თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტი, უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია.
– ევროკავშირმა ორი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მოლაპარაკება შედეგიანი გაეხადა, ოპოზიცია პარლამენტში ისევ არ შედის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა საკონსტიტუციო უმრავლესობას საჭიროებს, რომელიც არ გვაქვს, პარტნიორები ითხოვენ თანაბარ ძალებს, რომელიც ასევე არ გვაქვს, შიდა პროცესებია მმართველ გუნდშიც, გიორგი გახარია აშკარად იწყებს უკვე მზადებას – როგორ გგონიათ, იქნება ვადამდელი არჩევნები?
– მორიგი ეტაპი იქნება ამერიკელების აქტივობა, ამერიკელების აქტივობას ხელისუფლება ვერ გაუძლებს, აი, ევროპელების აქტივობა დაძლია ხელისუფლებამ და თავისი სიჯიუტე გაიტანა. შინაგანად მე ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერ ხელისუფლების ამ ხისტ პოზიციას – მე ვთვლი, რომ უნდა დათმოს პოზიციები, რადგან ხელისუფლებას ახლა აქვს რამდენიმე სერიოზული პრობლემა:
1. არჩევნებთან მიმართებაში – ვერ აჩვენა ხელისუფლებამ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ამბობენ, გთავაზობთ, კომისია შექმნათო, მაგრამ „ალიასთან“ ინტერვიუში ვთქვი ზუსტად, გაეხსნათ არჩევნების შემდეგ, ელჩების თანდასწრებით, არჩევითი პრინციპით, 20 უბანი, გადათვლას დასჭირდებოდა 2 საათი დაახლოებით. თუ დაემთხვეოდა 18-19 უბნის შედეგები, დამტკიცდებოდა, რომ არ გაყალბდა არჩევნები. იტყვიან ახლა, რატომ უნდა გაეკეთებინა ესო, მაშინ ახლა რატომ სთავაზობს კომისიის შექმნას? ესე იგი უნდა გაეკეთებინა. თუ არსებობს ეჭვი, ხელისუფლებამ უნდა გააბათილოს. ევროკავშირმა დაადასტურაო, ისინიც ხომ იცით, როგორი ჭრიჭინით ადასტურებენ? ხელისუფლებამ რეალურად ვერ დაადასტურა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
2. ხელისუფლებას აქვს უდიდესი პრობლემა და ეს პრობლემა არის ევროპის და ამერიკის პრობლემაც – დღეს ევროპა და ამერიკა ბელორუსს სანქციებს უწესებს, რადგან მათთან დაკავებულია ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი! რა ხდება ამ დროს საქართველოში რომელიც „დემოკრატიის შუქურაა“ რეგიონში? აქაც დაკავებულია ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მელიას უნდოდა შეჭრა-შემოჭრაო, თუ უნდოდა შეჭრა, შეჭრის ადგილზე უნდა დაეკავებინათ. არჩევნებში მიიღო მაგის მერე მონაწილეობა, დეპუტატი გახდა… ფული რომ არ გადაიხადე, ამის მერე შენი ოფისიდან აგიყვანეო… ხოდა, ევროპას და ამერიკას გამოაცალეს სასაუბრო ლუკაშენკოსთან, მთავარი კოზირი დაუკარგეს…
3. ხელისუფლების კიდევ ერთი პრობლემაა პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და ეკონომიკა… არ არის ჯანდაცვის მინისტრი კარგი და სწორი მენეჯერი, როგორც ჩანს და არ შეიძლება შეცვალონ და სწორი მენეჯმენტი გაკეთდეს? შეიძლება, იმიტომ რომ ერის ჯანმრთელობაზეა საუბარი. მთელი ერი იქცა ანტივაქსერებად. ბულინგი დაჭირდა ჯანდაცვის მინისტრის აცრის გასაკეთებლად, მაშინ როცა თვითმფრინავშივე უნდა გაეკეთებინა ვაქცინა, რა წამსაც ჩამოიტანეს, იქვე… მთავარია ასევე ეკონომიკა, რომლის მინისტრი არ ჩანს საერთოდ. ნამახვანჰესზე, მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ კი, უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა იყოს დაცული სამართლიანობა, ეკოლოგიური და ბიზნესინტერესების თვალსაზრისით. გახარიას დროს არ იყო, პანკისის ხეობაში ჰესის აშენება რო შეჩერდა? პანკისელებს ვერ უბედავენ და აქეთ უკვე ძალადობენ. სამწუხაროდ, აქეთა მხარესაც, რაღაცა ნაწილია ისეთი, რომ ოღონდ არაფერი აშენდეს… აი, ჩვენ რომ ახლა ხუდონჰესი გვქონდეს აშენებული, ბევრად წინ ვიქნებოდით. ცხონებული ზურაბ ჟვანიას და მწვანეთა მოძრაობის კისერზე არ არის ხუდონი რომ არა გვაქვს აშენებული? მე არ ვიცი დეტალები, მე რაც არ მომწონს, ვგრძნობ, რომ ამ თურქულ კომპანიას ჭარბი პრივილეგიები შეუქმნეს. კი არ დაეზარათ მუშაობა, არ შეუძლიათ მუშაობა და ვერ პოულობენ ინვესტორებს. სიანვესტიციო მუშაობა საქართველოში -ნოლია. ანაკლიის საქმე თუნდაც – სრულად გამოჩნდა ხაზარაძის სისუსტე, მან ვერ შეძლო ინვესტორების დარწმუნება. ხელისუფლება თუ ბიუჯეტით იქნება გარანტირებული, მასეთ ინვესტორს იცით, რამდენს მოგიყვანთ? მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანას ეკონომიკა არა აქვს და ეკონომიკის მინისტრი რეალურად არ ჰყავს!
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ამ ფონზე, მგონია, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიტანს თავს ბოლომდე, ასეთი „პოზნერები“ მრავალია კიდევ წინ. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, წვიმის წვეთი შეიძლება იქ არ დაეცეს, სადაც უნდა დაცემულიყო და ამაზე შეიძლება ატყდეს მთელი ამბავი. ევროკავშირის ხელმოცარულობას ამერიკა გარედან აკვირდება. მე ვფიქრობ, კიდევ ერთი ასეთი გამწვავება, ასეთი „მოპოზნერო“ ამბავი მოხდება და ამერიკელები კიდევ უფრო მეტი დიქტატით ჩაერევიან და ხელისუფლებას აიძულებენ წავიდეს დათმობებზე. ეს შეეხება არჩევნებსაც, ე.წ. პოლიტპატიმრებსაც, რომელთა შორის არის მელია, მელია არის პოლიტპატიმარი, რურუაც, ვის რა აქვს ჩადენილი უნდა ამტკიცონ, მაგრამ როცა მაშინ არ იჭერ როცა დასაჭერია და მერე იჭერ, როცა შენ არ მოგწონს და გიქმნის პრობლემას, აი, ამის გამო, რურუაც პოლიტიკური პატიმარია.
– სავარაუდოდ, კადრები გამოქვეყნდება, რომლის გამოქვეყნებაზეც ჯერ არ არის თანხობა გაცემული, თუმცა, მას შემდეგ რაც მოლაპარაკებები ჩაიშალა, თანხმობა გაიცემა მის გამოქვეყნებაზე და სწორედ ამის შემდეგ ჩაერევა ამერიკა. ამერიკა თუ მოაგვარებს კრიზისს, ევროპა ძალიანაც ხომ არ გაგვებუტება?
– მაშინ ეს კადრები ახლანდელი უნდა იყოს და ვინ აკეთებს ახლანდელ კადრებს? ჯერ ახალი კადრები არ გამოჩენილა. არ ვიცი, დღეს ხელისუფლება თავად არის შერყეული და ნებისმიერი თემა შეიძლება აგორდეს, კი. შეიძლება რაღაც გამოაგდონ. ვნახოთ. რაც შეეხება ევროპას, ევროპა ვერ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ საქართველო მოიძულოს. ისინი ჩიხში არიან. ძაან მიტოვება გამოვა მაშინ საქართველოს და თავად შექმნიან მაშინ იმ ნიადაგს, რომ რუსეთი მძლავრობდეს და ამას არ დაუშვებენ. ფაქტია, რომ საკითხებს თავად ვერ წყვეტს, მე ვფიქრობ, ეს უფრო ამერიკისთვის გათამაშება გამოდის და ამერიკა გადაწყვეტს საბოლოოდ რაღაც საკითხებს. საერთო ჯამში, ევროპის და ამერიკის უუნარობა ჩანს ჯერჯერობით საქართველოში. მე მაგალითად, მომხრე ვარ, ამერიკამ აქტიური ბიზნესმონაწილეობა მიიღოს საქართველოში, თუ გვიყენებენ და, ბოდიში და, გვხმარობენ რუსეთის გასაბრაზებლად, ამისი სათანადო კომპენსაცია მაინც მოგვცენ. გვეხმარებაო, რითი? არაფერსაც არ გვეხმარებიან, ჩვენ ვართ გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისა და ამის კომპენსაცია არის – 0. გარდა ინსტიტუციონალური ხარჯებისა, მეტი არაფერი ხდება. ერთი ამერიკული ცენტი მითხარით ქართულ ეკონომიკაში.
კომენტარები