თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია.
– 2012 წელს, ხალხს უთხრეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იმიტომ ვერ იბრუნებდა აფხაზეთსა და ოსეთს, რომ პუტინის ლანძღვით იყო მხოლოდ დაკავებული, თქვეს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, ხალხმა მისცა ხმა „ოცნებას“ – თუმცა, მას შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება აღარავის გახსენებია.
– რატომ ვერ დაიწყეს მოლაპარაკება, იცით? ბიძინა ივანიშვილიც ამ ტრენდის და პოლიტიკური ბულინგის გავლენის ქვეშ მოხვდა. საქართველოში არ არსებობს დეპუტატთა ჯგუფი, რომლებიც ამ თემაზე აქტიურად ილაპარაკებს, რუსეთში აქტიურად იმოძრავებს. ჩამოდიოდა „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ისიც ამ ბულინგის ქვეშ იყო. ვერ ბედავდნენ, რაღაცას გასცდენოდნენ. პრემიერი რომ იტყვის, რუსეთი ოკუპანტიაო, ხვალ რუსეთი მასთან მოსალაპარაკებლად არ დაჯდება.
– ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპანტია…
– გიხსნით. პოლიტიკა არ არის რეალობის აღწერა, პოლიტიკა არის ახალი რეალობის შექმნა. ეს იძახოს მწერალმა, პოეტმა. პრემიერი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, მერე მას აღარ დაელაპარაკებიან. შენ უნდა გადაწყვიტო საკითხი, ახალი რეალობა უნდა შემიქმნა, თორემ, რა რეალობაა, იმის დადასტურება რად მინდა.
– სააკაშვილის დროს, პირდაპირ კონტაქტობდა ქართული მხარე აფხაზებთან და ოსებთან, მცირე კონფლიქტების დროსაც პირდაპირი ხაზი ჰქონდათ, პირდაპირი ხაზი მოქმედებდა 2008 წლის ომის შემდეგაც, ტყვეების დაბრუნება/გაცვლის საკითხში მაგალითად და დამატებით მოქმედებდა ევროკავშირის ხაზი – 2012 წლის მერე მხოლოდ ევროკავშირის და წითელი ჯვრის ხაზი მოქმედებს, პირდაპირი კონტაქტი დამთავრდა… როგორ გგონიათ, რატომ?
– კარგი კითხვა დამისვით, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას რუსეთთანაც შეეძლო პირდაპირი, ჩუმი კონტაქტები ჰქონოდა და ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, იმიტომ რომ მათ ხელისუფლება ჰქონდათ კონცენტრირებული. ვანო მერაბიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, ფული არ ყარს, მერე რა, რომ რუსული ფულია, დიახაც მოვიდნენ და დახარჯონო! აბა, გამოვიდეს ახლანდელი პრემიერი და თქვას იგივე! გაიმეოროს, აბა, ის რასაც მერაბიშვილი ამბობდა – ხომ ვერ იტყვის? – ამაშია საქმე.
– თქვენი ხელისუფლების დროს თუ იყო მოლაპარაკება რუსეთთან?
– ჩემი ხელისუფლების დროს საუბარი დაწყებული იყო, პროცესი მიდიოდა. მე თუ ჩემ კოლეგასთან მჭიდრო კონტაქტი მქონდა, სამაგიეროდ, თავდაცვის მინისტრს ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა თავის კოლეგასთან. მრავალშრიანი პროცესია, მიდიოდა ეს პროცესი წინ. რატომ გამომიძახა მე ერთხელ შევარდნაძემ პანკისიდან, როცა სოჭის მოლაპარაკებებიდან ჩამოვიდა და სასწრაფოდ რატომ გამიშვა მოსკოვში? რუსებიც უკვე არჩევდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობოდნენ მოლაპარაკებებისას. არ მიწყენს დათო თევზაძე, ის ვერ წავიდოდა მოსკოვში, დათო თევზაძეს ეჭირა გაბრაზებული ტონი, მესმის, მისი აზრით, რუსებს ეომებოდა აფხაზეთში, მაგრამ შენ ის დათო თევზაძე კი აღარა ხარ, რომელიც აქეთ მხარეს არტილერიას ხელმძღვანელობ, მინისტრი ხარ, რომელმაც პრობლემა უნდა გადაწყვიტოს.
– პუტინს შეხვდით მაშინ, რაზე ისაუბრეთ?
– პუტინთან საუბარი გვქონდა კონკრეტულ ტერორისტებზე, რომლებიც პანკისის ხეობაში იყვნენ. ისინი ითხოვდნენ დახმარებას, გვითხრეს, თუ ამერიკელებს ეხმარებით, ჩვენც დაგვეხმარეთ კონკრეტული ტერორისტების განეიტრალებაში – რაშიც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ჩვენ მაშინ საქმით დავუმტკიცეთ რუსეთს და ამერიკასაც, რომ მათი თანასწორი პარტნიორები ვართ. სოჭის მოლაპარაკების შემდეგ რომ მოსკოვში დავბრუნდი, სოხუმსა და ცხინვალზე ვიწყებდით მოლაპარაკებას, მაგრამ მერე დაიწყო ზაფხული, მერე წინასაარჩევნო პერიოდი, მერე სოჭის მოლაპარაკება და შევარდნაძე კი არა, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, მეორე დღეს ომი დაიწყო და არც ინგა და მურტალო არავის ახსოვდაო, ეგეთი სიტუაცია შეიქმნა. ახლა ხომ სრული სიცარიელეა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში! აღარ არსებობს ქართული ლობი რუსეთში, ბიზნესმენთა ის ჯგუფი, რომელიც რაღაცა ამინდს ქმნიდა.
– და მაინც, რუსეთი არ ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობების დაწყებას და რამის გაკეთებას საერთოდ, რატომ?
– ჩემი აზრით, რუსეთს გადაწყვეტილი რომ ჰქონდეს საბოლოოდ მტრობა და აგრესია, სოხუმისგან ბათუმის გაკეთებას არაფერი უნდა, ერთი დავალების გაცემაა საჭირო. თუმცა, აფხაზებთან ურთიერთობა ასე ადვილი არ არის, იმათაც ჰყავთ თავიანთი მოოპოზიციო ელემენტები და პირდაპირ რომ ვთქვათ, მოსკოვის კაცი შეცვალეს ახლა… მე მაინც შორეულ გათვლას ვუკავშირებ ამ ამბავს… რუსეთმა რომ ააყვავოს ეს ორი რეგიონი, ჩათვალეთ, რომ ეს უფრო მძიმე, შეუქცევადი პროცესი იქნება საქართველოსთვის. აყვავებულ აშენებულ სოხუმს, უფრო სათავისოდ მიიჩნევენ და აღარ დათმობენ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ იწყებს ამ პროცესს…
კომენტარები