თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია.
– რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში პოზნერისადმი საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციას?
– პოზნერს რუსეთში აღიქვამენ, როგორც უფრო პროამერიკელს, ლიბერალს და ისეთი მკვეთრი რეაქცია ამის გამო არ ყოფილა. თუმცა, ზოგადად, ეს გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ რუსებს მოუწოდონ, არ წავიდნენ საქართველოში. თუ 150 მილიონიან რუსეთში შეიძლებოდა ყველაზე დიდი ლიბერალი გეპოვნა, ვისაც უფრო პროქართული პოზიცია უჭირავს, ეს იყო პოზნერი და პოზნერს ეცნენ. ბევრ რუსს კიდეც გაუხარდა, რომ პოზნერს ასე დახვდნენ. ეს იყო დარტყმა ლიბერალურ რუსეთზე, რომელსაც საქართველოს სიყვარული ზუსტად მაგის გამო აქვს, რომ საქარველოში ხედავენ პუტინის საწინააღმდეგო მოქმედებებს. ეს აქცია პოზნერის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული… ესენი ეძებდნენ მიზეზს. გადაეღოთ ეს ყველაფერი და რომ წავიდოდა და დაჯარიმებული არ იქნებოდა პოზნერი, მოეთხოვათ მერე ხელისუფლებისთვის პასუხი. მისულიყო პოზნერთან ელენე ხოშტარია და ეცადათ ინტერვიუს აღება და პასუხის მიღება აფხაზეთთან მიმართებაში – აი, ეს არის ცივილური ფორმა, თუ შენი ქვეყნისთვის ფიქრობ. პოზნერის წინააღმდეგ აქციას აქვს 2 კონკრეტული მიზანი, ერთი – ხელისუფლებას რომ შეუქმნან სირთულეები და მეორე – რუსეთის წინააღმდეგ. ამ ჯგუფს არ უნდა, რომ რუსი ტურისტი შემოვიდეს. ამ ხალხს უნდა რუსეთთან ურთიერთობა აღარ იყოს და ხელისუფლებას შეექმნას პრობლემები. პირველ რიგში, ვკიცხავ ხელისუფლებას. ხელისუფლბამ, როგორც ყოველთვის, უტვინობა ჩაიდინა, როგორც „გავრილოვი“ ვერ გათვალა კობახიძემ, ახლაც ასევე ვერ გათვალეს. თუ ასეთი სტუმარი ჩამოდის და ხელისუფლება იყო საქმის კურსში, მათვე უნდა ეთქვათ, ნუ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც არ იქნება კანონის ფარგლებში. ოპოზიცია იმისთვისაა, რომ შეგიქმნას პრობლემა, შენ ნუ მისცემ საფუძველს. მით უფრო, რომ განწყობა რთულია და ამას თუ ვერ ხვდები, ესე იგი არა ხარ ხელისუფლება. მე პირადად, უნდა გამოვთქვა ჩემი ვარაუდი და შიში, იმ კატეგორიამ, (ვგულისხმობ ე.წ. ოპოზიციას), რომელიც ასეთ „პოზნერებს“ აწყობს. ჩვეულებრივი რუსის მიმართაც, შესაძლოა სცადოს მსგავსი და უფრო მძიმე რამ მოხდეს, არ გამოვრიცხავ ლეტალულ ინცინდენტსაც რუსის მონაწილეობით, რაც ცუდ შედეგს გამოიწვევს. ხვალ და ზეგ რუსს იპოვნიან სადღაც, იტყვიან, რომ რესტორანში ცუდად იქცეოდა, გადაიღებენ ვიდეოს და შეიძლება მკვლელობაც მოხდეს. მზად არიან ამისთვის – ეს აზრი დევს მაგ ღონისძიებაში – ეს დავინახე!
– ამბობენ, რომ შესაძლოა, პოზნერისადმი პროტესტს მოჰყვეს რუსეთში მცხოვრები ქართველების შევიწროება – რამდენად რეალურია ეს შიში?
– არა. ქართველები აღარ არიან აქ. აქ ვინც არიან, აღარ წარმოადგენენ ღია ჯგუფებს. რაც უნდოდა სააკაშვილს, მიაღწია. ამოძირკვა აქედან ყველაფერი ქართული, რუსული ბიზნესიდან ამოვარდნენ ქართველები, მომსახურების სფეროშია რაღაც ჯგუფი შერჩენილი. ხაჭაპურის დაცხობას და ხინკლის მოხვევას რომ უზბეკები დაიწყებენ – ესე იგი, ბევრი რამ დასრულდა.
– რატომ გგონიათ, რომ შესაძლოა რუსი ტურისტიც დადგეს საფრთხის ქვეშ? მე ვნახე 20 ივნისის მერე ჩამოსული რუსი ტურისტები, ზოგი აქციაზეც კი გავიდა და ქართველებთან ერთად გააპროტესტა პუტინის პოლიტიკა, ახლა რა იცვლება?
– ჩემი ყოფილი მოადგილის და ყოფილი მინისტრის გლამურულმა მეუღლემ სოციალურ ქსელში დაწერა, მოდი კანონი მივიღოთ, 30 წელზე უფროსი ვინც არიან რუსები, არ შემოვუშვათ საქართველოშიო… ის თვლის, რომ 30 წელზე უმცროსები ვინც არიან, ანტიპუტინისტია – ისიც ასე ჰყოფს რუსეთს… კარგით რა, პუტინი არის რუსეთი დღეს, სწორად ასახავს დღეს პუტინი რუსეთს, გაიგეთ. საქართველოს არ მოსწონს და თვლის, რომ რუსეთის პოლიტიკა ოკუპაციურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთში არ მოსწონთ. რუსეთის ინტერესია, რომ ეს იმპერია არსებობდეს და ვითარდებოდეს – ამ ფუნქციას კი პუტინი ასრულებს! პუტინის და რუსეთის გაყოფა – ხელოვნურია. ისევე, როგორც რუსოფობიური დამოკიდებულება ჩვენი პრობლემაა. არ შეიძლება გეოპოლიტიკური საკითხი ტურისტის დონეზე დავიყვანოთ. თუ არ გვინდა რუსეთი, მაშინ, ზოგადად ვთქვათ უარი და საერთოდ არ შემოვუშვათ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. რუსეთში 100 ათასი კაცი მაინცაა დარჩენილი ქართველი, ვისაც მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ესე იგი, შენი ეთნიკური ქართველიც არ გინდა შემოუშვა? რუსულ ვაქცინას არ გავიკეთებო და მაცივარი გამოაღეთ, ხალხო, კანფეტები, რძის პროდუქტები, შაქარი, ხორბალი… 95 პროცენტი რუსულია, ელექროენერგიის 70 პროცენტი რუსული კომპანიისაა… რუსეთმა დაუჭირა მხარი სეპარატიზმს და ჩვენ როგორმე უნდა დავარწმუნოთ რუსეთი იმაში, რომ იქცეს შუამავლად, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები და ეს რეგიონები დაბრუნდნენ საქართველოს წიაღში. ეს არის რაციონალიზმი, დანარჩენი, ყველაფერი არის ემოცია. მსახიობი ვნახე, საუბრობდა ინგა გრიგოლიასთან, კახა გოგიძე, ხელში კრიალოსანით, საყურით და ბიჭო, ჩემი სამშობლო – ძარღვების დაჭიმვა… აგერ დგანან 30 კილომეტრში და თეატრში კი არ უნდა მატრაკვეცობდე, წადი და ებრძოლე. ამ ემოციებზეა მთელი ერი. გამოცვივდნენ ახალგაზრდები, გრიბოედოვის ძეგლს მიაწერეს რაღაცები… ძეგლებს დაუწყეს ბრძოლა და ომი… ხვალ შეიძლება გრიბოედოვის საფლავსაც მიადგნენ და ნინო ჭავჭავაძეც მიაყოლონ, რადგან არ იციან, რომ ნინო ჭავჭავაძე მისი მეუღლეა, ერთად არიან დაკრძალულნი და იქედან დაიწყო საერთოდაც პანთეონი… სიბნელე და ემოციებია წინ, ამიტომ მაქვს ის შიში და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობს ქალბატონი ხოშტარია, რომელმაც მოსკოვში მიიღო განათლება პრიმაკოვის კვოტით. პრიმაკოვის წრის „პროტეჟე“ იყო…
– ყოფილმა პრემიერმა გახარიამაც მოსკოვში მიიღო განათლება, მეტიც, ბევრად მეტი დროით ცხოვრობდა მოსკოვში და არ ვიცი, საქმით რას აკეთებს, მაგრამ კი გვარწმუნებს, ევროკავშირს ვუყვები, როგორი ოკუპანტია რუსეთიო.
– მე არ ჩავუთვლიდი რუსეთში განათლების მიღებას მინუსად ხოშტარიას, ასე რომ არ იქცეოდეს. მე გახარიასაც ჩავუთვლი ამას მინუსად, როდესაც მოსკოვში იყავი 2011 წლამდე, 2011 წლამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? თუ შინაგანი განწყობა ასეთი გაქვს, რა გინდოდა აქ? – აბა, მაშინ სად წავსულიყავი? – ეს არ არის ზნეობა და მორალი. ყველა მოდის და გისვამს ამ პრიმიტიულ კითხვას – არის რუსეთი ოკუპანტი? – მე გითხარი, რომ კი, მერე რა? ან მე კარგი გავაკეთე, ან შენ საკითხი გადაწყვიტე, თუ რა? თუ დისკუსია გვაქვს, უნდა ვთქვათ, რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა სეპარატიზმს და რატომ აღიარა ეს რეგიონები და როგორ შემოვატრიალოთ ეს პროცესი? რუსეთს არც ერთი ლოგიკით არ უნდა აწყობდეს სეპარატიზმის მხარდაჭერა, იმიტომ რომ თვითონაა ფედერაციული სახელმწიფო! რატომ გააკეთა რუსეთმა ის, რაც არასოდეს უნდა გაეკეთებინა??? მე ვთვლი, რომ გახარია მოხვდა პოლიტიკაში და აყვა ტრენდს. პოლიტიკა არ არის რეალობის ასახვა და ძახილი, პოლიტიკა არის ახალი რეალობის შექმნა, რომელიც შენ გაწყობს.
კომენტარები