა მცირე საინფორმაციო მიტინგი.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, იგი თავის სახლში აიყვანეს უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა და სამხედროებმა. მათ დაახლოებით დილის 8 საათზე პრაქტიკულად შემოამტვრიეს კოლხური კოშკის კარები. უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა უხეში ფორმით დააკავეს ზვიად გამსახურდია, მას აგინებდნენ და აფურთხებდნენ. შემდეგ რუს მედესანტეებს, რომლებსაც პოზიციები ჰქონდათ დაკავებული მისი სახლის ჭიშკართან, უთხრეს: „აი, ეს არის გამსახურდია, უმთავრესი მოღალატე, ხალხისა და სახელმწიფოს მტერი! გადაუარეთ მას!“ ჯარისკაცებმა ზვიად გამსახურდიას ცემა დაუწყეს. შემდეგ იგი ორთაჭალის იზოლატორში მოათავესეს. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გარდა, დააპატიმრეს გიორგი ჭანტურია და ირაკლი წერეთელი. დაპატიმრებულთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.”
კომენტარებში, კონსტანტინე, წერს:
“მეგობრებო, რამდენადაც ამ პოსტის განხილვაში ყველა მონაწილესთვის მართლაც აუტანელი გახდა ამ ორი ფსიქიატრიული შემთხვევის და თან ნაძირალას ბოგინი აქ, ვგულისხმობს მაია ფანჩულიძეს და მის გოგოს, ირინას, (ორივე Batiashvili-ს გვარით დარეგისტრირებული) რომელთაც პირდაპირი გაგებით სიბინძურის და სიმყრალის იშვიათი ორომტრიალი დააყენეს, როგორც 90-იანების ხუნტის და საბჭოთა კაგებეს მოხალისე რუპორებმა, სადაც ფაქტსაც და არგუმენტსაც აზრი დაუკარგეს, გადავწყვიტე: სიტყვის თავისუფლება მავანი ტვინ- და ზნეობაგამრუდებული ადამიანის ხელში შესაძლოა სრულ აღვირახსნილობაში გადავიდეს. თან რამოდენიმეჯერ გავაფრთხილე, დავრჩი რა ბოლომდე კორექტული. ყველა ის, ვინც ნებისმიერი ფორმით შეურაცხყოფა მიაყენა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და მის ოჯახს და ამ დამღუპველ გზას დაადგა, ჯანდაბაში წასულა!”
კომენტარები